Category Archives: მე და მე

მე მოსაწყენი გრაფინია ვარ

მე მოსაწყენი და ერთფეროვანი გოგო ვარ.
რატომ? ჩამოვთვლი მიზეზებს.


მე არ ვცდილობ ახალგაცნობილი ბიჭის მოხიბვლას (შებმას) განსაკუთრებული მეთოდებით, საერთოდ არ ვცდილობ პრინციპში.მე ნაკლებად  ვლაპარაკობ ინტიმურ და პიკანტურ თემებზე საჯაროდ, არც მეგობრებთან და საერთოდ არავისთან.

ყველაფერი მწყინს და მერე ვტირი. ისე ხშირად რომ დაიღლება ადამიანი ჩემი ყურებით.
მინდა, რომ სულ მაქებდნენ. არ მიყვარს როცა ჩემში რამე ნაკლს პოულობენ და მითითებენ. ვიცი რომ ჯანსაღი კრიტიკა კარგია, მაგრამ უსიამოვნოა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ არ ვიღებ მას.

კატასავით ვარ, მიყვარს, როცა მეფერებიან და თავზე ხელს მისმევენ, მაგრამ სამწუხაროდ ყოველთვის ასე არ ხდება და ეს ფაქტიც ცუდ ხასიათზე მაყენებს.

არ ჩავდივარ სიგიჟეებს. პირიქით, ამ ბოლო დროს ძალიან გაწონასწორებული გავხდი. მაგალიTისთვის არასოდეს მიცეკვია ქუჩაში, განსაკუთრებით მაშინ თუ ბევრი ხალხია. თუმცა წვიმის დროს გუბეებში ვჭყაპუნობ ხოლმე, მაგრამ ვერავინ მხედავს :)  დიდი სურვილი მაქვს იმის, რომ თუნდაც ერთხელ რამე ასეთი სისულელე გავაკეთო და არ ვიფიქრო შედეგზე, მოვეშვა, თორემ ნაადრევად დაბერებული მგონია ჩემი თავი.
მიყვარს კითხვა, კინო, მუსიკა და მხატვრობა. არა, ეს ძალიან კარგია, მაგრამ ვცდილობ ყველას ამ თემებზე ველაპარაკო და ზოგჯერ უხერხულ მდგომარეობაში ვაგდებ ადამიანებს და ხშირად ისინი “გამირბიან”.  ნუ, ეს ჩემი ბრალია, როგორც სხვა დანარჩენი.


მიყვარს სევდიანი მუსიკის მოსმენა, განსაკუთრებით მაშინ თუ ცუდ ხასიათზე ვარ. არადა პირიქით არ უნდა იყოს? უფრო მხიარულს არ უნდა ვუსმენდე? ყველა ნაბიჯს ძალიან ვუკვირდები და არ ვმოქმედებ ექსპრომტად. მოსაბეზრებელია. მარტო ყოფნა შემიყვარდა. უფრო მეტს ვფიქრობ, უფრო თავისუფლად ვარ და თავსაც კარგად ვგრძნობ, მაგრამ… ესეც მოსაწყენია სულ ვიცინი, მთელი დღის განმავლობაში, მაგრამ ეს სიცილიც არ არის გულიდან წამოსული და ძალდატანებითია. 
და ბოლოს, მივხვდი რომ ასე ცხოვრება მომბეზრდა, ყველაფერი ერთფეროვანია და დროა რაღაც შევცვალო, მაგრამ არ ვიცი რით დავიწყო. ჰოო დეპრესიაში ვარ მე მგონი და არც თმის შეჭრამ მიშველა. სანამ მოვიფიქრებ რა ვქნა და რით გავხალისდე მანამდე ისევ ასე ყოფნას გავაგრძელებ.p.s. ეს პოსტი იმისთვის არ დამიწერია, რომ შემაქოთ, მართლა :D

როგორ მომნატრებიხარ პატარა

როგორ მომნატრებია ბავშვობა…

18 წლის ვარ. წელს ჩავაბარე და პირველ დამოუკიდებელ ნაბიჯებს ვდგამ ცხოვრებაში. ვიცი ყველაზე კარგ ასაკში ვარ, არც ისე დიდი დრო მაშორებს ბავშვობასთან, მაგრამ მაინც მენატრება. ნელ-ნელა მემატება პასუხისმგებლობა პირველ რიგში საკუთარი თავის, შემდეგ მშობლების, მეგობრების,  ახლობლების წინაშე.  დაუფიქრებლად ვეღარ ვიმოქმედებ, წინასწარ განჭვრეტის გარეშე 1 სიტყვასაც ვერ ვიტყვი იმიტომ, რომ  შეიძლება ჩემს ნათქვამს სხვა ჩაეჭიდოს და ცუდი შედეგი მოჰყვეს.

დღეს ამ ხასიათზე დისნეის მულტფილმებმა დამაყენა.

როგორ მენატრება ზაფხულის არდადაგების პერიოდში დილით ადრე რომ ვდგებოდი და ტელევიზორში მუტფილმებს ვუყურებდი : “ფიფქია”, “კონკია”, “მძინარე მზეთუნახავი”, “პაპირუსი”, “პოკაჰონდასი”, “ჰერკულესი”, “განძის მაძიებლები”, “ალადინი”. “ურჩხული და მზეთუნახავი”, “ალისა საოცრებათა ქვეყანაში” … ბოლომდე რომ ჩამოვთვალო მთელი პოსტი ამაზე იქნება…

როგორ მენატრება დილაობით დედა რომ ფრთხილად მაღვიძებდა და საუზმის გარეშე არ მიშვებდა სკოლაში.

მაშინ არავინ გიყურებდა რა გეცვა, როგორ გამოიყურებოდი… როდის მოვასწარით ასე შეცვლა?

არ დამცინოთ :D

როგორ მენატრება ყველა გაკვეთილს რომ ვსწავლობდი და მაინც საკუთარი თავის უკმაყოფილო ვიყავი და მეშინოდა დაფასთან გამოსულს რამე არ შემშლოდა.

გაკვეთილების მომზადების შემდეგ ეზოში წრეში ბურთის და რეზინობანას თამაშიც მენატრება. იმავე ეზოში “საიდუმლო შტაბების” გაკეთება და თუთის ხეზე ძრომიალიც ძალიან მინდა.  უბნის ბიჭებთან  ”სტოპიატის” თამაშიც როგორ ტკბილად მახსენდება.  ისიც კარგად მახსოვს როგორ ვამწარებდით ერთმანეთს, მაგრამ ეგეც კი მენატრება…

სოფელში წასვლით გამოწვეული სიხარულიც მენატრება. ახლაც ძალიან მიყვარს იქაურობა და უზომოდ მიხარია იქ ჩასვლა, მაგრამ მაშინ სულ სხვა იყო. მთელი უბნის ბავშვები მთელი დღე ერთად ვიყავით : ხან კოცერტებს ვატარებდით, ხან კარავს ვდგამდით, კიბორჩხალებზე “სანადიროდაც” კი ვიყავით წასულები. ახლაც ასე ვართ, სულ ერთად, მაგრამ ყველანი ისე ვეღარ.  ცოტა გავუცხოვდით, გავიზარდეთ ალბათ…

ასტრიდ ლინდგრენის პირველად წაკითხვა მომენატრა…

ემილის ოინებზე სიცილი, პეპის სიჯიუტე და უცნაურობა,  კალე ბლუმკვისტის მიზანდასახულობა, კარლსონის სიკეთე და ყველა წაკითხული წიგნის საყვარელი პერსონაჟების მიბაძვა მენატრება. ახლაც მიკვირს ცალ-ცალი წინდით, ან  ზურგზე მიმაგრებული პროპელერით რომ არ დავდიოდი. სამაგიეროდ კალეს ვბაძავდი და ყველაფერში საეჭვოს ვეძებდი, ძირს დაგდებულ ქაღალდსაც არ ვტოვებდი უყურადღებოდ. ამ ყველაფერს ბავშვობა რად უნდა, მაგრამ მათი პირველად გაცნობის ბედნიერება მინდა განვიცადო თავიდან.

