Category Archives: გარემო

მე მოსაწყენი გრაფინია ვარ

მე მოსაწყენი და ერთფეროვანი გოგო ვარ.
რატომ? ჩამოვთვლი მიზეზებს.


მე არ ვცდილობ ახალგაცნობილი ბიჭის მოხიბვლას (შებმას) განსაკუთრებული მეთოდებით, საერთოდ არ ვცდილობ პრინციპში.მე ნაკლებად  ვლაპარაკობ ინტიმურ და პიკანტურ თემებზე საჯაროდ, არც მეგობრებთან და საერთოდ არავისთან.

ყველაფერი მწყინს და მერე ვტირი. ისე ხშირად რომ დაიღლება ადამიანი ჩემი ყურებით.
მინდა, რომ სულ მაქებდნენ. არ მიყვარს როცა ჩემში რამე ნაკლს პოულობენ და მითითებენ. ვიცი რომ ჯანსაღი კრიტიკა კარგია, მაგრამ უსიამოვნოა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ არ ვიღებ მას.

კატასავით ვარ, მიყვარს, როცა მეფერებიან და თავზე ხელს მისმევენ, მაგრამ სამწუხაროდ ყოველთვის ასე არ ხდება და ეს ფაქტიც ცუდ ხასიათზე მაყენებს.

არ ჩავდივარ სიგიჟეებს. პირიქით, ამ ბოლო დროს ძალიან გაწონასწორებული გავხდი. მაგალიTისთვის არასოდეს მიცეკვია ქუჩაში, განსაკუთრებით მაშინ თუ ბევრი ხალხია. თუმცა წვიმის დროს გუბეებში ვჭყაპუნობ ხოლმე, მაგრამ ვერავინ მხედავს :)  დიდი სურვილი მაქვს იმის, რომ თუნდაც ერთხელ რამე ასეთი სისულელე გავაკეთო და არ ვიფიქრო შედეგზე, მოვეშვა, თორემ ნაადრევად დაბერებული მგონია ჩემი თავი.
მიყვარს კითხვა, კინო, მუსიკა და მხატვრობა. არა, ეს ძალიან კარგია, მაგრამ ვცდილობ ყველას ამ თემებზე ველაპარაკო და ზოგჯერ უხერხულ მდგომარეობაში ვაგდებ ადამიანებს და ხშირად ისინი “გამირბიან”.  ნუ, ეს ჩემი ბრალია, როგორც სხვა დანარჩენი.


მიყვარს სევდიანი მუსიკის მოსმენა, განსაკუთრებით მაშინ თუ ცუდ ხასიათზე ვარ. არადა პირიქით არ უნდა იყოს? უფრო მხიარულს არ უნდა ვუსმენდე? ყველა ნაბიჯს ძალიან ვუკვირდები და არ ვმოქმედებ ექსპრომტად. მოსაბეზრებელია. მარტო ყოფნა შემიყვარდა. უფრო მეტს ვფიქრობ, უფრო თავისუფლად ვარ და თავსაც კარგად ვგრძნობ, მაგრამ… ესეც მოსაწყენია სულ ვიცინი, მთელი დღის განმავლობაში, მაგრამ ეს სიცილიც არ არის გულიდან წამოსული და ძალდატანებითია. 
და ბოლოს, მივხვდი რომ ასე ცხოვრება მომბეზრდა, ყველაფერი ერთფეროვანია და დროა რაღაც შევცვალო, მაგრამ არ ვიცი რით დავიწყო. ჰოო დეპრესიაში ვარ მე მგონი და არც თმის შეჭრამ მიშველა. სანამ მოვიფიქრებ რა ვქნა და რით გავხალისდე მანამდე ისევ ასე ყოფნას გავაგრძელებ.p.s. ეს პოსტი იმისთვის არ დამიწერია, რომ შემაქოთ, მართლა :D

