Category Archives: მიყვარს

მე და ნოდარ დუმბაძე

ამ ფოტოსა და მის მადლიან სიცილში ჩანს მთელი მისი ხასიათი

ამ სახელის წაკითხვისას ჩემი მკითხველების უმრავლესობას სითბო ჩაგეღვრებოდათ გულში. ახლა მოდაშია ყველაფერ იმის კრიტიკა და არ მოწონება, რაც ხალხს მოსწონს და უყვარს. მათ შორის ამ მწერლისაც. ხოდა მე მივიღე გადაწყვეტილება ყურადღება არ მივაქციო ასეთ ხალხს და მშვიდად გავაგრძელო ამ არაჩვეულებრივი მწერლების სიყვარული.
ჩემი და ნოდარ დუმბაძის “ურთიერთობა” ძალიან ადრეულ ბავშვობაში დაიწყო. 3 წლისამ კითხვის სწავლა დავიწყე და 4 წლის უკვე გამართულად ვკითხულობდი. მოგეხსენებათ ბნელ 90-იანებში დაბადებული ვარ და ისიც იცით რა პირობებში გავიზარდეთ მე და ჩემი თაობის ბავშვები. ამ ბნელ, ცივ, უშუქო და უგაზო პერიოდში ჩემი მშობლები მაინც არ მაკლებდნენ სულის საზრდოს და მამამ ნოდარ დუმბაძის ლექსების კრებული მაჩუქა, რომელიც ფერად-ფერადი სურათებითა და აპლიკაციებით გაფორმებული სულაც არ ყოფილა, როგორც ახლა გამოსული წიგნების უმრავლესობა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პატარა ვიყავი  მაინც ბეჯითად შევუდექი ამ ლექსების კითხვას და მალე ზეპირადაც ვისწავლე. სამწუხაროდ დროთა განმავლობაში დამავიწყდა და დღეს ერთიც კი არ მახსოვს.
გავიდა 3-4  წელიწადი და ერთხელაც დავინახე დედაჩემი როგორ კითხულობდა რაღაც წიგნს და თან იცინოდა. რომ ვკითხე რა აცინებდა არ მიპასუხა, დამპირდა დღეს დავამთავრებ ამ წიგნს და მერე გათხოვებო. ეს წიგნი იყო “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი”. იმ დღიდან მოყოლებული დღემდე ვერც კი დავითვლი რამდენჯერ მაქვს წაკითხული ეს რომანი. ბოლოს 3-4 დღის წინ წავიკითხე. ჩემი სამაგიდო წიგნივით არის, როდესაც ცუდ ხასიათზე ვარ დუმბაძეა ჩემი მხსნელი.
მის თითოეულ ნაწარმოებს, იქნება ეს რომანი თუ პატარა მოთხრობა მხოლოდ ერთი წაკითხვით ვერ ამოწურავ და ყოველ ჯერზე ახალს აღმოაჩენ, ყველა ასაკში სხვადასხვანაირად გაიგებ. პრინციპში ყველა წიგნი ასეა, მაგრამ ნოდარის ცრემლნარევი იუმორი მაინც განსაკუთრებულია.