ეჰ, როგორ მომნატრებიხარ პატარა… :(

პ.ს. ჩემი 50-ე პოსტია :)

ნამდვილი გრაფინია

       მომბეზრდა კარგი გოგოს როლში ყოფნა :)  

         ჩემი  ბლოგის მუდმივი თუ იშვიათი მკითხველების უმრავლესობას ისეთ ადამიანად წარმოგიდგენივართ, როგორიც სინამდვილეში არ ვარ და ეს ალბათ ჩემი ბრალია. ამიტომ გამოვასწორებ შეცდომას  და გაგაცნობთ ჩემს თავს სხვა კუთხიდან.

  1. მე არ ვარ რომანტიული ადამიანი. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ეს ასეა. ჩემმა მეგობრებმა, აქ  გამოქვეყნებული პოსტების (ვერ ვიტან ამ სიტყვას და მითხარით რით ჩავანაცვლო) წაკითხვის შემდეგ გაოცება ვერ დამალეს, რადგან ვერასოდეს წარმოედგინათ თუ ოდესმე ასე სევდიანად და რომანტიულად დავწერდი. პრინციპში მეც მიკვირს.
  2. ჩემი არარომანტიულობიდან გამომდინარე ვერ ვიტან ფანჯრების წინ დანთებულ გულს, პლუშის სათამაშოებს, ვარდებს და წუთში 9874938674983678-ჯერ ნათქვამ “მიყვარხარს” და “ჩემი სიცოცხლე/ცხოვრება” ხარ. მომაბეზრებელ ზარებსა და მესიჯებს. შეიძლება ეს ყველაფერი იმის ბრალიც არის რომ არავინ მყვარებია.
  3. არ ვარ მელანქოლიური და სევდიანი. ძალიან მხიარული, აქტიური და ენერგიული ვარ. გაჩერებულს და დამჯდარს მარტო წიგნებთან და კომპიუტერთან თუ მნახავთ. ძირითადად ვიცინი და სხვებსაც ვამხიარულებ. მე თვითონ არ მიყვარს ეგრედწოდებული “მუდო” ტიპები.
  4. ძალიან ემოციური ვარ და ხშირად ვტირი. ყველაფერი ახლოს მიმაქვს გულთან და ერთი ცუდად ნათქვამი სიტყვაც კი მწყინს. მართლა ყველაფერზე ვტირი, წიგნებსა და ფილმებზე განსაკუთრებით. ყველაზე მეტი “კლასზე” ვიტირე, გულამომჯდარი ვქვითინებდი :)
  5. არ დავდივარ მომღიმარი. რამდენჯერმე ჩემი თავი დავიჭირე იმაში, რომ წარბშეკრული ვმოძრაობ. მაგრამ მთლად ასე მძიმედაც არ არის საქმე. ზოგჯერ ქუჩაში რაღაც სასაცილო გამახსენდება ხოლმე და მარტო ვიცინი.
  6. არ ვეწევი. რამდენიმე პოსტში ვახსენე სიგარეტი და შემდეგ რამდენიმე ადამიანმა მკითხა ამის შესახებ. არ ვეწევი იმიტომ, რომ არ მინდა ჯანმრთელობა კიდევ უფრო შევირყიო, სხვა მიზეზი არ მაქვს ნამდვილად :)
  7. არ მიყვარს ვარდისფერი. თქვენ წარმოიდგინეთ ამ ფერის მხოლოდ 2 ცალი მაისური მაქვს და არცერთი სამკაული, ან აქსესუარი.
  8. ზოგჯერ ვბილწსიტყვაობ ხოლმე. ვაღიარებ :) მაგრამ ეს ძალიან იშვიათაფ ხდება, ისიც უახლოეს მეგობრებთან და მაშინ, როდესაც ძალიან გაბრაზებული ვარ :)

Lifestyle




ზოგჯერ მე ვამბობ “კის” და ვგულისხმობ “არას”.
უფრო ხშირად მე ვამბობ “არას” და ვგულისხმობ “კის”.
ზოგჯერ მე უმიზეზოდ ვარ კარგ ხასიათზე.
უფრო ხშირად- უმიზეზოდ ვარ ცუდ ხასიათზე.
ზოგჯერ მე ჩემს დას ვეფერები.
                                                უფრო ხშირად -ვეჩხუბები.
მარცხენა ჩემი დაა :) ))
ზოგჯერ მე მინდება ყველას ჩავეხუტო, ვინც ირგვლივ მყავს.♥♥ 
უფრო ხშირად-არ მინდება.
ზოგჯერ არ მსიამოვნებს რომ მეხებიან.
უფრო ხშირად მიყვარს თმაზე რომ მეფერებიან.
ზოგჯერ მინდება რამე კარგი დავწერო.
უფრო ხშირად არ გამომდის.
ზოგჯერ მე ძალიან ვიხსნები ადამიანებთან.
უფრო ხშირად ისინი სარგებლობენ ამით.
ზოგჯერ მე მინდება პირველმა მივწერო.
უფრო ხშირად სიამაყე არ მაძლევს ამის უფლებას.
ზოგჯერ მე მინდება საკუთარი თავი ყველაზე წინ დავაყენო.
უფრო ხშირად არ გამომდის ეს.

ზოგჯერ მინდება ვინმეს ჩემი თავი ისეთი დავანახო, როგორიც ნამდვილად ვარ.
უფრო ხშირად საპირისპირო გამომდის.
პ.ს. სულ მინდა რომ შემოვდივარ ახალი კომენტარები დამხვდეს.
        უფრო ხშირად არ მხვდება! :D

წვიმა

   

  დღეს 2 ივნისია, ზაფხულის მეორე დღე. საშინლად კარგად წვიმის გარეთ, ივნისში რომ იცის ისე. ჩქარი და შხაპუნა წვიმა, ისეთი გარეთ გასვლას და გუბეებში ჭყაპუნს რომ მოგანდომებს. როგორ მიყვარს ასეთ დროს ფანჯრიდან გამვლელების ყურება, სწრაფი ნაბიჯებით რომ გარბიან სახლებისკენ და მოჩვენებითი სერიოზულობით ცდილობენ ეს აჩქარება დაფარონ, რათა თავი სასაცილო მდგომარეობაში არ ჩაიგდონ. არადა ამ დროს უფრო სასაცილოები არიან. ასეთ ამინდში აივანზე დგომა და წვიმაში ხელების გაშვერაც მიყვარს. წვეთები რომ სწრაფად ეცემიან ხელისგულებზე და ვიწუწები…  აივანზე კარადაზე ჩიტები იბუზებიან და ჩემს დანახვაზე არ ფრთხებიან, რადგან ყურადღებას დიდად არც ვაქცევ მათ, ჩემთვის ვერთობი.  

მინდა თუ არ მინდა მაინც მომიწევს გარეთ გასვლა და დასველება. ქოლგას თან არ წავიღებ, არ მიყვარს, ზამთარშიც კი არ დამაქვს თან.  ამ დროს არ ავჩქარდები და ნელა ვივლი, რომ დავსველდე ზაფხულის წვიმით, თუ ავჩქარდი არ დავმალავ ამას…

წვიმიან ამინდში ყვავილებს მოვრწყავ პეპი გრძელიწინდასავით.