როგორ მომნატრებიხარ პატარა

როგორ მომნატრებია ბავშვობა…

18 წლის ვარ. წელს ჩავაბარე და პირველ დამოუკიდებელ ნაბიჯებს ვდგამ ცხოვრებაში. ვიცი ყველაზე კარგ ასაკში ვარ, არც ისე დიდი დრო მაშორებს ბავშვობასთან, მაგრამ მაინც მენატრება. ნელ-ნელა მემატება პასუხისმგებლობა პირველ რიგში საკუთარი თავის, შემდეგ მშობლების, მეგობრების,  ახლობლების წინაშე.  დაუფიქრებლად ვეღარ ვიმოქმედებ, წინასწარ განჭვრეტის გარეშე 1 სიტყვასაც ვერ ვიტყვი იმიტომ, რომ  შეიძლება ჩემს ნათქვამს სხვა ჩაეჭიდოს და ცუდი შედეგი მოჰყვეს.

დღეს ამ ხასიათზე დისნეის მულტფილმებმა დამაყენა.

როგორ მენატრება ზაფხულის არდადაგების პერიოდში დილით ადრე რომ ვდგებოდი და ტელევიზორში მუტფილმებს ვუყურებდი : “ფიფქია”, “კონკია”, “მძინარე მზეთუნახავი”, “პაპირუსი”, “პოკაჰონდასი”, “ჰერკულესი”, “განძის მაძიებლები”, “ალადინი”. “ურჩხული და მზეთუნახავი”, “ალისა საოცრებათა ქვეყანაში” … ბოლომდე რომ ჩამოვთვალო მთელი პოსტი ამაზე იქნება…

როგორ მენატრება დილაობით დედა რომ ფრთხილად მაღვიძებდა და საუზმის გარეშე არ მიშვებდა სკოლაში.

მაშინ არავინ გიყურებდა რა გეცვა, როგორ გამოიყურებოდი… როდის მოვასწარით ასე შეცვლა?

არ დამცინოთ :D

როგორ მენატრება ყველა გაკვეთილს რომ ვსწავლობდი და მაინც საკუთარი თავის უკმაყოფილო ვიყავი და მეშინოდა დაფასთან გამოსულს რამე არ შემშლოდა.

გაკვეთილების მომზადების შემდეგ ეზოში წრეში ბურთის და რეზინობანას თამაშიც მენატრება. იმავე ეზოში “საიდუმლო შტაბების” გაკეთება და თუთის ხეზე ძრომიალიც ძალიან მინდა.  უბნის ბიჭებთან  ”სტოპიატის” თამაშიც როგორ ტკბილად მახსენდება.  ისიც კარგად მახსოვს როგორ ვამწარებდით ერთმანეთს, მაგრამ ეგეც კი მენატრება…

სოფელში წასვლით გამოწვეული სიხარულიც მენატრება. ახლაც ძალიან მიყვარს იქაურობა და უზომოდ მიხარია იქ ჩასვლა, მაგრამ მაშინ სულ სხვა იყო. მთელი უბნის ბავშვები მთელი დღე ერთად ვიყავით : ხან კოცერტებს ვატარებდით, ხან კარავს ვდგამდით, კიბორჩხალებზე “სანადიროდაც” კი ვიყავით წასულები. ახლაც ასე ვართ, სულ ერთად, მაგრამ ყველანი ისე ვეღარ.  ცოტა გავუცხოვდით, გავიზარდეთ ალბათ…

ასტრიდ ლინდგრენის პირველად წაკითხვა მომენატრა…

ემილის ოინებზე სიცილი, პეპის სიჯიუტე და უცნაურობა,  კალე ბლუმკვისტის მიზანდასახულობა, კარლსონის სიკეთე და ყველა წაკითხული წიგნის საყვარელი პერსონაჟების მიბაძვა მენატრება. ახლაც მიკვირს ცალ-ცალი წინდით, ან  ზურგზე მიმაგრებული პროპელერით რომ არ დავდიოდი. სამაგიეროდ კალეს ვბაძავდი და ყველაფერში საეჭვოს ვეძებდი, ძირს დაგდებულ ქაღალდსაც არ ვტოვებდი უყურადღებოდ. ამ ყველაფერს ბავშვობა რად უნდა, მაგრამ მათი პირველად გაცნობის ბედნიერება მინდა განვიცადო თავიდან.

