
ამ ფოტოსა და მის მადლიან სიცილში ჩანს მთელი მისი ხასიათი
ამ სახელის წაკითხვისას ჩემი მკითხველების უმრავლესობას სითბო ჩაგეღვრებოდათ გულში. ახლა მოდაშია ყველაფერ იმის კრიტიკა და არ მოწონება, რაც ხალხს მოსწონს და უყვარს. მათ შორის ამ მწერლისაც. ხოდა მე მივიღე გადაწყვეტილება ყურადღება არ მივაქციო ასეთ ხალხს და მშვიდად გავაგრძელო ამ არაჩვეულებრივი მწერლების სიყვარული.
ჩემი და ნოდარ დუმბაძის “ურთიერთობა” ძალიან ადრეულ ბავშვობაში დაიწყო. 3 წლისამ კითხვის სწავლა დავიწყე და 4 წლის უკვე გამართულად ვკითხულობდი. მოგეხსენებათ ბნელ 90-იანებში დაბადებული ვარ და ისიც იცით რა პირობებში გავიზარდეთ მე და ჩემი თაობის ბავშვები. ამ ბნელ, ცივ, უშუქო და უგაზო პერიოდში ჩემი მშობლები მაინც არ მაკლებდნენ სულის საზრდოს და მამამ ნოდარ დუმბაძის ლექსების კრებული მაჩუქა, რომელიც ფერად-ფერადი სურათებითა და აპლიკაციებით გაფორმებული სულაც არ ყოფილა, როგორც ახლა გამოსული წიგნების უმრავლესობა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პატარა ვიყავი მაინც ბეჯითად შევუდექი ამ ლექსების კითხვას და მალე ზეპირადაც ვისწავლე. სამწუხაროდ დროთა განმავლობაში დამავიწყდა და დღეს ერთიც კი არ მახსოვს.
გავიდა 3-4 წელიწადი და ერთხელაც დავინახე დედაჩემი როგორ კითხულობდა რაღაც წიგნს და თან იცინოდა. რომ ვკითხე რა აცინებდა არ მიპასუხა, დამპირდა დღეს დავამთავრებ ამ წიგნს და მერე გათხოვებო. ეს წიგნი იყო “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი”. იმ დღიდან მოყოლებული დღემდე ვერც კი დავითვლი რამდენჯერ მაქვს წაკითხული ეს რომანი. ბოლოს 3-4 დღის წინ წავიკითხე. ჩემი სამაგიდო წიგნივით არის, როდესაც ცუდ ხასიათზე ვარ დუმბაძეა ჩემი მხსნელი.
მის თითოეულ ნაწარმოებს, იქნება ეს რომანი თუ პატარა მოთხრობა მხოლოდ ერთი წაკითხვით ვერ ამოწურავ და ყოველ ჯერზე ახალს აღმოაჩენ, ყველა ასაკში სხვადასხვანაირად გაიგებ. პრინციპში ყველა წიგნი ასეა, მაგრამ ნოდარის ცრემლნარევი იუმორი მაინც განსაკუთრებულია.
სულ არ მრცხვენია იმის აღიარება, რომ ძალიან ბევრი ვიტირე ბებიას, ბეჟანას, ბატონი ისიდორეს, კუკარაჩას სიკვდილზე, ზაზას დედის დაბრუნებაზე, ცირას იმედგაცრუებაზე, ხატიას სხივჩამქრალ თვალებზე, ბეღურაზე, რომელიც მიმინომ იმსხვერპლა, იანგულზე, სოსოიას რუსისა და შვილმკვდარი ლუკაიას დიალოგზე, ჯარისკაცებისთვის დაუნანებლად გაღებულ ნაბადზე, ჩექმებსა და წინდებზე და ა.შ. რა დასანანია ყველაფერს რომ ვერ ვიხსენებ და ვერ ვატევ 
არც იმას დავმალავ, რომ ძალიან ბევრი ვიცინე ილიკოსა და მის განძზე, მურადას სიკვდილზე გამოგზავნილ დეპეშაზე, რომულისა და ზურიკელას დაწერილ წერილზე, რომელიც ოლღას მიუვიდა, უგერგილო გიგილოზე. ამ ყველაფრის ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს, მე კი თქვენს თვალებსა და ნერვებს ვუფრთხილდები.
მგონი ერთადერთი ნაწარმოებია რომელიც არ მაქვს წაკითხული და არც კი ვიცი რატომ. “მარადისობის კანონი” ახლა მომიტანა ისევ მამაჩემმა და დარწმუნებული ვარ დიდი სიამოვნება მელის წინ, იმდენად დიდი, რომ სტენდალს დროებით გვერდით გადავდებ და ამას ჩავუჯდები.
ასეა, იმაზე წერა ყოველთვის მიჭირს, რაც უზომოდ მიყვარს, როგორ მინდოდა მთელი სათქმელი ჩამეტია ამ პოსტში, მაგრამ ვერ შევძელი და ვერც ვერასოდეს შევძლებ იმ ყველაფრის თქმას, იმ ემოციების გადმოცემას, რასაც მე ვგრძნობ მისი კითხვის დროს. ნოდარ დუმბაძე ზოგისთვის სიცილთან ასოცირდება ჩემთვის კი ეს არის მწერალი, რომელიც წერდა ყველაფერზე, რაც აწუხებდა. მისი ნაწარმოებები სიკეთით, სიყვარულით არის გამთბარი და ასე იქნება ყოველთვის სანამ მას მკითხველი და დამფასებელი ეყოლება და ეს სულ ასე იქნება.
დღემდე საამაყოდ მაქვს ის, რომ ნოდარ დუმბაძე ჩემთან სახლში ყოფილა და თურმე ჩემს ოჯახთან მეგობრობდა კიდეც. როგორც ბაბუაჩემისგან ვიცი გადმოცემით, ჩემს სოფელში იყო ჩამოსული და დარკვეთელ კოლორიტებზე დაწერასაც გეგმავდა, მაგრამ სამწუხაროდ არ დასცალდა. მე კი გულში ხინჯად მაქვს, რომ ვერ მოვესწარი მის სიცოცხლეს და გაცნობის შესაძლებლობა არ მომეცა. ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, მაგრამ მაინც.
თქვენ კი, ძვირფასებო, არასოდეს მოუსმინოთ სხვებს და იკითხეთ და მოიწონეთ ის, რისკინაც გული მიგიწევთ, იქნება ეს დოჩანაშვილი და დუმბაძე თუ ნიცშე და დაიმახსოვრეთ მშვენიერება უბრალოებაშია 
პ.ს. ბლოგზე მოდერაცია მაქვს ჩართული და უწმაწური კომენტარების დატოვებით და ჩემი ლანძღვით თავს ნუ შეიწუხებთ, ვისწავლე როგორ არ მოგაქციოთ ყურადღება 
Like this:
20 bloggers like this post.