ჯადოსნური ჯოხი

      დღეს ის ქალი ვნახე ამ პოსტში რომ ვახსენე. ისევ ისეთი იყო, ოღონდ ამჯერად წინანდელისგან განსხვავებით ყველაფერი მწვანე ეცვა (წინაზე ცისფერი). ისევ იმ ნომერ ავტობუსში, ისევ ჩემთან ახლოს დაჯდა. რომ შევხედე სურვილი გამიჩნდა გამექრო.
       ნეტავ ჯადოსნური ჯოხი მომცა…

Keep calm კი არა შოკოლადი მინდა !

შევძლებ!

ღამის 1-ლი საათი, წვიმა, რძიანი ყავა და სასიამოვნო მუსიკა საუკეთესო პირობებია რამის წასაკითხად, ან დასაწერად. ასე რომ, ვიქმნი განწყობას და ვიწყებ წერას.   
    
მე ვარ ადამიანი, ჩვეულებრივი ცოდვილი ადამიანი, რომელსაც ჰყავს მეგობრები, მტრები და სხვანი და სხვანი.  ცხოვრობს ჩვეულებრივად. დგება დილით, საუზმობს (ზოგჯერ), გადის სახლიდან მაგრამ  :
    
საკმაოდ ამბიციური ვარ არა? პრინციპში რატომაც არა? რა არის ცუდი ამ იდეაში? არც არაფერი, თუ უკეთესობისკენ შევცვლი. მაგრამ რა უნდა გავაკეთო ამისთვის?
დარწმუნებული ვარ თითოეულ თქვენგანს წარმოგიდგენიათ თავი ფილმის გმირად, თანაც არაერთხელ. მათ შორის მეც. ძირითადად ის გმირი ვარ ხოლმე, რომელიც გადატრიალებას ახდენს ვინმეს ცნობიერებაში. ამასთანავე ნელ-ნელა ვრწმუნდები, რომ სამყაროს შესაცვლელად რაღაც გრანდიოზულად ცუდი უნდა მოხდეს. ღირს კი ამის ფასად ნებისმიერი ცვლილება? მაგრამ იქნებ სხვა გზაც არსებობს?
თუმცა მე ვიცი ერთი, არა ორი გზა. რამდენი ადამიანია, რომელმაც თავისი შემოქმედებით ყველაფერი შეცვალა? თუნდაც მწერლები, პოეტები, მხატვრები, რეჟისორები… ხელოვანი ადამიანები. მე არ მაქვს პრეტენზია მაგხელა ნიჭზე, მაგრამ რომ შემეძლოს დაუფიქრებლად შევქმნიდი ისეთ რამეს, რითაც  გადატრიალებას მოვახდენდი ადამიანებში.
სხვათა შორის ძალიან მომწონს Pay it forward-ში გაჟღერებული გეგმა. მე სიამოვნებით განვახორციელებდი მას. ჰო, ვიცი, ვიცი რომ ზღაპრების მჯერა მაგრამ ამ ზღაპრებით ცხოვრება მირჩევნია რეალობის თვალებში ყურებას.
არის მეორე გზაც. თვითონ უნდა შევიქმნა ისეთი გარემო, როგრიც მინდა. თუმცა ეს ძალიან რთულია. ამისთვის სახლში უნდა გამოვიკეტო და ყველაფერს მოვწყდე. ეს კი არ მინდა.
ასეა  თუ ისეა, მირჩევნია ვიცხოვრო ოცნებით, რომ ოდესმე რამეს შევცვლი, ვიდრე საერთოდ არ ვიფიქრო ამაზე. თანაც ოცნება ხომ უკვე სამყაროა?

ჩემი სახლი

ძველი სახლი მინდა, სადაც მარტო ვიცხოვრებ.
რა თქმა უნდა თანამედროვე,  ”სუპერ” სახლები მომწონს, მაგრამ ძველს სულ სხვა ხიბლი აქვს. 
წარმოიდგინეთ სახლი ძველი შპალერით, მაღალი ჭერით, სქელი ფარდებით, გარედან დარაბებით და ხის ძველი კიბით. სახლი, რომელშიც სულ დგას სიძველის სუნი, მტვრის, წიგნების, ძველი ნივთების, ყველაფრის ერთად.
 საძინებელში დიდი საწოლი, რომელსაც ორივე მხრიდან სანათი უდგას ტუმბოზე. იქვეა მაღალი კარადა, ძველებური სარკე და საწოლის ზემოთ ნახატი.  ოთახში წითელი ფერის კედლები  და ხალიჩა იქნებოდა.

  

მისაღები: (ჰოლი, ზალა რაც გინდათ ის დაარქვით.)  ამ ოთახში იქნებოდა ჭერამდე წიგნის  თაროები. პატარა მაგიდა, მაგიდის გვერდით სარწეველა სკამი და სკამთან გრძელი სანათი.  მისაღებში იქნებოდა სავარძლები, ტელევიზორი და რადიო. მაგიდაზე ყოველთვის იქნებოდა ჭიქა წყლით, სათვალე, საფერფლე და სიგარეტი. ოთახში იქნებოდა 2 დიდი ფანჯარა სქელი ფარდებით, რომელსაც დილით, ადგომისთანავე გადავწევდი.

სამზარეულოში და სასადილო იქნებოდა ერთად, თეთრი ფერის კარადებით და მინის მაგიდით დამშვენებული, რომელზეც ტელეფონი იდგმებოდა.  ამ ოთახში ყველაზე ნაკლებ დროს გავატარებდი ალბათ.

აბაზანაში იქნებოდა ფარდა. (მეტი ფიქრი ამ ოთახზე მეზარება) 

   

შემოსასვლელში კარადა იდგმებოდა, რომელსაც გვერდზე სარკე ექნებოდა მიმაგრებული. 

 სახლი  გარედან :

ამ სახლში შევიკრიბებოდით, დავლევდით ყავას და ვილაპარაკებდით ყველაფერზე (და არა ყველაზე)

პ.ს. პენსიონერი ვარ ხო? :) ))))
 ვთაგავ პეპერლენდსა და გლეხის ბიჭს !

ტრაგიზმი

     საზიზღარ ხასიათზე ვარ…
     არ მინდა ვიწუწუნო, მაგრამ მაინც ვწუწუნებ და სულ არ მიმაჩნია, რომ ბლოგზე პირად პრობლემებზე არ უნდა წერო.  ვისაც არ გინდათ არ წაიკითხოთ და მორჩა !
უკვე ამას ვგავარ.