სულ არ მრცხვენია იმის აღიარება, რომ ძალიან ბევრი ვიტირე ბებიას, ბეჟანას, ბატონი ისიდორეს, კუკარაჩას სიკვდილზე, ზაზას დედის დაბრუნებაზე, ცირას იმედგაცრუებაზე, ხატიას სხივჩამქრალ თვალებზე, ბეღურაზე, რომელიც მიმინომ იმსხვერპლა, იანგულზე, სოსოიას რუსისა და შვილმკვდარი ლუკაიას დიალოგზე, ჯარისკაცებისთვის დაუნანებლად გაღებულ ნაბადზე, ჩექმებსა და წინდებზე  და ა.შ. რა დასანანია ყველაფერს რომ ვერ ვიხსენებ და ვერ ვატევ :(
არც იმას დავმალავ, რომ ძალიან ბევრი ვიცინე ილიკოსა და მის განძზე, მურადას სიკვდილზე გამოგზავნილ დეპეშაზე, რომულისა და ზურიკელას დაწერილ წერილზე, რომელიც ოლღას მიუვიდა, უგერგილო გიგილოზე. ამ ყველაფრის ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს, მე კი თქვენს თვალებსა და ნერვებს ვუფრთხილდები.
მგონი ერთადერთი ნაწარმოებია რომელიც არ მაქვს წაკითხული და არც კი ვიცი რატომ. “მარადისობის კანონი” ახლა მომიტანა ისევ მამაჩემმა და დარწმუნებული ვარ დიდი სიამოვნება მელის წინ, იმდენად დიდი, რომ სტენდალს დროებით გვერდით გადავდებ და ამას ჩავუჯდები.
ასეა, იმაზე წერა ყოველთვის მიჭირს, რაც უზომოდ მიყვარს, როგორ მინდოდა მთელი სათქმელი ჩამეტია ამ პოსტში, მაგრამ ვერ შევძელი და ვერც ვერასოდეს შევძლებ იმ ყველაფრის თქმას, იმ ემოციების გადმოცემას, რასაც მე ვგრძნობ მისი კითხვის დროს. ნოდარ დუმბაძე ზოგისთვის სიცილთან ასოცირდება ჩემთვის კი ეს არის მწერალი, რომელიც წერდა ყველაფერზე, რაც აწუხებდა. მისი ნაწარმოებები  სიკეთით, სიყვარულით არის გამთბარი და ასე იქნება ყოველთვის სანამ მას მკითხველი და დამფასებელი ეყოლება და ეს სულ ასე იქნება.
დღემდე საამაყოდ მაქვს ის, რომ ნოდარ დუმბაძე ჩემთან სახლში ყოფილა და თურმე ჩემს ოჯახთან მეგობრობდა კიდეც. როგორც ბაბუაჩემისგან ვიცი გადმოცემით, ჩემს სოფელში იყო ჩამოსული და დარკვეთელ კოლორიტებზე  დაწერასაც გეგმავდა, მაგრამ სამწუხაროდ არ დასცალდა.  მე კი გულში ხინჯად მაქვს, რომ ვერ მოვესწარი მის სიცოცხლეს და გაცნობის შესაძლებლობა არ მომეცა. ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, მაგრამ მაინც.
თქვენ კი, ძვირფასებო, არასოდეს მოუსმინოთ სხვებს და იკითხეთ და მოიწონეთ ის, რისკინაც გული მიგიწევთ, იქნება ეს დოჩანაშვილი და დუმბაძე თუ ნიცშე და დაიმახსოვრეთ მშვენიერება უბრალოებაშია ;)
 პ.ს. ბლოგზე მოდერაცია მაქვს ჩართული და უწმაწური კომენტარების დატოვებით და ჩემი ლანძღვით თავს ნუ შეიწუხებთ, ვისწავლე როგორ არ მოგაქციოთ ყურადღება :D