ეჰ, როგორ მომნატრებიხარ პატარა… :(

პ.ს. ჩემი 50-ე პოსტია :)

თვალი არ მომაცილო!

ის, ვინც ჩემს ბლოგზე ერთხელ მაინც არის შემოსული და თვალი მაინც გადაუვლია (თუ არ წაუკითხავს) პოსტებისთვის შეამჩნევდა, რომ  იშვიათად ვწერ პოლიტიკურ, რელიგიურ თემებზე და ასევე საზოგადოებაში არსებულ ყოფით  პრობლემებზე. ამ მხრივ ეს პოსტი ერთ-ერთ იშვიათობას წარმოადგენს.

2 დღის წინ მეგობართან ერთად მივდიოდი ქუჩაში. საღამოს 9 საათი იქნებოდა.  ნელა მივდიოდით. ამ დროს ჩვენს საპირისპიროდ მომავალი მანქანა დავინახეთ. ისიც ნელი სვლით მოდიოდა. რომ გაგვისწორდა სიჩქარეს კიდევ უფრო უკლო და აშკარად დავინახე ორი ტიპი ჩაწეული ფანჯრებიდან როგორ გვათვალიერებდა. არ შემშინებია, მაგრამ  უსიამოვნო გრძნობა დამეუფლა. თან რაღაც მივარდნილ ადგილას ვიყავით  და ხალხიც არ იყო ირგვლივ. გავაგრძელეთ გზა. ცოტა რომ ჩამოვშორდით ვიკითხე :

-ნეტა ვინ იყვნენ ესენი?

-პოლიცია.

-შენ რა იცი?

-ამათ მანქანებს ვცნობ ყველას.

-და რას დადიან?

-ამოწმებენ რამე ხომ არ ხდება უბანში, აკვირდებიან ხალხს.

ამის მერე გამახსენდა ერთი ამბავი. ერთხელ უბნის ინსპექტორი იყო  ჩემს სახლში ამოსული და კითხვები დაგვისვა. მაგალითად რომელ სკოლაში სწავლობ, მშობლები სად მუშაობენ, წარმოშობით საიდან ხარ. საოცარი ის იყო, რომ თავის დასმულ კითხვებს თვითონვე სცემდა პასუხს. ამაში გასაკვირი არაფერი იქნებოდა მერე რომ არ ჩამოეთვალა ჩემი უახლოესი მეგობრების სახელები და გვარები და არ დაეხასიათებინა ისინი გარეგნობის მიხედვით. ამის მერე ჩემს სკოლაზე მითხრა 1-2 სიტყვა და მირჩია რამდენიმე თანასკოლელისგან თავი შორს დამეჭირა. პირდაღებული ვუყურებდი.

ეს შარშანდელი ამბავია, წელს ხომ აღარ დავდივარ სკოლაში :) მაგრამ ამ შემთხვევების მერე მაქვს გრძნობა, რომ გამუდმებით თვალთვალის ქვეშ ვარ. არაფერს ვაშავებ, მაგრამ სულ არ მსიამოვნებს ჩემი ოჯახის, მეგობრების და ჩემს  შესახებ ამდენ ინფორმაციას რომ ფლობენ. განსაკუთრებულს მაინც ვერაფერს გაიგებენ, სინდისი სუფთა გვაქვს :) მაგრამ ამით პიროვნული თავისუფლება იზღუდება.