      სამ კვირაში (არც კი) სკოლას ვამთავრებ. ვერ ვიტყვი, რომ გული მწყდება. რაღაც მომენტში მომენატრება ალბათ, მაგრამ ისე ნამდვილად არ ვარ, რომ ვგლოვობდე სკოლის ეტაპის გავლას.
     23 მაისს საატესტატო გამოცდები მეწყება და ძალიან ვნერვიულობ.
     ბოლო ზარი მოდის და მზად არაფერია.
     ბანკეტისთვის კი მაქვს დრო, მაგრამ ატესტატის გამოცდების შემდეგ ვნახოთ რა ხასიათზე ვიქნები და თუ მექნება რამის თავი.
     3 კვირა დარჩა და სკოლაში გაცდენებზე შეგვჭამეს.
      ყოველდღე ზოგიერთი მასწავლებელი ყვავივით დაგვჩხავის თავზე (სექტემბრიდან მოყოლებული), რომ ვერ ჩავაბარებთ გამოცდებს. ყელში ამომივიდა !!!
     აგრეთვე, ყოველდღე მასწავლებლები ამბობენ, რომ არ გვადარდებს ჩვენ ეს გამოცდები და რომ ისინი ჩვენზე მეტად ღელავენ. გასაგებია რომ ჩვენზე ნერვიულობენ (?) , მაგრამ დავითრგუნეთ უკვე.
      ჩემი დაბადების დღე გამოცდების შუა პერიოდს ემთხვევა და ცხოვრებაში პირველად მინდა ეს დრო გაიწელოს.
     წიგნებისკენ გახედვა აღარ მინდა, მეცადინეობა მეზარება.
     დირექტორმა გამოსაშვებ კლასებს დაგვავალა დაგვეწერა “რა მომცა სკოლამ” და ვერ ვიფიქრებ რა დავწერო…
       რომელ წყალს მივცე თავი?
    ერთ-ერთი გზა პრობლემის გადასაჭრელად

ერთი შეხედვით სისულელეები, ტკბილად რომ მახსენდება

      თავი მოვინიშნე ჩემი ნებით ამ პოსტში და ვაგრძელებ მას, ანუ გადმომაქვს ჩემზე.
  • 2 წლის წინ მეგობრებთან ერთად სეირნობის დროს ძალიან თბილად მივესალმე უცნობ ადამიანს იმიტომ, რომ ჩემს მეზობელში  ამერია. დღემდე ვწითლდები ამაზე, მაგრამ მაინც მეცინება იმის სახე რომ მახსენდება. თან ხშირად ვხედავ მიხდება მისი ნახვა და ყოველ ნახვაზე ვწითლდები.
  • 2009 წლის 31 დეკემბერს მაღაზიაში მივდიოდით მე და ანი. ანის ყინულზე ფეხი აუცურდა და წაქცევას გადარჩა, რაზეც მე სასტიკად დავცინე და ზუსტად 2 წამში ფეხები ერთმანეთში “ამებლანდა” და ძირს დავენარცხე. ამაზეა ნათქვამი ნუ დასცინი სხვასაო…
  • დაახლოებით ერთი თვის წინ დრო ამერია და მათემატიკაზე 2 საათით ადრე მივედი, 10:30-ზე 13:30-ის ნაცვლად.
  • ტკბილად მახსენდება მეგობრებთან ერთად დალევა, მაგრამ ვიდეოებს რომ ვნახულობ ყოველ ჯერზე პირობას ვდებ, რომ აღარ დავლევ.
  • გასულ ზაფხულს, სოფელში, სახლში ღამის 3 საათზე შესული დილის 6 საათამდე გარეთ ვიჯექი და სანამ მთვარე იყო ვუყურებდი, მერე რომ ჩავიდა მზის ამოსვლას ვაკვირდებოდი. დილით ადრიანად გაღვიძებულმა ბებიაჩემმა რომ დამინახა დამლოცა რა ადრიანად ამდგარხარ ბებო შემოგევლოსო :) )))))
  • წელს სოფელში სიმინდი მოვპარეთ და მერე აღმოჩნდა რომ ერთ-ერთი ჩვენგანის ბებიის დათესილი სიმინდი მოგვიპარავს. კი შეგვრცხვა, მაგრამ… 
  •  სოფელში ძალიან დიდი და კეთილი ძაღლი მყავდა, რომლისაც ყველას ეშინოდა (1 თვის წინ მოკვდა :( (( ) და ერთხელ ბავშვებს მოვატყუე გაგვექცა-მეთქი და მოვლითი გზებით წავიდნენ სახლში. 
   მეტი აღარ მახსენდება, არადა გასახსენებლი ძალიან ბევრია.  ♥
  • ჩამატება . 4 წლის წინ ახალ წელს ყველა სახლი რომ მოვიარე და ყველგან დავლიე 1-2 ჭიქა და უკვე კარგ მდგომარეობაში ვიყავი შემხვდა ჩემი მეგობარი და ახლა გამახსენა   რა მოხდა იმ ღამეს  Sergi Iobashvili : me movdiodi skolis ezoshi magrad davliet orma erti ertze 1,5  litra arayi da shen shemxvdi 18 korpustan. da iseti mtvrali viyavi fexs dzlisv vadgavdi magram shen gamoichine zdiloba da mainc tavi mimacilebine. im ghames kinagham movkvdi
    14 wlis viyavi da litra naxevari arayi araa cota
    magasakistvis
    kiarad aarc exlaa cota :) )))))))))))))))))))))))))))))))))
პ.ს. ვთაგავ გენიალურს და  გლეხის ბიჭს. თქვენ რომ დაწერთ, მერე სხვებიც მონიშნეთ ;)

მე ვარ ეგოისტი !

      ჩვენ ვართ ეგოისტები! 
      არ მიგაჩნია შენი თავი ეგოისტად? მე დაგიმტკიცებ რომ ხარ !
      შენი ნებისმიერი ქმედება მიმართულია შენსავე სასიკეთოდ! 
      შენ რომ ეკლესიის შესასვლელთან მდგარ მათხოვარს ხურდას აძლევ, რა გგონია მისთვის აკეთებ თუ შენთვის? შეცდი !- ამას შენს სასიკეთოდ აკეთებ, რადგან მოვალეობას იხდისავით და სინდისს იმშვიდებ. მართალია სხვას ეხმარები, მაგრამ ამით საკუთარ თავს უფრო დიდ სიამოვნებას ანიჭებ, რადგან სულის სიმშვიდეს (თუ რაღაც ამდაგვარს) მოიპოვებ და სინდისის წინაშე სუფთა ხარ!
       და  შენ რა გგონია მარტო შენ ხარ ეგოისტი? არა, მეც ვარ, ყველა არის. ჩემს ნებისმიერ პოსტს რომ დაუკვირდე მიხვდები, რომ მე ჩემს თავზე ვზრუნავ. 
       მე არ მინდა ქუჩაში მოღუშულ სახეებს ვხედავდე არა იმიტომ, რომ ხალხის ბედნიერებაზე ვოცნებობ, ისევ ჩემი თავისთვის, რადგან ვითრგუნები. მე არ მინდა ნარკომანები არსებობდნენ არა იმიტომ, რომ მათ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ვზრუნავ, არამედ არ მსიამოვნებს გაუბედურებულ ხალხს რომ ვხედავ.
       მე მინდა დედამიწა დარესტარტდეს არა იმიტომ, რომ დაისვენოს და ახალი ცხოვრება დაიწყოს ახალი ენერგიით, არამედ მე გავქრე.
       მე მინდა რეზი გადინოზავრდეს არა იმიტომ, რომ თავისი ოცნება აისრულოს, არამედ პარაზიტები მოაშოროს დედამიწას, თან ვიცი, რომ მე არაფერს დამიშავებს :) ))))))
        მე მინდა ხალხმა კითხვა დაიწყოს არა იმიტომ, რომ მათ განათლება მიიღონ და “გაადამიანდნენ”, არამედ  მე მათთან ურთიერთობა არ გამიჭირდეს და ვისიამოვნო მათთან გატარებული თუნდაც 1 წუთით.
მე მინდა ჩემს სიკვდილზე იფიქროთ იმიტომ, რომ მიხვდეთ ვის დაკარგავთ.
        მე მინდა ჩემი ბლოგი წაიკითხოთ, მაგრამ მე თქვენზე სულ არ ვფიქრობ. მე მინდა თუნდაც 1 წამით გაქციოთ კარგ ადამიანებად, რადგან თავს მეც კარგად ვიგრძნობ.
        და ასე მარტო მე კი არ ვარ.  ყველანი   ეგოისტები ვართ და ვერავინ გადამარწმუნებს. ვეგოისტობთ მაშინაც კი, როცა ჩვენი აზრით ძალიან კეთილშობილურ საქმეს ვაკეთებთ.
        მე არ ვარ ეგოიზმის წინააღმდეგი! ვიყოთ ასეთი ეგოისტები !!! 

