Category Archives: ზაფხული

როგორ მომნატრებიხარ პატარა

როგორ მომნატრებია ბავშვობა…

18 წლის ვარ. წელს ჩავაბარე და პირველ დამოუკიდებელ ნაბიჯებს ვდგამ ცხოვრებაში. ვიცი ყველაზე კარგ ასაკში ვარ, არც ისე დიდი დრო მაშორებს ბავშვობასთან, მაგრამ მაინც მენატრება. ნელ-ნელა მემატება პასუხისმგებლობა პირველ რიგში საკუთარი თავის, შემდეგ მშობლების, მეგობრების,  ახლობლების წინაშე.  დაუფიქრებლად ვეღარ ვიმოქმედებ, წინასწარ განჭვრეტის გარეშე 1 სიტყვასაც ვერ ვიტყვი იმიტომ, რომ  შეიძლება ჩემს ნათქვამს სხვა ჩაეჭიდოს და ცუდი შედეგი მოჰყვეს.

დღეს ამ ხასიათზე დისნეის მულტფილმებმა დამაყენა.

როგორ მენატრება ზაფხულის არდადაგების პერიოდში დილით ადრე რომ ვდგებოდი და ტელევიზორში მუტფილმებს ვუყურებდი : “ფიფქია”, “კონკია”, “მძინარე მზეთუნახავი”, “პაპირუსი”, “პოკაჰონდასი”, “ჰერკულესი”, “განძის მაძიებლები”, “ალადინი”. “ურჩხული და მზეთუნახავი”, “ალისა საოცრებათა ქვეყანაში” … ბოლომდე რომ ჩამოვთვალო მთელი პოსტი ამაზე იქნება…

როგორ მენატრება დილაობით დედა რომ ფრთხილად მაღვიძებდა და საუზმის გარეშე არ მიშვებდა სკოლაში.

მაშინ არავინ გიყურებდა რა გეცვა, როგორ გამოიყურებოდი… როდის მოვასწარით ასე შეცვლა?

არ დამცინოთ :D

როგორ მენატრება ყველა გაკვეთილს რომ ვსწავლობდი და მაინც საკუთარი თავის უკმაყოფილო ვიყავი და მეშინოდა დაფასთან გამოსულს რამე არ შემშლოდა.

გაკვეთილების მომზადების შემდეგ ეზოში წრეში ბურთის და რეზინობანას თამაშიც მენატრება. იმავე ეზოში “საიდუმლო შტაბების” გაკეთება და თუთის ხეზე ძრომიალიც ძალიან მინდა.  უბნის ბიჭებთან  ”სტოპიატის” თამაშიც როგორ ტკბილად მახსენდება.  ისიც კარგად მახსოვს როგორ ვამწარებდით ერთმანეთს, მაგრამ ეგეც კი მენატრება…

სოფელში წასვლით გამოწვეული სიხარულიც მენატრება. ახლაც ძალიან მიყვარს იქაურობა და უზომოდ მიხარია იქ ჩასვლა, მაგრამ მაშინ სულ სხვა იყო. მთელი უბნის ბავშვები მთელი დღე ერთად ვიყავით : ხან კოცერტებს ვატარებდით, ხან კარავს ვდგამდით, კიბორჩხალებზე “სანადიროდაც” კი ვიყავით წასულები. ახლაც ასე ვართ, სულ ერთად, მაგრამ ყველანი ისე ვეღარ.  ცოტა გავუცხოვდით, გავიზარდეთ ალბათ…

ასტრიდ ლინდგრენის პირველად წაკითხვა მომენატრა…

ემილის ოინებზე სიცილი, პეპის სიჯიუტე და უცნაურობა,  კალე ბლუმკვისტის მიზანდასახულობა, კარლსონის სიკეთე და ყველა წაკითხული წიგნის საყვარელი პერსონაჟების მიბაძვა მენატრება. ახლაც მიკვირს ცალ-ცალი წინდით, ან  ზურგზე მიმაგრებული პროპელერით რომ არ დავდიოდი. სამაგიეროდ კალეს ვბაძავდი და ყველაფერში საეჭვოს ვეძებდი, ძირს დაგდებულ ქაღალდსაც არ ვტოვებდი უყურადღებოდ. ამ ყველაფერს ბავშვობა რად უნდა, მაგრამ მათი პირველად გაცნობის ბედნიერება მინდა განვიცადო თავიდან.

ეჰ, როგორ მომნატრებიხარ პატარა… :(

პ.ს. ჩემი 50-ე პოსტია :)

ჩემი ზაფხული (რაღაც დღიურისმაგვარი)

 გამოცდებს მოვრჩი და 1 კვირაში წავედი სოფელში. ჩემი სოფელი ჭიათურაშია, დარკვეთი. 

დარკვეთის ტბა

      იქ ყოფნის პერიოდში ვიგებდი მიღებულ ქულებს. ყველამ დამაკმაყოფილა მათემატიკის გარდა.