შეიძლება ეს ერთი მხრივ კარგიც არის. მეტი ინფორმაცია საზოგადოების დაცვის ხარისხს ზრდის, მაგრამ…

Lifestyle




ზოგჯერ მე ვამბობ “კის” და ვგულისხმობ “არას”.
უფრო ხშირად მე ვამბობ “არას” და ვგულისხმობ “კის”.
ზოგჯერ მე უმიზეზოდ ვარ კარგ ხასიათზე.
უფრო ხშირად- უმიზეზოდ ვარ ცუდ ხასიათზე.
ზოგჯერ მე ჩემს დას ვეფერები.
                                                უფრო ხშირად -ვეჩხუბები.
მარცხენა ჩემი დაა :) ))
ზოგჯერ მე მინდება ყველას ჩავეხუტო, ვინც ირგვლივ მყავს.♥♥ 
უფრო ხშირად-არ მინდება.
ზოგჯერ არ მსიამოვნებს რომ მეხებიან.
უფრო ხშირად მიყვარს თმაზე რომ მეფერებიან.
ზოგჯერ მინდება რამე კარგი დავწერო.
უფრო ხშირად არ გამომდის.
ზოგჯერ მე ძალიან ვიხსნები ადამიანებთან.
უფრო ხშირად ისინი სარგებლობენ ამით.
ზოგჯერ მე მინდება პირველმა მივწერო.
უფრო ხშირად სიამაყე არ მაძლევს ამის უფლებას.
ზოგჯერ მე მინდება საკუთარი თავი ყველაზე წინ დავაყენო.
უფრო ხშირად არ გამომდის ეს.

ზოგჯერ მინდება ვინმეს ჩემი თავი ისეთი დავანახო, როგორიც ნამდვილად ვარ.
უფრო ხშირად საპირისპირო გამომდის.
პ.ს. სულ მინდა რომ შემოვდივარ ახალი კომენტარები დამხვდეს.
        უფრო ხშირად არ მხვდება! :D

მომბეზრდით!

        ამ საღამოს დავრწმუნდი, ჰომოფობებს არ უნდა ესაუბრო საწინააღმდეგოზე. რამდენი მტკიცე არგუმენტიც უნდა მოუყვანო აზრს მაინც არ იცვლიან იმიტომ, რომ თვითონაც არ იციან სადაა ამ ზიზღის სათავე. ამ საღამოს უკვე თავი მეტკინა ახსნით და გადარწმუნებით. მორჩა, რაც უნდათ ის უქნიათ. ვერ აცნობიერებენ იმას, რომ ეს ადამიანები თვითონ არ ირჩევენ ორიენტაციას, ასეთებად დაიბადნენ!
        არადა მეც ძალიან მომბეზრდა ამ თემაზე წერა-კითხვა, მაგრამ ვერ მოვითმინე რომ არ დამეწერა. უბრალოდ ძალიან გამაღიზიანებელია… ყველას თავისი გზა აქვს და ნუთუ ასე ძნელია პატივი ვცეთ ერთმანეთის  ცხოვრებას?
         დარჩებით ასეთივე ბნელები და უმეცრები ცხოვრების ბოლომდე!

მერე რა, რომ გაზაფხულია?

თოვა, თოვა ისევ თოცა . უხვად ბარდნის , ხანდახან მსხვილად ხანდახან წვრილად . გარშემო ყველაფერი შავ-თეთრი ტელევიზორის კადრს დაემსგავსა. თეთრი თოვლი და ნაცრისფერი ადამიანები… ადამიანები რომლებიც რობოტებივით დადიან ერთნაირად ჩაცმულები , ერთიდაიგივე გამომეტყველებით , სიარულის მანერაც კი ერთნაირი აქვთ ! არანაირი ხალისი , არანაირი განსხვავებულობის ამბიცია. ხალხი რომელსაც ჩინელებზე უფრო ძნელად განარჩევენ ერთმანეთისაგან.  