ჩემი, ჩვენი ♥

    დღეს დავბრუნდი სოფლიდან.  აღდგომას ჩასვლა ყოველთვის მიყვარს. იქ ყოფნას დადებითი მხარეებიც აქვს და უარყოფითიც.
     დადებითი : ვისვენებ მოღუშული სახეებისგან და ყველა ღიმილით მხვდება და მესალმება. ვნახულობ ჩემს ყველაზე საყვარელ ადამიანებს, მათთან ერთად ვერთობი ძალიან ძალიან მაგრად. სწავლისგან რამდენიმე დღით ვთავისუფლდები. ვნახულობ ბებიებს, რომლებიც ისე მევლებიან თავს, რომ თავი დედოფალი თუ არა გრაფინია მართლა მგონია. ვწყდები ტექნიკას (იქაც კი მაქვს მაგრამ სად მცალია მაგისთვის). დავდივარ ბევრს იმიტომ, რომ ყველას და ყველაფრის ნახვა მინდა მოვასწრო. ვეფერები ყველას იმიტომ, რომ ვიცი რამდენიმე თვე ვეღარ ვნახავ.
  ვაიმე როგორ მიყვარხართ ♥

   უარყოფითი : კვირას, აღდგომას, ვხედავ როგორ თამაშობენ ეკლესიის წინ, საფლავის ქვაზე “სეკას” ფულზე და ვერაფერს ვაკეთებ, არადა დიდი სურვილი მაქვს თავზე დავალეწო რამე! ვხედავ გალეშილ ხალხს და ალკოჰოლისგან ტვინგაბრუებულ ადამიანებს, რაც აგრესიას იწვევს ჩემში. ვიგებ რომ ამ წმინდა დღესასწაულზე ვიღაცებმა iჩხუბეს და თან არაერთხელ. მკოცნის ის ხალხი, რომელსაც არ ვიცნობ და მიქებენ მშობლებს, ოჯახს, ბებია-ბაბუას და თვალებს :) )))) ყველა მეკითხება სად ვაბარებ და როგორ ვემზადები.  უკან დაბრუნებისას მეტირება.

ჩემი სოფელი

მიუხედავად ამ ყველაფრისა მაინც ძალიან მიყვარს იქაურობა იმიტომ, რომ თბილი გარემოა, საყვარელ ადამიანებს ვხვდები და ბევრი ტკბილ-მწარე დღე მაკავშირებს მასთან. ერთი სული მაქვს როდის ჩავალ კიდევ  ♥

ფერადი გოგო და ნაცრისფერი ქალაქი

იყო და არა იყო რა…
ნაცრისფერ ქალაქში ცხოვრობდა ერთი ფერადი  გოგო.
ფერადი იმიტომ, რომ სულ  სხვადასხვა ფერის ტანსაცმელს იცვამდა და ვარდისფერმინებიან სათვალეს ატარებდა.
ნაცრისფერი ქალაქის მცხოვრებლები თვითონაც ნაცრისფერები იყვნენ და ფერად გოგოს თავიდან გაოცებულები, შემდეგ კი ამრეზით უყურებდნენ. თვითონ მუქ ფერებში ჩაცმულები ვერ იღებდნენ მათგან განსხვავებულ ადამიანს, ვერ ეგუებოდნენ.
გოგო ვერ ამჩნევდა ხალხის დამოკიდებულებას იმიტომ, რომ ვარდისფერი სათვალე ეკეთა და დადიოდა ასე უშფოთველად და უდარდელად .
ის სათვალეს არ იშორებდა და ამიტომაც დადიოდა მუდამ მომღიმარი. გოგოს ყველაფერი უხაროდა, წვიმიანი ამინდიც კი, რადგან მისი სათვალიდან წვიმა ფერადი და ლამაზი ჩანდა, ხოლო ქალაქის ნაცრისფერი და ჩაშავებული ქუჩები ფერადი და მშვენიერი.
ეს გრძელდებოდა მანამ, სანამ ქუჩაში მიმავალს ვიღაც არ დაეჯახა. სათვალე ძირს დავარდა და დაიფშვნა.
ფერადი გოგო გაოცდა მოღუშული ქალაქის დანახვაზე. მან ვერც სათვალის შეკოწიწება შეძლო, რომ ძველებურად შეეხედა ქალაქისთვის და უსიამოვნოდ გაოგნებული სახლისკენ წავიდა.
ახლა მან შეძლო ყველაფერი ისეთი დაენახა, როგორიც იყო. ის გრძნოდა დაძაბულ მზერას  გამვლელებისგან. იმასაც მიხვდა, რომ ყველასგან გამოირჩეოდა. მან ვერ გაუძლო… ამიტომ ნაბიჯს აუჩქარა. ერთი სული ჰქონდა სახლში როდის მივიდოდა, რომ ამ ავ თვალებს მოშორებოდა.
მეორე დღეს ფერადი გოგოც განაცრისფრდა.

ამელის მოტივებზე

     მე ზუსტად ვიცი, რომ  ამ ქალაქში არსებობს ვიღაც, რომელიც ჩემნაირია.
ფიქრობს იმ დროს, როდესაც მეც ვფიქრობ. თანაც იმაზე, რაზეც მე.
ორივეს გვაწუხებს ერთი და იგივე პრობლემა.
     ორივეს გვაქვს ერთი ოცნება, ერთი მიზანი,
ორივენი ვართ ზარმაცები.
ორივე ვკითხულობთ ერთდროულად, შეიძლება განსხვავებულ წიგნს, მაგრამ ერთროულად.
ორივე ვიღვიძებთ ერთ დროს და საწოლიდან ადგომისას პირველად ფანჯარაში ვიხედებით.
ორივე ერთდროულად გამოვდივართ სახლიდან და მივდივართ განსხვავებული მიმართულებით, მაგრამ ერთად გამოვდივართ…
     ორივეს გვამშვიდებს მუსიკა, თანაც ერთნაირი მუსიკა.
     ორივეს გვიყვარს ფილმების ყურება, ორივეს “ამელი” გვიყვარს ყველაზე მეტად.
     ორივეს გვიყვარს ლიტერატურა.
     ორივეს გვიყვარს იასამანი და გვინდა ყველგან იყოს.
     ორივეს გვეზარება მეცადინეობა, მაგრამ გვიყვარს ცოდნის მიღება.
     ორივეს გვიჭირს სითბოს გამოხატვა, მაგრამ გვიყვარს ყველა ჩვენებურად.
     ორივე ვუშვებთ ერთნაირ შეცდომებს და მერე ერთნაირადვე ვნანობთ და არ ვაღიარებთ.
     ორივეს გვაღიზიანებს უზრდელი ადამიანები.
     ორივეს გვიყვარს წყლის დალევა მაშინ, როდესაც არ გვწყურია.
     ორივეს გვიყვარს შოკოლადის ჭამა ქუჩაში.
     ორივეს გვიყვარს თმაზე მოფერება.
     ორივეს გვიყვარს ძველ ნივთებში ქექვა და საერთოდ ძველი ნივთები.
     ჩვენ არ გვიყვარს  წიგნის მტვრიანი  თაროები, მაგრამ გვიყვარს მტვრიანი წიგნის სუნი.
     ორივეს გვიყვარდა ბავშვობაში სათამაშოების დალეწვა.
    ორივეს გვიყვარს, როდესაც რამეს გვჩუქნიან, შეიძლება სულ უმნიშვნელოს, მაგრამ მაინც გვიხარია.
      ზოგჯერ ორივე თვალს ვარიდებთ ნაცნობებს და რატომ ვიქცევით ასე არცერთმა ვიცით.
     ორივეს გვიყვარს ჩვენთვის საინტერესო თემებზე ლაპარაკი.
     ორივეს გვეზიზღება, როდესაც ფეხით გადადიან იქ, სადაც მიწისქვეშა გადასასვლელია.
     ორივეს გვიყვარს  ფეხით სიარული.
     ორივეს გვინდება ხოლმე მარტო ყოფნა მაშინ, როდესაც ირგვლივ ბევრი ხალხია.
     ორივეს გვინდა სამყაროს შეცვლა და არცერთმა ვიცით რითი დავიწყოთ,
     ჩვენ არ გვიყვარს, როდესაც რამეს გვაძალებენ.
ჩვენ გვიყვარს ადამიანები, რომლებსაც ჩვენი უსიტყვოდ ესმის. მერე რა რომ ასეთები ცოტანი არიან?!
      ორივეს ყველაზე მეტად გვიყვარს ბავშვობის მეგობრები.
      ზოგჯერ ორივეს გვინდება ხოლმე სრულიად უცნობ ადამიანს გადავუშალოთ გული, მაგრამ ამას მაინც არ ვაკეთებთ.
      მე ვიცი, რომ მანაც იცის ჩემი არსებობის შესახებ.
და ჩვენ ერთდროულად ვფიქრობთ ერთმანეთზე, თუმცა არ ვიცით ერთმანეთის ვინაობა.
      და ჩვენ აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს  ^_^

