Category Archives: თითები

საბედისწერო ნაბიჯი

   კიდეზე  იდგა. სხეულის ყველა კუნთი ერთნაირად დაძაბული ჰქონდა. ძირს იყურებოდა მიწამდე თექვსმეტი სართული აშორებდა. სიკვდილამდე ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი. ცხოვრებაში არ დაუხევია უკან და არც ახლა აპირებდა. არავის და არაფრის გამო არ უნდოდა სიცოცხლის გაგრძელება. იმაზე ფიქრიც კი სიამოვნებას გვრიდა, რომ მის ხელში იყო საკუთარი სიცოცხლე და შეეძლო წამებში მოესპო იგი.

    “-რა მოხდება ჩემს სიკვდილს რომ გაიგებენ?”- გაიფიქრა. თვალწინ წარმოუდგა ოჯახი, მეგობრები. არც ისე ბევრი მეგობარი ჰყავდა. ვინც ჰყავდა ყველა ძალიან უყვარდა, მაგრამ მათ შორის ერთიც არ იყო ისეთი, რომელთანაც ბოლომდე იხსნებოდა, იყო ის, რაც იყო. თვითონ რაღაცნაირი სხვანაირი იყო. ყოველშემთხვევაში თავად ასე ფიქრობდა.  

      პატარაობიდანვე უყვარდა ხელოვნება.  განსაკუთრებით მუსიკა. მხატვრობის ტრფიალი არასოდეს ყოფილა , მაგრამ რენუარის თბილი ფერებით ყოველთვის ტკბებოდა. ლიტერატურაზე გიჟდებოდა. ძალიან ბევრს კითხულობდა, ამიტომ სკოლაში კარგი სწავლით გამოირჩეოდა. ახლა სტუდენტია და უნივერსიტეტშიც საუკეთესო იქნებოდა სიზარმაცე რომ არ უშლიდეს ხელს. მუსიკა ხომ მისი ცხოვრება იყო. ძირითადად კლასიკას უსმენდა.

   ტყუილად ამბობენ ხოლმე სიკვდილის წინ მთელი ცხოვრება გაგირბენს თვალწინო. არაფერი გახსენებია, არცერთი მოგონება. ისე, უბრალოდ ფიქრობდა.

     ძირს იყურებოდა. არც თუ ისე ძლიერი ქარი თმას უწეწავდა. ხელები გაშალა და თავი მაღლა აწია. სახე ქარს მიუშვირა. “ეს იქნება ჩემი ბოლო ხორციელი სიამოვნება.”-გაიფიქრა და ნელ-ნელა წინ გადაიხარა.

   ქარს მანქანების, ქალაქის ხმაური მოჰქონდა. თავზე ცისფერი, კრიალა ცა დაჰყურებდა. ღრუბლის არცერთი ნაგლეჯი არ ჩანდა ჰორიზონტზე.

       გაშლილი ხელისგულები ოფლით დაუსველდა. ტუჩები მაგრად მოკუმა და თვალები დახუჭა. ცოტაც და…

       საიდანღაც მუსიკის ხმა მოესმა. ნაცნობი მელოდია. “მუსიკის თანხლებით სიკვდილი, ასეთი რამ მხოლოდ ფილმებში ხდება”.

       ნელ-ნელა წინ იხრებოდა. წამი საუკუნედ გაიწელა და დასასრული არ უჩანდა.

       ისევ ის მუსიკა. “ცხოვრების საუნდტრეკი”-გაახსენდა სადღაც ამოკითხული.

       ცოტაც და…

       ასე ხელებგაშლილი, თვალებდახუჭული და ტუჩებმოკუმული იდგა კიდეზე.

    მერე უკან გადმოიხარა, ხელები დაბლა დაუშვა, თვალები გაახილა  და საკუთარ თითებს დააცქერდა. გრძელი, თეთრი და ლამაზი თითები ჰქონდა.