მე მოსაწყენი გრაფინია ვარ

მე მოსაწყენი და ერთფეროვანი გოგო ვარ.
რატომ? ჩამოვთვლი მიზეზებს.


მე არ ვცდილობ ახალგაცნობილი ბიჭის მოხიბვლას (შებმას) განსაკუთრებული მეთოდებით, საერთოდ არ ვცდილობ პრინციპში.მე ნაკლებად  ვლაპარაკობ ინტიმურ და პიკანტურ თემებზე საჯაროდ, არც მეგობრებთან და საერთოდ არავისთან.

ყველაფერი მწყინს და მერე ვტირი. ისე ხშირად რომ დაიღლება ადამიანი ჩემი ყურებით.
მინდა, რომ სულ მაქებდნენ. არ მიყვარს როცა ჩემში რამე ნაკლს პოულობენ და მითითებენ. ვიცი რომ ჯანსაღი კრიტიკა კარგია, მაგრამ უსიამოვნოა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ არ ვიღებ მას.

კატასავით ვარ, მიყვარს, როცა მეფერებიან და თავზე ხელს მისმევენ, მაგრამ სამწუხაროდ ყოველთვის ასე არ ხდება და ეს ფაქტიც ცუდ ხასიათზე მაყენებს.

არ ჩავდივარ სიგიჟეებს. პირიქით, ამ ბოლო დროს ძალიან გაწონასწორებული გავხდი. მაგალიTისთვის არასოდეს მიცეკვია ქუჩაში, განსაკუთრებით მაშინ თუ ბევრი ხალხია. თუმცა წვიმის დროს გუბეებში ვჭყაპუნობ ხოლმე, მაგრამ ვერავინ მხედავს :)  დიდი სურვილი მაქვს იმის, რომ თუნდაც ერთხელ რამე ასეთი სისულელე გავაკეთო და არ ვიფიქრო შედეგზე, მოვეშვა, თორემ ნაადრევად დაბერებული მგონია ჩემი თავი.
მიყვარს კითხვა, კინო, მუსიკა და მხატვრობა. არა, ეს ძალიან კარგია, მაგრამ ვცდილობ ყველას ამ თემებზე ველაპარაკო და ზოგჯერ უხერხულ მდგომარეობაში ვაგდებ ადამიანებს და ხშირად ისინი “გამირბიან”.  ნუ, ეს ჩემი ბრალია, როგორც სხვა დანარჩენი.


მიყვარს სევდიანი მუსიკის მოსმენა, განსაკუთრებით მაშინ თუ ცუდ ხასიათზე ვარ. არადა პირიქით არ უნდა იყოს? უფრო მხიარულს არ უნდა ვუსმენდე? ყველა ნაბიჯს ძალიან ვუკვირდები და არ ვმოქმედებ ექსპრომტად. მოსაბეზრებელია. მარტო ყოფნა შემიყვარდა. უფრო მეტს ვფიქრობ, უფრო თავისუფლად ვარ და თავსაც კარგად ვგრძნობ, მაგრამ… ესეც მოსაწყენია სულ ვიცინი, მთელი დღის განმავლობაში, მაგრამ ეს სიცილიც არ არის გულიდან წამოსული და ძალდატანებითია. 
და ბოლოს, მივხვდი რომ ასე ცხოვრება მომბეზრდა, ყველაფერი ერთფეროვანია და დროა რაღაც შევცვალო, მაგრამ არ ვიცი რით დავიწყო. ჰოო დეპრესიაში ვარ მე მგონი და არც თმის შეჭრამ მიშველა. სანამ მოვიფიქრებ რა ვქნა და რით გავხალისდე მანამდე ისევ ასე ყოფნას გავაგრძელებ.p.s. ეს პოსტი იმისთვის არ დამიწერია, რომ შემაქოთ, მართლა :D

როგორ მომნატრებიხარ პატარა

როგორ მომნატრებია ბავშვობა…

18 წლის ვარ. წელს ჩავაბარე და პირველ დამოუკიდებელ ნაბიჯებს ვდგამ ცხოვრებაში. ვიცი ყველაზე კარგ ასაკში ვარ, არც ისე დიდი დრო მაშორებს ბავშვობასთან, მაგრამ მაინც მენატრება. ნელ-ნელა მემატება პასუხისმგებლობა პირველ რიგში საკუთარი თავის, შემდეგ მშობლების, მეგობრების,  ახლობლების წინაშე.  დაუფიქრებლად ვეღარ ვიმოქმედებ, წინასწარ განჭვრეტის გარეშე 1 სიტყვასაც ვერ ვიტყვი იმიტომ, რომ  შეიძლება ჩემს ნათქვამს სხვა ჩაეჭიდოს და ცუდი შედეგი მოჰყვეს.

დღეს ამ ხასიათზე დისნეის მულტფილმებმა დამაყენა.