ამ დროს ქუჩას მოარღვევს ფერების ნაკრები , ემოციის ზღვა . არ შეიძლება მას ლამაზი ვუწოდოთ , არც განსხვავებული. ის უბრალოდ განსხვავებულია ! ის დედაა , დედა რომელიც ემოციის ზღვად შვილმა აქცია . მას გვერდით მოჰყვება პატარა ბავშვი. ციცქნა გემი ამ უკიდეგანო სივრცეში , ისიც პატარა ფერების მატარებელი ! თავისი პატარა ვარდისფერი ხელთათმანებით , რომლითაც უშედეგოდ ცდილობს თოვლის დაგუნდავებას. დედა ეხმარება და ორივენი ერთად ისვრიან გუნდას სადღაც შორს , ამ ნაცრისფერ ქალაქში . გუნდა ეცემა ძირს , ავრცელებს ფერებს და გადასცემს ადამიანებს ! აი ერთი ადამიანი გამოცოცხლდა , სახეზე ღიმილი გაუკრთა , აი მეორე – მასაც მოუნდა გუნდაობა , მესამე თოვლში ემხობა , მეოთხე გაღიმებული სახით ფანტელების ჩაყლაპვას ცდილობს, მეხუთე , მეექვსე , მეშვიდე , მეცამეტე , მეჩვიდმეტე , მეათასე , მემილიონე.     

ამ ალიაქოთში არავის ახსოვს დედა-შვილი რომლებიც დინჯად ადიან ავტობუსში და მოწყალე თვალით უყურებენ ქალაქს რომელსაც ერთი გუნდაც ყოფნის რომ სიხარულით აღივსოს ! ♥


uaპ.ს. ეს ჩემი დაწერილი არაა.  ნუცა ნინუას შემოქმედებაა.

ჩემი, ჩვენი ♥

    დღეს დავბრუნდი სოფლიდან.  აღდგომას ჩასვლა ყოველთვის მიყვარს. იქ ყოფნას დადებითი მხარეებიც აქვს და უარყოფითიც.
     დადებითი : ვისვენებ მოღუშული სახეებისგან და ყველა ღიმილით მხვდება და მესალმება. ვნახულობ ჩემს ყველაზე საყვარელ ადამიანებს, მათთან ერთად ვერთობი ძალიან ძალიან მაგრად. სწავლისგან რამდენიმე დღით ვთავისუფლდები. ვნახულობ ბებიებს, რომლებიც ისე მევლებიან თავს, რომ თავი დედოფალი თუ არა გრაფინია მართლა მგონია. ვწყდები ტექნიკას (იქაც კი მაქვს მაგრამ სად მცალია მაგისთვის). დავდივარ ბევრს იმიტომ, რომ ყველას და ყველაფრის ნახვა მინდა მოვასწრო. ვეფერები ყველას იმიტომ, რომ ვიცი რამდენიმე თვე ვეღარ ვნახავ.
  ვაიმე როგორ მიყვარხართ ♥

   უარყოფითი : კვირას, აღდგომას, ვხედავ როგორ თამაშობენ ეკლესიის წინ, საფლავის ქვაზე “სეკას” ფულზე და ვერაფერს ვაკეთებ, არადა დიდი სურვილი მაქვს თავზე დავალეწო რამე! ვხედავ გალეშილ ხალხს და ალკოჰოლისგან ტვინგაბრუებულ ადამიანებს, რაც აგრესიას იწვევს ჩემში. ვიგებ რომ ამ წმინდა დღესასწაულზე ვიღაცებმა iჩხუბეს და თან არაერთხელ. მკოცნის ის ხალხი, რომელსაც არ ვიცნობ და მიქებენ მშობლებს, ოჯახს, ბებია-ბაბუას და თვალებს :) )))) ყველა მეკითხება სად ვაბარებ და როგორ ვემზადები.  უკან დაბრუნებისას მეტირება.