       ”სისულელეა ყველაფერი!”- გაიფიქრა და ძირს  ჩამოვიდა

        ტიერსენი ჩართო, ყურსასმენები მოირგო და კიბეებს ფეხით ჩაუყვა.

        გადაიფიქრა.

გოგო და ბიჭი

        გოგონა
გაცრეცილი გოგონა იყო. ჩვეულებრივი. გამხდარი, ფერწასული.ყოველთვის კეფაზე აწეულ თმას ატარებდა, ცხენის კუდად შეკრულს. თეთრ, ფერმკრთალ სახეს ერთადერთი შესამჩნევი ნაცრისფერი თვალები ამშვენებდა, დიდი, წყლიანი და აზრიანი. თხელი და უფერული ტუჩები ყოველთვის მაგრად მოკუმული ჰქონდა, თითქოს სიტყვების გაფრენის ეშინოდა. ბევრს არც ლაპარაკობდა, მხოლოდ საჭიროების გამო იტყოდა ერთ-ორ სიტყვას, თუ რამეს ჰკითხავდნენ.
ზამთარ-ზაფხულ კაბები ეცვა, ქვედაბოლოები კი არა, კაბები, მოკლე და ოდნავ გაშლილი. მხრებში ოდნავ მოხრილი დადიოდა. გრძელი კისერი სულ ოდნავ წაეწია წინ და პატარა ნაბიჯებს ადგამდა. ქუჩაში რომ მიდიოდა გულზე ყოველთვის რაღაც  ჰქონდა მიხუტებული. ეს რაღაც კი ძირითადად წიგნები იყო. პატარა, ნაზი ხელის მტევნები მაგრად შემოეჭირა წიგნებისთვის.
სულ ასე დადიოდა.

ბიჭი
ერთი ჩვეულებრივი ბიჭი. მაღალი, გრძელხელება, გამხდარი. გრძელი და ლამაზი თითები სიგარეტისგან ოდნავ გაყვითლებოდა, მაგრამ ეს არ აუშნოებდა, პირიქით, უხდებოდა კიდეც. ჯინსები და კედები-მისი განუყრელი სამოსი. თმა-ოდნავ გრძელი და მარცხნივ გაყოფილი. წელში ოდნავ მოხრილი დადიოდა, დიდი ნაბიჯებით. თითებს შეუმჩნევლად და რიტმულად  ათამაშებდა სიარულის დროს.       წიგნებით ცხოვრობდა გოგო.
მუსიკით ცხოვრობდა ბიჭი.
თავჩაღუნული დადიოდა ორივე.
26.05.2011
ორივე სრულიად შემთხვევით მოხვდა ერთ ქუჩაზე. ერთმანეთს ჩაუარეს, ორივემ ერთდროულად აწია თავი და სულ 2 წამით შეხედეს ერთმანეთს.

09.06.2011
უკვე 2 კვირა გავიდა და რაღაც აწუხებდა ორივეს, რაღაც მოგონება და ვერცერთს გაეხსენებინა რა. გულის თუ ტვინის შორეულ კუთხეში მიყუჟული და საცოდავად მობუზული გრძნობა.

26.06.2011.
2 კვირა იტანჯებოდა ტკივილებისგან გოგონა. მარტო მანქანის ფარები ახსოვდა, ბუნდოვნად და ვიღაცის შეშფოთებული სახე. კიდევ უფრო გაფერმკრთალდა და გაიცრიცა გოგონა, თვალები ჩაუცვივდა, მაგრამ აზრი არ დაუკარგავს.
-დააფიქსირეთ გარდაცვალების დრო 05:26! – ჩაჩით ოფლი მოიწმინდა ქანცგაწყვეტილმა ექიმმა.
05:26-ზე ბიჭს გამოეღვიძა. გულთან ახლოს ტკივილი იგრძნო.
ვეღარ დაიძინა.