როგორ მომნატრებია ბავშვობა…
18 წლის ვარ. წელს ჩავაბარე და პირველ დამოუკიდებელ ნაბიჯებს ვდგამ ცხოვრებაში. ვიცი ყველაზე კარგ ასაკში ვარ, არც ისე დიდი დრო მაშორებს ბავშვობასთან, მაგრამ მაინც მენატრება. ნელ-ნელა მემატება პასუხისმგებლობა პირველ რიგში საკუთარი თავის, შემდეგ მშობლების, მეგობრების, ახლობლების წინაშე. დაუფიქრებლად ვეღარ ვიმოქმედებ, წინასწარ განჭვრეტის გარეშე 1 სიტყვასაც ვერ ვიტყვი იმიტომ, რომ შეიძლება ჩემს ნათქვამს სხვა ჩაეჭიდოს და ცუდი შედეგი მოჰყვეს.
დღეს ამ ხასიათზე დისნეის მულტფილმებმა დამაყენა.
როგორ მენატრება ზაფხულის არდადაგების პერიოდში დილით ადრე რომ ვდგებოდი და ტელევიზორში მუტფილმებს ვუყურებდი : “ფიფქია”, “კონკია”, “მძინარე მზეთუნახავი”, “პაპირუსი”, “პოკაჰონდასი”, “ჰერკულესი”, “განძის მაძიებლები”, “ალადინი”. “ურჩხული და მზეთუნახავი”, “ალისა საოცრებათა ქვეყანაში” … ბოლომდე რომ ჩამოვთვალო მთელი პოსტი ამაზე იქნება…
როგორ მენატრება დილაობით დედა რომ ფრთხილად მაღვიძებდა და საუზმის გარეშე არ მიშვებდა სკოლაში.
მაშინ არავინ გიყურებდა რა გეცვა, როგორ გამოიყურებოდი… როდის მოვასწარით ასე შეცვლა?
როგორ მენატრება ყველა გაკვეთილს რომ ვსწავლობდი და მაინც საკუთარი თავის უკმაყოფილო ვიყავი და მეშინოდა დაფასთან გამოსულს რამე არ შემშლოდა.
გაკვეთილების მომზადების შემდეგ ეზოში წრეში ბურთის და რეზინობანას თამაშიც მენატრება. იმავე ეზოში “საიდუმლო შტაბების” გაკეთება და თუთის ხეზე ძრომიალიც ძალიან მინდა. უბნის ბიჭებთან ”სტოპიატის” თამაშიც როგორ ტკბილად მახსენდება. ისიც კარგად მახსოვს როგორ ვამწარებდით ერთმანეთს, მაგრამ ეგეც კი მენატრება…
სოფელში წასვლით გამოწვეული სიხარულიც მენატრება. ახლაც ძალიან მიყვარს იქაურობა და უზომოდ მიხარია იქ ჩასვლა, მაგრამ მაშინ სულ სხვა იყო. მთელი უბნის ბავშვები მთელი დღე ერთად ვიყავით : ხან კოცერტებს ვატარებდით, ხან კარავს ვდგამდით, კიბორჩხალებზე “სანადიროდაც” კი ვიყავით წასულები. ახლაც ასე ვართ, სულ ერთად, მაგრამ ყველანი ისე ვეღარ. ცოტა გავუცხოვდით, გავიზარდეთ ალბათ…
ასტრიდ ლინდგრენის პირველად წაკითხვა მომენატრა…
ემილის ოინებზე სიცილი, პეპის სიჯიუტე და უცნაურობა, კალე ბლუმკვისტის მიზანდასახულობა, კარლსონის სიკეთე და ყველა წაკითხული წიგნის საყვარელი პერსონაჟების მიბაძვა მენატრება. ახლაც მიკვირს ცალ-ცალი წინდით, ან ზურგზე მიმაგრებული პროპელერით რომ არ დავდიოდი. სამაგიეროდ კალეს ვბაძავდი და ყველაფერში საეჭვოს ვეძებდი, ძირს დაგდებულ ქაღალდსაც არ ვტოვებდი უყურადღებოდ. ამ ყველაფერს ბავშვობა რად უნდა, მაგრამ მათი პირველად გაცნობის ბედნიერება მინდა განვიცადო თავიდან.
ეჰ, როგორ მომნატრებიხარ პატარა…
პ.ს. ჩემი 50-ე პოსტია