როგორ მენატრება ზაფხულის არდადაგების პერიოდში დილით ადრე რომ ვდგებოდი და ტელევიზორში მუტფილმებს ვუყურებდი : “ფიფქია”, “კონკია”, “მძინარე მზეთუნახავი”, “პაპირუსი”, “პოკაჰონდასი”, “ჰერკულესი”, “განძის მაძიებლები”, “ალადინი”. “ურჩხული და მზეთუნახავი”, “ალისა საოცრებათა ქვეყანაში” … ბოლომდე რომ ჩამოვთვალო მთელი პოსტი ამაზე იქნება…

როგორ მენატრება დილაობით დედა რომ ფრთხილად მაღვიძებდა და საუზმის გარეშე არ მიშვებდა სკოლაში.

მაშინ არავინ გიყურებდა რა გეცვა, როგორ გამოიყურებოდი… როდის მოვასწარით ასე შეცვლა?

არ დამცინოთ :D

როგორ მენატრება ყველა გაკვეთილს რომ ვსწავლობდი და მაინც საკუთარი თავის უკმაყოფილო ვიყავი და მეშინოდა დაფასთან გამოსულს რამე არ შემშლოდა.

გაკვეთილების მომზადების შემდეგ ეზოში წრეში ბურთის და რეზინობანას თამაშიც მენატრება. იმავე ეზოში “საიდუმლო შტაბების” გაკეთება და თუთის ხეზე ძრომიალიც ძალიან მინდა.  უბნის ბიჭებთან  ”სტოპიატის” თამაშიც როგორ ტკბილად მახსენდება.  ისიც კარგად მახსოვს როგორ ვამწარებდით ერთმანეთს, მაგრამ ეგეც კი მენატრება…

სოფელში წასვლით გამოწვეული სიხარულიც მენატრება. ახლაც ძალიან მიყვარს იქაურობა და უზომოდ მიხარია იქ ჩასვლა, მაგრამ მაშინ სულ სხვა იყო. მთელი უბნის ბავშვები მთელი დღე ერთად ვიყავით : ხან კოცერტებს ვატარებდით, ხან კარავს ვდგამდით, კიბორჩხალებზე “სანადიროდაც” კი ვიყავით წასულები. ახლაც ასე ვართ, სულ ერთად, მაგრამ ყველანი ისე ვეღარ.  ცოტა გავუცხოვდით, გავიზარდეთ ალბათ…

ასტრიდ ლინდგრენის პირველად წაკითხვა მომენატრა…

ემილის ოინებზე სიცილი, პეპის სიჯიუტე და უცნაურობა,  კალე ბლუმკვისტის მიზანდასახულობა, კარლსონის სიკეთე და ყველა წაკითხული წიგნის საყვარელი პერსონაჟების მიბაძვა მენატრება. ახლაც მიკვირს ცალ-ცალი წინდით, ან  ზურგზე მიმაგრებული პროპელერით რომ არ დავდიოდი. სამაგიეროდ კალეს ვბაძავდი და ყველაფერში საეჭვოს ვეძებდი, ძირს დაგდებულ ქაღალდსაც არ ვტოვებდი უყურადღებოდ. ამ ყველაფერს ბავშვობა რად უნდა, მაგრამ მათი პირველად გაცნობის ბედნიერება მინდა განვიცადო თავიდან.

ეჰ, როგორ მომნატრებიხარ პატარა… :(

პ.ს. ჩემი 50-ე პოსტია :)

ჩემი ზაფხული (რაღაც დღიურისმაგვარი)

 გამოცდებს მოვრჩი და 1 კვირაში წავედი სოფელში. ჩემი სოფელი ჭიათურაშია, დარკვეთი. 

დარკვეთის ტბა

      იქ ყოფნის პერიოდში ვიგებდი მიღებულ ქულებს. ყველამ დამაკმაყოფილა მათემატიკის გარდა.