 მერე ჩემი გოგოები ჩამოვიდნენ, ოთხივე ♥. იცით როგორ მიხაროდა? ჩამოსვლამდე დღეებს ვითვლიდი და ბოლოს, როგორც იქნა ჩამოვიდნენ. ისინი ხომ ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან, ბავშვობის… ყველაზე სანდო და კარგი ♥

        1 კვირით დარჩნენ. სულ ცუდი ამინდები დაემთხვა, მაგრამ მთავარია ერთად ვიყავით.  ყოველ “დილით” 1-ლზე ან 2-ზე ვდგებოდით, ვსაუზმობდით, თან ცოტას ვსვამდით და ვლაპარაკობდით. ამასაობაში მოსაღამოვდებოდა და ან ტბაზე გადავდიოდით ან წყაროზე. მერე ისევ სახლში ვბრუნდებოდით, ვჭამდით და ეგრედწოდებულ ბირჟაზე ავდიოდით :) გაიცნეს ბევრი ვიღაც. ზოგი მოეწონათ, ზოგი-არა. მაგრამ ასეა თუ ისე მგონი გაერთნენ.

ისევ ტბაზე :)

             სახლში გვიან ვბრუნდებოდით და გვიან ღამემდე არ გვეძინა, ძირითადად ვლაპარაკობდით, ვიცინოდით… საბაგიროთი გავისეირნეთ. ამისათვის  ცოტა დიდი მანძილის გავლა დაგვჭირდა, მაგრამ  არც ეს დაგვზარებია. აი, ეს საბაგიროზე :

ანი გვაკლია. იღებდა :)

უსიამოვნო ინციდენტებიც მოხდა, მაგრამ არ მინდა გახსენება. მთლიანობაში კარგი იყო მგონი.

ჰოო კიდევ ბებიები და ბაბუა გავაცანი. ბაბუაჩემი ძალიან  სასაცილო ვიღაც არის  და შეუმჩნეველი არ დარჩენიათ. ბებიაჩემიც ძალიან ხუმარაა და ასე ერთად გავერთეთ :)

დადგა დარკვეთიდან წასვლის დღეც. რა თქმა უნდა არ მინდოდა წასულიყვნენ. მთელი 1 კვირა ერთად ვცხოვრობდით და მივეჩვიე მათთან ერთად დაძინებასაც და გაღვიძებასაც. წავიდნენ და მომენატრნენ მალევე, მაგრამ მე რა ვიცოდი უკეთესი თუ მელოდა წინ?!

         23 აგვისტოს ანის დაბადების დღე იყო და ვაპირებდი სიურპრიზი გამეკეთებინა და მის სოფელში ჩავსულიყავი, თან ყველანი იქ იქნებოდნენ.

 მაგრამ გამოჩნდა რაღაც პრობლემები და 23-ში ვერ ჩავედი და ვერც სიურპრიზი გავუკეთე. სამაგიეროდ 25-ში მაინც ჩავედი სოფელ ძალისში :)  

ანის ბიძაშვილიც იქ დამხვდა 

თემო, თემუკა, თემირა, თემკა, თემჩო :) :)

რა თქმა უნდა ჩემი ჩამოსვლა აღნიშნეს. :) საღამოს გარეთ გავწანწალდით. მეორე დღე წვიმიანი გათენდა, მაგრამ გადაწყვეტილი გვქონდა ვაჩილაზე ასვლა. ვაჩილა მთაა და ანის სახლიდან საკმაოდ შორს არის. ციოდა… მე თბილი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი არ მქონდა წაღებული  და აი როგორ წავედი :)  

      ვაჩილაზე  ქათმის მწვადი შევწვით. იხილეთ ზემოთ არსებულ ფოტოზე :) აქ მომხდარზე აღარ შევჩერდები იმდენია, მაგრამ ერთი უნდა აღინიშნოს რომ იქედან გვიან ღამით, თავსხმა წვიმაში წამოვედით და გაუბედურებულმა მივაღწიე სახლში. მიუხედავად ამისა მაინც კარგად მაგონდება :)

      ძალისში ყოფნის მომდევნო დღეებიც ძალიან მხიარულად გავატარეთ, ყოველდღე დროსტარება და ქეიფი იყო :) არასოდეს დამავიწყდება! ისე შევეჩვიე მათთან ერთად ცხოვრებას რომ რაც ჩამოვედი ვეღარ ვძლებ მათ გარეშე და მგონი ყოველდღე ვნახულობ. 

      29-ში დილით ძალისიდან წამოვედით, ეს დღე იმითაც იყო გამორჩეული, რომ გავიგებდი პასუხს სად ჩავირიცხე ეროვნული გამოცდების შემდეგ. ჩემმა ორმა მეგობარმა გზაშივე გაიგო, რომ პირველივეზე, ჯავახიშვილში მოხვდნენ. მე სული კბილით მეჭირა ისე ვნერვიულობდი. გაზეთის ყიდვა ვერ მოვახერხე და მერე სახლიდან გასვლაც მეზარებოდა, ამიტომ 11 საათს უნდა დავლოდებოდი, რომ ინტერნეტში დაედოთ პასუხები. სახლში მისული მაშინვე კომპიუტერს მივვარდი და გავხსენი Naec.ge. არადა ჯერ მხოლოდ 10 საათი იყო, შესაბამისად არანაირი სიახლე არ დამხვდა. მერე   Facebook ჩავრთე. დედაჩემი გაოგნებული მიყურებდა :) და დამხვდა მესიჯი .