ჩემი იასამანი

     საერთოდ არ მიყვარს ყვავილები, განსაკუთრებით ვარდი, მითუმეტეს ვარდობისთვეში ვარ დაბადებული.  სულ რამდენიმე ყვავილი მიყვარს : იასამანი, ია და გვირილა.
     იასამანი სითბოსთან ერთად შემოდის ჩემს ცხოვრებაში. სითბო კი სიცივეზე მეტად მიყვარს.
      სადღაც 1 თვის წინ, მეცადინეობის დროს, იასამნის სუნი ვიგრძენი (მომეჩვენა). იმის მერე ავიჩემე რომ იასამანი მინდა. არადა მართლა მინდა, ძალიან მინდა.  ისე ძალიან, რომ უკვე ჰალუცინაციები დამეწყო :) ) და რა მოითმენს მაისამდე? მანამდე არ შემოდის მგონი.
    საერთოდ გაზაფხულის მოსვლა იმიტომ მიხარია, რომ თბება ^_^ თბილ ტანსაცმელს ვიხდი და თხლად ჩაცმული დავდივარ. თან კიდევ იცით რა მიყვარს? ხეები რომ ყვავდება და  მისი სუნი დგას ყველგან. განსაკუთრებით ატმის და ტყემლის ყვავილის სუნი მომწონს. გაზაფხულზე, ასეთ მზიან ამინდში  ხის ქვეშ ჯდომას და წიგნის კითხვას რა სჯობს? ვერაფერი.
   იასამანმაც წიგნამდე მიმიყვანა. :) ) ჩემი იასამანი. ყველა ყვავილისგან გამორჩეულია ფერით, სუნით, გარეგნობით. ოღონდ მე იასამნისფერი იასამანი მიყვარს და არა თეთრი! ის არის ნამდვილი.

    კიდევ იცით რისი სუნი მიყვარს? აკაციის. ყველასგან გასხვავებულია, მძაფრი და სასიამოვნო.  გარეგნობით დიდად არ გამოირჩევა მაგრამ სუნი… გასაოცარი აქვს.
 
  ეს ლექსი კი რაღაც წიგნში ამოვიკითხე:

 Du bist etwas anderes ,
Nie ist deinesgleichen,
Du bist ein meer
Ein hub bist du,
Die flieder ist meine seele
Du bist meine seele die flieder.
ქართულად გუგლში ვთარგმნე და მერე ჩემებურად ავაწყე  :   
                                                               
                                                                 შენ ხარ ვიღაც სხვა,
არავინაა შენი მსგავსი.
შენ ხარ ზღვა,
 სამყაროს ცენტრი ხარ.
იასამანი ჩემი სულია,
შენ ხარ ჩემი სული იასამანო! 
    დაახლოებით ასე ჟღერს თარგმანი და ეს ლექსიც იასამნის გამო მიყვარს.
    პ.ს. ჩემი გახარება თუ გინდათ იასამანი მაჩუქეთ ვინმემ !!! 




   
   

ჩემი სიკვდილის შემდეგ…

     ოთახში სიჩუმეს მხოლოდ ჩუმი ქვითინი არღვევს. ხმას არავინ იღებს. მხოლოდ რამდენიმეჯერ გადაუჩურჩულებენ იქ მყოფები ერთმანეთს, ისიც 1-2 სიტყვას. ლაპარაკის თავი არავის აქვს. სევდისმომგვრელი დუმილი მეფობს , რომლის ერთადერთი მიზეზი სიკვდილია.

     ის ისე უცებ შემოიჭრა ოჯახში, როგორც ზამთრის სიცივე შემოვარდება ხოლმე გაღებული კარიდან. გონზე მოსვლა ვერავინ შეძლო. ახლაც, როდესაც მისი კუბო უდგათ წინ მაინც ვერ იჯერებენ რომ ეს მოხდა. ძნელია გააანალიზო ახლობელი ადამიანის სიკვდილი. მითუმეტეს მშობლისთვის, ან დისთვის. ისეთი შეგრძნება ჰქონდათ, თითქოს გულიდან რაღაც ამოაცალეს, ვიღაც ამოგლიჯეს მათ სულს. თუმცა ვიტყუები, არანაირი შეგრძნება არ ჰქონდათ.
     პირველივე დღეს უამრავი ადამიანი მივიდა მათთან თანაგრძნობის გამოსახატავად, მაგრამ ეს ვის აინტერესებდა. ნელ-ნელა აღიზიანებდათ კიდეც მათი დანახვა. ახალგაზრდა გოგონას სიკვდილი არავის გაუხარდებოდა, მაგრამ ვერავინ ისე ვერ განიცდიდა ამას, როგორც თვითონ. ძალით დასევდიანებული სახეების დანახვა ზიზღს გვრიდათ.
     ის კი იდგა ოთახის  კუთხეში და ყველაფერს თვალს ადევნებდა. გული სტკიოდა იმის დანახვაზე, თუ როგორ იტანჯებოდნენ მისი საყვარელი ადამიანები მისი წასვლის შემდეგ. უნდოდა მისულიყო, მოფერებოდა, მიეცა სითბო, რომლის მიცემაც სიცოცხლეში ვერ შეძლო.
     ხედავდა ხალხს. ზოგს არც კი იცნობდა. ზოგთან სიცოცხლეში არც თუ ისე კარგი ურთიერთობა ჰქონდა და ეხლა უკვირდა აცრემლებულს რომ ხედავდა. უმრავლესობა კი მისი გულის ნაწილი იყო, ადამიანები რომლებიც მისთვის ცხოვრების აზრი იყო. ამიტომ ვერ იტანდა მათ ცრემლიან სახეებს, მითუმეტეს მისი მიზეზით აცრემლებულს. გული ეკუმშებოდა. ახლაც მოვიტყუე, მას ხომ გული აღარ ჰქონდა.
    იდგა ოთახში და ხედავდა ცივ კუბოში დასვენებულ ახალგაზრდა სხეულს, რომელიც ერთ დროს მისი ნაწილი იყო, მასში იყო გამთლიანებული, მის გარეშე ყოფა ვერ წარმოედგინა. როგორი სევდისმომგვრელი იყო ამის ყურება. თუნდაც 1 დღის უკან დაბრუნება რომ შესძლებოდა… ბევრ რამეს შეცვლიდა. ყველას მოეფერებოდა, ჩაეხუტებოდა, დაემშვიდობებოდა. დიდი ხნის უნახავ ადამიანებს ნახავდა, მათაც მათ წილ სითბოს მისცემდა.  ერთ დღეში იმდენ რამეს გააკეთებდა, რაც სიცოცხლეში ვერ (არ) მოასწრო.
     თავის ცხოვრებას რომ გადახედა ბევრი რამ ინანა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ერთი კი იცოდა, რომ ცოდნოდა ასე მალე გამოეთხოვებოდა სიცოხლეს, ყველაფერს, სულ ყველაფერს სხვანაირად გააკეთებდა, ცხოვრებას სხვანაირად წარმართავდა. ახლა კი მხოლოდ ის დარჩენოდა დედამიწაზე ყოფნის უკანასკნელი დღეები ახლობლებთან გაეტარებინა. ცუდი კი ის იყო, რომ ისინი ვერ დაინახავდნენ, ვერ შეეხებოდნენ. თვითონ კი ყველანაირად აგრძნობინებდა იქ ყოფნას, მაგრამ იმას ფიქრობდა არ შეეშინებინა თავისიანები. მიცვალებულების ხომ თვითონაც ძალიან ეშინოდა სიცოცხლეში, როგორი ახლობელიც უნდა ყოფილიყო ის.
   