 მერე ჩემი გოგოები ჩამოვიდნენ, ოთხივე ♥. იცით როგორ მიხაროდა? ჩამოსვლამდე დღეებს ვითვლიდი და ბოლოს, როგორც იქნა ჩამოვიდნენ. ისინი ხომ ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან, ბავშვობის… ყველაზე სანდო და კარგი ♥

        1 კვირით დარჩნენ. სულ ცუდი ამინდები დაემთხვა, მაგრამ მთავარია ერთად ვიყავით.  ყოველ “დილით” 1-ლზე ან 2-ზე ვდგებოდით, ვსაუზმობდით, თან ცოტას ვსვამდით და ვლაპარაკობდით. ამასაობაში მოსაღამოვდებოდა და ან ტბაზე გადავდიოდით ან წყაროზე. მერე ისევ სახლში ვბრუნდებოდით, ვჭამდით და ეგრედწოდებულ ბირჟაზე ავდიოდით :) გაიცნეს ბევრი ვიღაც. ზოგი მოეწონათ, ზოგი-არა. მაგრამ ასეა თუ ისე მგონი გაერთნენ.

ისევ ტბაზე :)

             სახლში გვიან ვბრუნდებოდით და გვიან ღამემდე არ გვეძინა, ძირითადად ვლაპარაკობდით, ვიცინოდით… საბაგიროთი გავისეირნეთ. ამისათვის  ცოტა დიდი მანძილის გავლა დაგვჭირდა, მაგრამ  არც ეს დაგვზარებია. აი, ეს საბაგიროზე :

ანი გვაკლია. იღებდა :)

უსიამოვნო ინციდენტებიც მოხდა, მაგრამ არ მინდა გახსენება. მთლიანობაში კარგი იყო მგონი.

ჰოო კიდევ ბებიები და ბაბუა გავაცანი. ბაბუაჩემი ძალიან  სასაცილო ვიღაც არის  და შეუმჩნეველი არ დარჩენიათ. ბებიაჩემიც ძალიან ხუმარაა და ასე ერთად გავერთეთ :)

დადგა დარკვეთიდან წასვლის დღეც. რა თქმა უნდა არ მინდოდა წასულიყვნენ. მთელი 1 კვირა ერთად ვცხოვრობდით და მივეჩვიე მათთან ერთად დაძინებასაც და გაღვიძებასაც. წავიდნენ და მომენატრნენ მალევე, მაგრამ მე რა ვიცოდი უკეთესი თუ მელოდა წინ?!

         23 აგვისტოს ანის დაბადების დღე იყო და ვაპირებდი სიურპრიზი გამეკეთებინა და მის სოფელში ჩავსულიყავი, თან ყველანი იქ იქნებოდნენ.

 მაგრამ გამოჩნდა რაღაც პრობლემები და 23-ში ვერ ჩავედი და ვერც სიურპრიზი გავუკეთე. სამაგიეროდ 25-ში მაინც ჩავედი სოფელ ძალისში :)  

ანის ბიძაშვილიც იქ დამხვდა 

თემო, თემუკა, თემირა, თემკა, თემჩო :) :)

რა თქმა უნდა ჩემი ჩამოსვლა აღნიშნეს. :) საღამოს გარეთ გავწანწალდით. მეორე დღე წვიმიანი გათენდა, მაგრამ გადაწყვეტილი გვქონდა ვაჩილაზე ასვლა. ვაჩილა მთაა და ანის სახლიდან საკმაოდ შორს არის. ციოდა… მე თბილი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი არ მქონდა წაღებული  და აი როგორ წავედი :)  

      ვაჩილაზე  ქათმის მწვადი შევწვით. იხილეთ ზემოთ არსებულ ფოტოზე :) აქ მომხდარზე აღარ შევჩერდები იმდენია, მაგრამ ერთი უნდა აღინიშნოს რომ იქედან გვიან ღამით, თავსხმა წვიმაში წამოვედით და გაუბედურებულმა მივაღწიე სახლში. მიუხედავად ამისა მაინც კარგად მაგონდება :)

      ძალისში ყოფნის მომდევნო დღეებიც ძალიან მხიარულად გავატარეთ, ყოველდღე დროსტარება და ქეიფი იყო :) არასოდეს დამავიწყდება! ისე შევეჩვიე მათთან ერთად ცხოვრებას რომ რაც ჩამოვედი ვეღარ ვძლებ მათ გარეშე და მგონი ყოველდღე ვნახულობ. 