ეს იყო შოკი. გავგიჟდი სიხარულისგან. თან მათემატიკის ქულის შემდეგ ჯავახიშვილში მოხვედრას საერთოდ არ ველოდებოდი და გამიმართლა.

 დღეს 3 სექტემბერია და ზუსტად ერთი თვე მაქვს უსაქმურობისთვის, ამიტომ გპირდებით (ოღონდ მართლა) ბევრ რამეს დავწერ. დაწყებაა რთული თორემ მერე ადვილია ;)

წავედი

      ძვირფასებო, ვტოვებ მე დედაქალაქს და მივდივარ დასასვენებლად. მინიმუმ 1 თვე არ ვაპირებ უკან დაბრუნებას. მომენატრება ეს ბლოგი :დ ბედნიერ ზაფხულს გისურვებთ თქვენც.
რომ დავბრუნდები დასვენებული ვიქნები და უფრო დიდი შემართებითა და ენთუზიაზმით უკეთეს რაღაცებს დავწერ ხოლმე ^_^
პ.ს <3

გოგო და ბიჭი

        გოგონა
გაცრეცილი გოგონა იყო. ჩვეულებრივი. გამხდარი, ფერწასული.ყოველთვის კეფაზე აწეულ თმას ატარებდა, ცხენის კუდად შეკრულს. თეთრ, ფერმკრთალ სახეს ერთადერთი შესამჩნევი ნაცრისფერი თვალები ამშვენებდა, დიდი, წყლიანი და აზრიანი. თხელი და უფერული ტუჩები ყოველთვის მაგრად მოკუმული ჰქონდა, თითქოს სიტყვების გაფრენის ეშინოდა. ბევრს არც ლაპარაკობდა, მხოლოდ საჭიროების გამო იტყოდა ერთ-ორ სიტყვას, თუ რამეს ჰკითხავდნენ.
ზამთარ-ზაფხულ კაბები ეცვა, ქვედაბოლოები კი არა, კაბები, მოკლე და ოდნავ გაშლილი. მხრებში ოდნავ მოხრილი დადიოდა. გრძელი კისერი სულ ოდნავ წაეწია წინ და პატარა ნაბიჯებს ადგამდა. ქუჩაში რომ მიდიოდა გულზე ყოველთვის რაღაც  ჰქონდა მიხუტებული. ეს რაღაც კი ძირითადად წიგნები იყო. პატარა, ნაზი ხელის მტევნები მაგრად შემოეჭირა წიგნებისთვის.
სულ ასე დადიოდა.

ბიჭი
ერთი ჩვეულებრივი ბიჭი. მაღალი, გრძელხელება, გამხდარი. გრძელი და ლამაზი თითები სიგარეტისგან ოდნავ გაყვითლებოდა, მაგრამ ეს არ აუშნოებდა, პირიქით, უხდებოდა კიდეც. ჯინსები და კედები-მისი განუყრელი სამოსი. თმა-ოდნავ გრძელი და მარცხნივ გაყოფილი. წელში ოდნავ მოხრილი დადიოდა, დიდი ნაბიჯებით. თითებს შეუმჩნევლად და რიტმულად  ათამაშებდა სიარულის დროს.       წიგნებით ცხოვრობდა გოგო.
მუსიკით ცხოვრობდა ბიჭი.
თავჩაღუნული დადიოდა ორივე.
26.05.2011
ორივე სრულიად შემთხვევით მოხვდა ერთ ქუჩაზე. ერთმანეთს ჩაუარეს, ორივემ ერთდროულად აწია თავი და სულ 2 წამით შეხედეს ერთმანეთს.

09.06.2011
უკვე 2 კვირა გავიდა და რაღაც აწუხებდა ორივეს, რაღაც მოგონება და ვერცერთს გაეხსენებინა რა. გულის თუ ტვინის შორეულ კუთხეში მიყუჟული და საცოდავად მობუზული გრძნობა.

26.06.2011.
2 კვირა იტანჯებოდა ტკივილებისგან გოგონა. მარტო მანქანის ფარები ახსოვდა, ბუნდოვნად და ვიღაცის შეშფოთებული სახე. კიდევ უფრო გაფერმკრთალდა და გაიცრიცა გოგონა, თვალები ჩაუცვივდა, მაგრამ აზრი არ დაუკარგავს.
-დააფიქსირეთ გარდაცვალების დრო 05:26! – ჩაჩით ოფლი მოიწმინდა ქანცგაწყვეტილმა ექიმმა.
05:26-ზე ბიჭს გამოეღვიძა. გულთან ახლოს ტკივილი იგრძნო.
ვეღარ დაიძინა.