   პ.ს. არასოდეს გიფიქრია რა რეაქცია ექნებოდათ შენს ახლობლებს შენი სიკვდილის შესახებ რომ გაიგებდნენ? ან ვინ მოვიდოდა შენს პანაშვიდზე? ან რა მოხდებოდა გასვენებაზე? მე კიდევ ძალიან ხშირად მიფიქრია და წარმომიდგენია ეს სიტუაცია. ისე მძაფრად, რომ მიტირია კიდეც :) ) ასეთი ფიქრების შემდეგ ვხვდები, რომ სხვანაირად უნდა ვიცხოვრო და ვცხოვრობ კიდეც რამდენიმე დღე. მერე მავიწყდება და ისევ ისეთი ვხვდები, როგორიც ამ წარმოდგენებამდე ვიყავი. შენც რაც უფრო ხშირად იფიქრებ ამაზე, მით უფრო ხშირად შეიცვლები და ამ ხშირ ცვლაში იქნებ ისეთი გახდე, როგორიც გინდა რომ იყო მაგრამ ვერ (არ) ხარ?


პ.პ.ს.   არ მინდა ჩემს დაკრძალვაზე იტიროთ. ყველაზე კარგი იქნება თუ ისე გაერთობით, როგორც მე მიყვარდა. მე კი ზემოდან გადმოგხედავთ ხოლმე და ჩემს სიახლოვეს ყოველთვის იგრძნობთ, ჭირშიც და ლხინშიც.
   

ნაწყვეტი ჩემი დაუსრულებელი წიგნიდან "After Hitlers’ Kampf"

…ნუ ცდილობთ, თანამედროვეობას ფეხაწყობილი ადამიანის ნიღბით დაფაროთ თქვენი ბინძური საქციელი, რადგან თანამედროვე ცხოვრება კი არ გიბიძგებთ

ბოროტებასა და უღირსობისაკენ, არამედ თქვენი დაბადებიდანვე ლპობისთვის განწირული გულები.

ნუ მიაწერთ თანამედროვე ეპოქას თქვენს ბინძურ მისწრაფებებსა და არაადამიანურ ქმედებებს!

გული მერევა ჩემს ღირსებადაკარგულ მეგობარზე!

გული მერევა ჩემს თვითკმაყოფილ მეგობარზე,

გული მერევა მასზე, ვისაც ერთი სული აქვს ჩემს სამშობლოს თავი დააღწიოს, რადგან აქ ჯერ კიდევ არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც ღირსების გრძნობა ბოლომდე არ დაუკარგავთ.

გული მერევა ჩემს მასწავლებელზე, რომელიც ფიქრობს, რომ ყველაფერი ისწავლა და ახლა დროა სხვას ასწავლოს, თანაც ისე, რომ არავინ არასდროს შეეკამათოს.

სამყარო თითოეული ადამიანის გულიდან იმართება და ნუ დაიმსხვრევთ თავზე თქვენს ღირსებებსა და ადამიანობას,

ნუ შეგეხარბებათ სხვისი აღვირახსნილი ცხოვრების, და ნუ გაასულელებინებთ თავს იმ გრძნობას, რომელსაც თქვენ სიყვარულს უწოდებთ!
(c) რუსა ბაშელეიშვილი
პ.ს. ასეთი ხალხი მახვევია გარს :) )) <3

წინასწარ დაწერილი პოსტი

     დილით მზის სხივებმა გამაღვიძა. რამდენჯერ უნდა დამავიწყდეს ფარდის გადაწევა?! სხვა რა გზაა, ავდგები და გადავწევ. ოჰოო, რა მშვენიერი ამინდია… ღრუბლის ნაფლეთიც არ ჩანს ცაზე. ეს კარგია იმიტომ, რომ გუშინ წვიმაში მოვყევი და სულ გავიწუწე. მიყვარს ზაფხულის წვიმა, მაგრამ მარტო მაშინ როცა ფანჯრიდან ვუყურებ, ან ვინმესთან ერთად ვარ გარეთ და მარტო არ ვსველდები.  
     დაწოლას აზრი აღარ აქვს, გამოვფხიზლდი. ვიცვამ. რა კარგია ზაფხული! ზამთრისგან განსხვავებით ერთი მაიკით და შორტით დავდივარ და თავს კომფორტულად ვგრძნობ. ეს ზამთარი ცუდად მახსენდება, ძალიან დავიღალე. გასული წელი საშინლად დამქანცველი იყო. როგორც იქნა ჩავაბარე თორმეტივე გამოცდა. მიუხედავად იმისა, რომ  ეროვნულის პასუხები არ ვიცი, თავს მაინც მშვიდად ვგრძნობ. მშვენივრად დავისვენე, ზღვაზეც ვიყავი და გავშავდი, თან გავერთე. იმ 4 არანორმალურთან ერთად რა მომაწყენდა :) ) მალე, ალბათ სოფელში წავალ და იქ უარესად “დავისვენებ”.
      მდაა… რა არის საინტერესო მაცივარში?! საზამთრო. როგორ მიყვარს… საღამომდე რა ვაკეთო? სიცხეში გარეთ ვერ გავალ, ეს კომპიუტერიც ამომივიდა ყელში, აი რა მოაქვს უსაქმურობას… ისევ ჩემს ბანკეტს ვუყურებ და ჩემი ცეკვის მომენტებზე გადავახვევ :) ) მანამდე ვინმეს მივწერ და თავს გავირთობ. ვის მივწერო? დავიწყო ანბანის მიხედვით? 1-ლი ჩემი კლასელია. ოჰ ეგ სადმე ლაშქრობაში იქნება მთაში, არ ღირს.  შემდეგი ანაა, ამას სძინავს. ანას შემდეგსაც სძინავს და საერთოდაც მეზარება!
     რამდენ ხანს უნდება ეს კომპიუტერი ჩართვას…  საიტზეც არავინაა :(   რა ადრე ავდექი… ეჰ, ისევ რომელიმე ათასჯერ გადაღეჭილ წიგნს წავიკითხავ.
      რა ნელა გადის დრო?! 12 საათია ჯერ. ჩემი და მაინც იყოს აქ რამეზე ვეჭორავებოდი, როდემდე ველაპარაკო ჩემს მეზობელ ნაირას? დედაჩემიც რომ გასულია ქალაქიდან? მარტო ყოფნა კარგია, მაგრამ მოსაწყენი… განსაკუთრებით დილით. საღამოს კი გავდივარ გარეთ, მაგრამ… როდის გავა ეს კვირაც რომ წავიდე იმერეთში?!
      ეჰ, კარგია იმერეთი. ბოლოს აღდგომას ვიყავით მე და
ანა და ძალიან მაგრად გავერთეთ. სულ 3 დღით ვიყავით და გაიცნო მთელი სოფელი. 1-ლ დღეს ცოტა გაუჭირდა გარემოსთან შეგუება, მაგრამ მერე იქაურ აქცენტსაც მიეჩვია და კოლორიტებსაც :) ) სხვათა შორის ტალახსაც :) )
     კარზე კაკუნია. კარამდე კი არ მივდივარ, მივფრინავ. არავის ველოდები და ნეტავ ვინაა? ვააა ეს ვინ  მოსულა… როგორ მიხარია შენი ნახვა! როდის ჩამოხვედი? როგორ გაშავებულხარ… რა? ავჭალაში ავიდეთ დღეს საღამოს? სიამოვნებით… გოგოებიც მოდიან? მით უკეთესი.
      უცებ ვალაგებ ყველაზე საჭირო ნივთებსა და ტანსაცმელს და მივდივართ.
      და აქ იწყება რაც იწყება!…
      მალე გავიდა 2 დღე და აი, ისევ სახლში ვარ.
      ტელეფონი რეკავს. როგორ გამახარა ამ ზარმა.
      დაბლა ჩავედი. მოღრუბლულია.  ალბათ იწვიმებს, მაგრამ მე ხომ მარტო არ ვარ!
       