      29-ში დილით ძალისიდან წამოვედით, ეს დღე იმითაც იყო გამორჩეული, რომ გავიგებდი პასუხს სად ჩავირიცხე ეროვნული გამოცდების შემდეგ. ჩემმა ორმა მეგობარმა გზაშივე გაიგო, რომ პირველივეზე, ჯავახიშვილში მოხვდნენ. მე სული კბილით მეჭირა ისე ვნერვიულობდი. გაზეთის ყიდვა ვერ მოვახერხე და მერე სახლიდან გასვლაც მეზარებოდა, ამიტომ 11 საათს უნდა დავლოდებოდი, რომ ინტერნეტში დაედოთ პასუხები. სახლში მისული მაშინვე კომპიუტერს მივვარდი და გავხსენი Naec.ge. არადა ჯერ მხოლოდ 10 საათი იყო, შესაბამისად არანაირი სიახლე არ დამხვდა. მერე   Facebook ჩავრთე. დედაჩემი გაოგნებული მიყურებდა :) და დამხვდა მესიჯი .

ეს იყო შოკი. გავგიჟდი სიხარულისგან. თან მათემატიკის ქულის შემდეგ ჯავახიშვილში მოხვედრას საერთოდ არ ველოდებოდი და გამიმართლა.

 დღეს 3 სექტემბერია და ზუსტად ერთი თვე მაქვს უსაქმურობისთვის, ამიტომ გპირდებით (ოღონდ მართლა) ბევრ რამეს დავწერ. დაწყებაა რთული თორემ მერე ადვილია ;)

Come Together

     

          ბლოგის გაკეთების შემდეგ უკვე რამდენიმე თვე გავიდა. დღეს (პრინციპში ღამის 3 საათია) თავიდან ბოლომდე ჩავიკითხე ყველა პოსტი და ზოგზე გამეცინა. ამ რამდენიმე თვეშიც როგორ შევცვლილვარ და გავზრდილვარ.
        ჩემი ბლოგის ვიზიტორების რაოდენობა ყოველდღიურად 60-დან 70-მდე მერყეობს, რაც ცუდი შედეგი სულაც არ მგონია. მაქსიმალური რაოდენობა ერთ დღეში 226 ადამიანი დაფიქსირდა . ეს იმ დღეს , გეგა კობახიძეზე რომ დავწერე პოსტი.
        ჩემი მუდმივი მკითხველები ძირითადად FB-ზე მეკონტაქტებიან. დიდი მადლობა თითოეულ მათგანს იმისთვის, რასაც მწერენ. <3როგოrც მეუბნებით, მოგწონთ რასაც ვწერ და მართლა ძალიან მიხარია. ერთ-ერთმა თქვენგანმა მითხრა, რომ ერთ პოსტზე იტირა კიდეც… ჰოდა ძალიან მიხარია, რომ თქვენზე გავლენას ვახდენ, როგორც თქვენ მეუბნებით კარგს.
         ამ ბლოგმა რამდენიმე საინტერესო ადამიანი მაპოვნინა და მომცა მათთან ურთიერთობის საშუალება. თუნდაც ამის გამო ღირდა ამ ნაბიჯის გადადგმა.
          თქვენ უბრალოდ ვერ წარმოიდგენთ რა სასიამოვნოა, როცა შენს ნაწერს, აზრს იწონებენ და რამდენს ნისნავს თქვენი თუნდაც 1 ვიზიტი და კომენტარი.
        ყველაფრის დათვალიერების შემდეგ ჩემი ყურადღება ამ პოსტმა მიიქცია და დავინტერესდი ამ რამდენიმეთვიანი წვალების შემდეგ შევძელი რამე? მართლა ძალიან მაინტერესებს!

