Category Archives: გოგო

გოგო და ბიჭი

        გოგონა
გაცრეცილი გოგონა იყო. ჩვეულებრივი. გამხდარი, ფერწასული.ყოველთვის კეფაზე აწეულ თმას ატარებდა, ცხენის კუდად შეკრულს. თეთრ, ფერმკრთალ სახეს ერთადერთი შესამჩნევი ნაცრისფერი თვალები ამშვენებდა, დიდი, წყლიანი და აზრიანი. თხელი და უფერული ტუჩები ყოველთვის მაგრად მოკუმული ჰქონდა, თითქოს სიტყვების გაფრენის ეშინოდა. ბევრს არც ლაპარაკობდა, მხოლოდ საჭიროების გამო იტყოდა ერთ-ორ სიტყვას, თუ რამეს ჰკითხავდნენ.
ზამთარ-ზაფხულ კაბები ეცვა, ქვედაბოლოები კი არა, კაბები, მოკლე და ოდნავ გაშლილი. მხრებში ოდნავ მოხრილი დადიოდა. გრძელი კისერი სულ ოდნავ წაეწია წინ და პატარა ნაბიჯებს ადგამდა. ქუჩაში რომ მიდიოდა გულზე ყოველთვის რაღაც  ჰქონდა მიხუტებული. ეს რაღაც კი ძირითადად წიგნები იყო. პატარა, ნაზი ხელის მტევნები მაგრად შემოეჭირა წიგნებისთვის.
სულ ასე დადიოდა.

ბიჭი
ერთი ჩვეულებრივი ბიჭი. მაღალი, გრძელხელება, გამხდარი. გრძელი და ლამაზი თითები სიგარეტისგან ოდნავ გაყვითლებოდა, მაგრამ ეს არ აუშნოებდა, პირიქით, უხდებოდა კიდეც. ჯინსები და კედები-მისი განუყრელი სამოსი. თმა-ოდნავ გრძელი და მარცხნივ გაყოფილი. წელში ოდნავ მოხრილი დადიოდა, დიდი ნაბიჯებით. თითებს შეუმჩნევლად და რიტმულად  ათამაშებდა სიარულის დროს.       წიგნებით ცხოვრობდა გოგო.
მუსიკით ცხოვრობდა ბიჭი.
თავჩაღუნული დადიოდა ორივე.
26.05.2011
ორივე სრულიად შემთხვევით მოხვდა ერთ ქუჩაზე. ერთმანეთს ჩაუარეს, ორივემ ერთდროულად აწია თავი და სულ 2 წამით შეხედეს ერთმანეთს.

09.06.2011
უკვე 2 კვირა გავიდა და რაღაც აწუხებდა ორივეს, რაღაც მოგონება და ვერცერთს გაეხსენებინა რა. გულის თუ ტვინის შორეულ კუთხეში მიყუჟული და საცოდავად მობუზული გრძნობა.

26.06.2011.
2 კვირა იტანჯებოდა ტკივილებისგან გოგონა. მარტო მანქანის ფარები ახსოვდა, ბუნდოვნად და ვიღაცის შეშფოთებული სახე. კიდევ უფრო გაფერმკრთალდა და გაიცრიცა გოგონა, თვალები ჩაუცვივდა, მაგრამ აზრი არ დაუკარგავს.
-დააფიქსირეთ გარდაცვალების დრო 05:26! – ჩაჩით ოფლი მოიწმინდა ქანცგაწყვეტილმა ექიმმა.
05:26-ზე ბიჭს გამოეღვიძა. გულთან ახლოს ტკივილი იგრძნო.
ვეღარ დაიძინა.