ჩემი სოფელი

მიუხედავად ამ ყველაფრისა მაინც ძალიან მიყვარს იქაურობა იმიტომ, რომ თბილი გარემოა, საყვარელ ადამიანებს ვხვდები და ბევრი ტკბილ-მწარე დღე მაკავშირებს მასთან. ერთი სული მაქვს როდის ჩავალ კიდევ  ♥

ჰარმონია

     დილით მაღვიძარას არ დავემორჩილე და დაგეგმილზე გვიან ავდექი, ამიტომ სწრაფად ჩავიცვი და ყავის დალევაც კი ვერ მოვასწარი. გარეთ გასულს დილის სიცივე შემომეგება. წინა ღამის ნაწვიმარი იყო, მაგრამ გუბეს ვერსად დაინახავდით.ქუჩაც ისეთი დასუფთავებული იყო, რომ მზესუმზირის ნაფცქვენს და სიგარეტის ნამწვსაც კი ვერ მოკრავდით თვალს. გზა სირბილით გავაგრძელე, რადგან ქართველი მძღოლების გადამკიდე დანიშნულების ადგილამდე დროზე ვერ მიაღწევ. ან გზაში აჩერებენ და ბენზინს ასხამენ, ან შემხვედრ ტრანსპორტთან ჩერდებიან შუა გზაში და მძღოლს ელაპარაკებიან უდროო დროს. მაგრამ ამჯერად შევცდი. ავტობუსმა დროზე ჩამოიარა და მასში ასულს ადგილი ვიღაცამ დამითმო და ზრდილობიანად გამიღიმა. ირგვლივ მიმოვიხედე და გავოცდი ავტობუსის სისუფთავით. ვერსად დაინახავდით დაკაწრულ-დაგლეჯილ სკამს, კედელზე მიწერილ “ძერსკი ნაროდის” სახელებს. ხალხი ერთმანეთს უღიმოდა და თბილად ელაპარაკებოდა. მძღოლს გავხედე, სუფთად წვერგაპარსული, თეთრ, ქათქათა პერანგში გამოწყობილი იყო და სარკეში იყურებოდა. უკან მსხდომი ბავშვების ხმაც კი არ ისმოდა, არაშსაც არავინ აღრიალებდა.
      სასურველ გაჩერებამდე დროზე მივედი და სწრაფად ჩამოვხტი ავტობუსიდან. ბაღში ვიღაც ბიჭები ისხდნენ და ჩემდა გასაკვირად არ იღეჭებოდნენ და არც იფურთხებოდნენ. სხვათაშორის არც ხმამაღლა იგინებოდნენ. მათაც ჩავუარე და მარკეტში შევედი რვეულის საყიდლად. მოწესრიგებული რიგი დამხვდა. ხალხი ერთმანეთის უკან იდგა და უნებართვოდაც არავინ მიდიოდა წინ. გამყიდველმა ზრდილობიანად გამიღიმა და სხვადასხვა რვეულები შემომთავაზა. არჩევას არ მაჩქარებდა და არც დაძაბულად მიყურებდა. გარეთ გამოსული ვიღაც მოხუც კაცს დავეჯახე. ველოდებოდი ბოდიშის მოხდამდე როდის იყვირებდა : “თვალებში ვერ იხედები? წესიერად გადადგი ფეხი!” მაგრამ ჩემდა გასაკვირად  ამჯერადაც შევცდი. კაცმა შემომხედა, ჩაიღიმა, თავი გადააქნია და გზა გააგრძელა. მე გაოგნებული და პირდაღებული გავცდი ტროტუარს და ქუჩის გადაკვეთისას კინაღამ მანქანას დავეჯახე (ყურადღება მიაქციეთ, მე დავეჯახე). კიდევ კარგი დროზე მოასწრო მძღოლმა დამუხრუჭება და გადავრჩი. მოსალოდნელ ავარიას გადარჩენილი ახლა მძღოლის რეაქციაზე ვნერვიულობდი, თანაც პატრული თვალისდახამხამებაში ადგილზე გაჩნდა. თვითონ შეშინებული მძღოლი ახლა მე მამშვიდებდა და ღმერთს მადლობას წირავდა ჩემი გადარჩენისთვის.
         როგორც იქნა ამათაც დავაღწიე თავი და ეკლესიაში შევედი უძღები შვილი.  ბევრი ხალხი იყო. ზეთის ცხება იყო მგონი და ჩემდა გასაკვირად არავის გადავუთელივარ, არავინ გასულა წინ, არავის მოუცია შენიშვნა გადაჯვარედინებული ხელების გამო, არავის შემოუხედავს ამრეზით იმის გამო, რომ შარვალი მეცვა.
     ეკლესიიდან გარეთ გამოსულმა ღრმად ჩავისუნთქე და ჰარმონიით ტკბობას ვაპირებდი, რომ დედამ შემომიღო კარი ტექსტით :
   -ადექი და ბანაობა მოასწარი, წყალი მიდის!