ბრძნადმეტყველების ჟამი არს

როცა რამეს ვკითხულობ გვერდით აუცილებლად მიდევს ბლოკნოტი და პასტა (იყოს კალამი) და ვიწერ ყველა ფრაზას რაც მომწონს. დღეს გადმოვიღე ჩემი ერთ-ერთი ასეთი ბლოკნოტი და ვათვალიერებდი. რაც არ დამეზარა აქ გადმოვიტანე და ინებეთ!
  • ქართველებმა კუბოს სასახლე დაარქვეს, რომ სიკვდილი მათთვის უფრო მსუბუქი ყოფილიყო. (ც) დათო ტურაშვილი
  • ირგვლივ, მარჯვნივაც და ამრცხნივაც, სხვა ასეთივე ცუდი და კიდევ უარესი ამბებიც ხდება- გიჟური, საზარელი, იმდენად უაზრო და ველური, ვერ იტირებ და იმდენად ნამდვილი-არ გაგეცინება. (ც) კენ კიზი
  • თუკი წონასწორობის შენარჩუნება გინდა, თუკი ცდილობ ცხოვრებამ ჭკუიდან არ გადაგიყვანოს, ყველაფერზე უნდა იცინო, რაც ტკივილს გაყენებს. (ც) კენ კიზი
  • ხალხი ფიქრობს : “მშვენიერება მოითხოვს კიდეც მცირეოდენ სიცრუეს.” (ც)თომას მანი
  • ამაოება ამაოთა და ყოველივე ამაო! განდიდების გიჟური სურვილი! ეს ბუნების საპირისპიროც არის და არსთა ჭეშმარიტი პირველსახის დაცინვაც!’- გაბრიელა მისტრალი
  • გამოავლინოთ ხელოვნება ისე, რომ არ ჩანდეს ხელოვანი- აი, ეს არის ხელოვნების მიზანი.
  • ისინი, ვინც სილამაზეში მახინჯ მხარეებს ჰპოვებენ ბილწი სულის ადამიანები არია. მათ არც მომხიბვლელობა გააჩნიათ, ეს ნაკლია.
  • რჩეული შეიძლება მხოლოდ იმას ვუწოდოთ, ვისთვისაც მშვენიერება მხოლოდ მშვენიერებას ნიშნავს.
  • ხელოვნება ცხოვრების სარკე არ არის. ის მხოლოდ მაყურებელს აირეკლავს.
  • ნამდვილი სილამაზე იქ მთავრდება, სადაც ინტელექტი იწყება. ინყტელექტი თავისთავად ანომალიის ერთ-ერთი ხერხია და ყოველნაირი სახის ჰარმონიულობას აცამტვერებს.
  • ბედი ამქვეყნად მახინჯებსა და თავცარიელებს უფრო სწყალობთ.
  • ქორწინების მთელი მომხიბვლელობაც სწორეს ისაა, რომ ის სიცრუეს გარდაუვალსა და აუცილებელს ხდის.
  • ბუნებრიობა ხომ ნამდვილი პოზაა, ყველაზე უფრო გამაღიზიანებელი პოზა.
  • ჩვენ ხომ იმისთვის არა ვართ გაჩენილნი ამქვეყნად, რომ საკუთარი ზნეობრივი ცრურწმენანი გამოვამზეუროთ სხვა ადამიანების წინაშე და მათ ვუქადაგოთ ჩვენი ზრახვანი.

ყველა ოსკარ უაილდისაა.