მინდა, არ მინდა…

     მინდა რომ ერთ დილას გავიღვიძო და ყველაფერი ჩემი სურვილისამებრ იყოს.
     პირველ რიგში დასვენება მინდა, ოღონდ ხმაურიანი. მინდა თუნდაც ერთი კვირა წავიდე სადმე, მეგობრებთან ერთად და ენერგიის გამოცლამდე გავერთოთ. ისეთ ადგილას, სადაც არც ინტერნეტი იქნება, არც ტელევიზორი და არც მობილური დაიჭერს :) )
    სუფთა ქალაქი მინდა.
    კულტურული ერი მინდა.
    საკუთარ თავზე შეყვარებული ტიპების  არ არსებობა მინდა.
    ეგოისტების არ არსებობა მინდა.
    უჟმური ხალხის არ არსებობაც მინდა…
    შეუგნებელი და ხისთავიანი ხალხის არ არსებობა მინდა.
    ნაყოფიერი კამათი მინდა.
    ნამდვილი პატრიოტები მინდა.
    პირდაპირი ადამიანები მინდა.
    საკუთარი “ცხოვრებით მცხოვრები” ხალხი მინდა.
    პირში მთქმელი ხალხიც მინდა.
    სანდო ხალხიც მინდა.
    ქუჩაში ადამიანური სითბო და ღიმილიც მინდა.
    ბედნიერი სახეები მინდა.
    გადაკვრით ლაპარაკი არ მინდა.
    ყალბ ფასეულობებზე  აღზრდილი თაობები არ მინდა.
    არც ყალბი მორალისტები მინდა.
    აზრის თავისუფლად გამოთქმა მინდა, ირონიული ლაპარაკისა და აგრესიის გარეშე.
    ამ აზრის პატივისცემაც მინდა.
    ხვალინდელი დღის გაქრობა მინდა.
    დამადლებული სიკეთე არ მინდა.
    წარმატება მინდა.
    გაზაფხული და სითბო მინდა. 
    შენი გაქრობა მინდა.
    თანადგომა მინდა.
    ყველა ლექსის ზეპირად ცოდნა მინდა.
    გაყინული იდეები არ მინდა.
    სამოთხისკენ მიმავალი გზა მინდა (გიორგი)!
    ნერვების მოთოკვა მინდა.
    თბილი გამოხედვის სწავლა მინდა.
    ფერადი სიზმრების ნახვა მინდა.
    ჩემი ბავშვობა მინდა. მერე რა რომ არც ისე დიდი ვარ?!
    გიორგი ზანგურის გაცნობა მინდა :)
    ლურჯი ანგელოზები მინდა.
   
პ.ს. ვისწავლოთ ერთმანეთის სიყვარული!
   
   
 

 

 

   
     

1-ლი პოსტი :)

   ჩემი პირველი პოსტია. ბლოგერობის მცდელობა არასდროს მქონია და ეს პირველია და იმედია წარმატებული.
   დავიწყებ გაცნობით.
 Sally Baqradze- 17 წლის აბიტურიენტი, რომელსაც წესით დრო არ უნდა ჰქონდეს ბლოგერობისთვის, მაგრამ აქვს :)
 
 მიყვარს - ჩემი ოჯახის წევრები, მეგობრები, დაქალებთან მოწყობილი პიცის დილა-საღამოები, სასიამოვნო მოგონებების გახსენება, სეირნობა, კითხვა, ადამიანებისგან სითბოს მიღება, სიმშვიდე, გართობა, ახალი წელი, მუსიკა, შემწვარი კარტოფილი, ნაყინი … … … … … :)    
არ მიყვარს-ამპარტავანი თავმდაბლები”, უხასიათო და უჟმური ადამიანები, რომლებისგანაც კარგს ვერაფერს გაიგებ,  დაძაბული ყოფნა, დაღლა, უმიზნოდ გატარებული დღე, უთქმელი სიტყვები, ვითომ პატრიოტი ადამიანები, “ყველაფრის მცოდნე” სნობები, უშრომლად მიღწეული წარმატება, ჯასტინ ბიბერზე შეყვარებული ბავშვები :) ))))) უცხო სიტყვებით გაჯერებული ტექსტები და მოწოდებები, ვალენტინობა, ყველაფრის მიმართ უარყოფითად განწყობილი ხალხი, ნიჰილისტები, ხახვიანი საჭმელი, ბადრიჯანი  ………………………………… :)
    მენატრება-უსაქმურობა!
    არ მენატრება-90-იანი წლები (რაც მახსოვს:))
    რომ შემეძლოს-მთლიანად შევცვლიდი რამდენიმე ადამიანს.

    მეშინია-სიბნელის და საშინელებათა ფილმების, გველებისა და ქვეწარმავლების.
    ვერ ვიტან-როცა შენიშვნებს ვიღებ დაუმსახურებლად და როცა რაღაცებს მაბრალებენ !(სიზმრებიიიიიიიიიიიიიი :) )
    მინდა-ვიყო წარმატებული,. საფრანგეთში, იტალიაში, ინგლისში, ბრაზილიასა და შტატებში მოგზაურობა (ერთ-ერთში მაინც:)),  გამოცდების ჩაბარება.
    არ მინდა-სიბერე, ჩხუბი, არასასიამოვნო ხალხთან ურთიერთობა.
    მეზარება-არ არსებობს ისეთი რამ რისი გაკეთებაც ერთხელ მაინც არ დამზარებია :)
    მომავალში- ვაპირებ უზარმაზარი სახლის ყიდვას სადაც ყველა ჩემს მეგობარს ერთად შევყრი და დიიიიიიიდ პიცას დავახვედრებ :)
 
   

პ.ს. როდემდე გაგრძელდება ჩემი ბლოგით გატაცება არ ვიცი ;)