პ.ს. იცის, ვისაც ეკუთვნის ეს პოსტი :) )** 

Restart

      როცა ჩვენი კომპიუტერები  ”იღლება” ჩვენ მათ ვასვენებთ და  ვა-Restart-ებთ. ადამიანებიც ასე ვართ, როდესაც ვიღლებით ვისვენებთ, სხვადასხვა განტვირთვის საშუალებებს მივმართავთ. დროს ვატარებთ ოჯახთან, მეგობრებთან ერთად, ვუსმენთ მუსიკას, ვუყურებთ ფილმებს. ზოგიერთისთვის კი დასვენების ერთ-ერთი საშუალება წიგნის კითხვაა. ჩემთვის პირიქით. კითხვისას იმდენი რამის გადატანა და განცდა გვიწევს, რომ არ მესმის როგორ უნდა დაისვენო. იგივეს თქმა შეიძლება ფილმებზეც.
      დედამიწაც დაიღალა იმ უსუსური არსებებით პარაზიტებად რომ ყავს მიჩენილი. ეს პარაზიტები მასზე დასახლებულან და სისხლს წოვენ, ერთი მტკაველი მიწისთვის ერთმანეთს ანადგურებენ, ებრძვიან, ღვრიან სისხლს, ბოლომდე სწოვენ ჩვენს პლანეტას ყველაფერს, რაც კი სასარგებლო აქვს, ყველაფერი თავისთვის უნდათ. ისე დაიღალა დედამიწა, რომ ფიქრობს ხომ არ და-Restart-დეს? მაგრამ ისიც ახსენდება, რომ როდესაც ერთხელ ეს გააკეთა შვება სულ ცოტა ხნით იგრძნო, მერე ისევ თავიდან დაიწყო სისხლის წოვა.

Paint-ში “დავხატე” :) )

       იქნებ უღირდეს კიდეც ეს შესვენება სულის მოსათქმელად? მაგრამ ის იმდენად კეთილია, რომ ამას თავის ნებით არ იზამს. მას უყვარს ის პარაზიტები, პატარა და საძაგელი არსებები, რომლებიც მას ფიტავენ და თვითონვე ჭრიან იმ ტოტს, რომელზეც სხედან. მერე რა რომ მათ ერთმანეთიც კი არ უყვართ? ერთმანეთს რელიგიის, ეთნიკური თუ სოციალური ნიშნის მიხედვით ასხვავებენ და მხოლოდ თავის თავზე ზრუნავენ (?). თუმცა ისიც გასარკვევია საკუთარი თავი მაინც თუ უყვართ?
     დაიღალა დედამიწა და  ცოტა ხანში ან და-Restart-დება, ან სამუდამოდ გადავა  Sleep-ის რეჟიმში !!!