 ბოლო და საუკეთესო :
  • საერთო სენია კაცთა : მიცვალებულებს იმადაც აქებენ ხანდახან, რათა ცოცხალთ მიაყენონ ჩრდილი.
  • რასაც მიცვალებულს მიუტევებდნენ ხოლმე, მას ხოცხალს არ აპატიებდნენ თანამედროვენი არასდროს.
  • ტირილი არავის შვენის, არც ბალღს, არც ყმას, არც ჭაბუკს და არც მოხუცს. მხოლოდ ლამაზ ქალს შვენისო ტირილი.
  • ცხოვრება უდანბოა ურწყული, ეცადე გარს შემოუარო.
  • ხელოვნებაა თავად უკვდავება., მხოლოდ ოსტატს ვერ ეწევა სიკვდილი.
  • ნეტარ არიან იგინიცა, ვინცა გილმართალ წინაპართა აჩრდილებს შორის ლანდადქცევას არჩევენ გადაშენების გზაზე დამდგარ თანამემამულეთა წიაღში ყოფნას.
  • ყოველი ქალი ზღვასა ჰგავს მართლაც, არავინ იცის, ან ერთი როდის აღელდება, ანდა მეორე?
  • საუკეთესო წიგნი მაინც იგია, რომელიც ჯერ არ დაუწერია არავის….
  • მოცალეობა და ფანტაზიაა შემოქმედების მკვიდრი მშობელი.

 კონსტანტინე გამსახურდია

პ.ს. Taedium vitae!
პ.პ.ს. ვინც მიხვდება ზემოთ მოცემული ფრაზა საიდანაა და რას ნიშნავს ვაღიარებ! :) )

მიყვარს, არ მიყვარს, მიყვარს, არ მიყვარს…

    საკმაოდ დიდი ხნის წინ, ჯერ კიდევ მაშინ ბლოგი ახალი შექმნილი რომ მქონდა, დიტოს ბლოგზე ვნახე პოსტი მე-”ამელი”-ს სტილში. როგორც კი წავიკითხე მაშინვე გავიფიქრე ეს მეც უნდა დავწერო-მეთქი… არა, იდეების ნაკლებობას არ ვუჩივი, უბრალოდ ეს ფილმი (ბლოგიც) იმდენად ახლობელი და იმდენად ჩემია, რომ სხვანაირად არ შეიძლება!!!
     სალის უყვარს:
  1. გვიან დაძინება.
  2. დილის ძილი.
  3. გვიან ღამით ყველას რომ სძინავს წიგნის კითხვა, ან ფილმის ყურება.
  4. ზაფხულში ღამით აივანზე ჯდომა, ან/და დილით ადრე გაღვიძება და გამვლელების მძინარე სახეების ყურება.
  5. სტუმრად ყოფნისას წიგნების კარადის დათვალიერება.
  6. ძველ ნივთებში ქექვა.
  7. იასამანი!
  8. ძველი ფოტოების დათვალიერება.
  9. ჰამაკში წიგნის კითხვა, ან ძილი.
  10. ფეხით სიარული.
  11. ზაფხულის წვიმა.
  12. გვიანობამდე სეირნობა.
  13. ბალი.
  14. ნაყინიანი მარწყვი.
  15. ფეხებაკეცილი ჯდომა.
  16. თითების წვალება.
  17. კოვზით ყავის  ჭამა.
  18. თმაზე მოფერება.
  19. სახლში მარტო ყოფნა.
  20. საპნის ბუშტების გაბერვა.
  21. ტუჩების ენით დასველება.
  22. ავტობუსში უკან ჯდომა..
  23. .დაბრაწული კარტოფილი.
  24. თმა რომ შიშველ მხრებზე ეხება.
  25. კატა რომ ფეხზე ეხება.
  26. ძაღლის სველი ცხვირი.
  27. გულაღმა წოლა და ბალიშის სახეზე დაფარება (ეს დღემდე გაუგებარია რატომ მიყვარს).
  28. საყურის წვალება.
  29. მეტროში მგზავრების ფეხსაცმელების დათვალიერება.
  30. თმის ფანქრით, ან პასტით დამაგრება.
  31. წვიმაში ძილი.
  32. ცივ ამინდში რძიანი ყავით კომპიუტერთან ჯდომა.
  33. თოვლის ჭრაჭუნის ხმა.
  34. სახურავზე ჯდომა (იშვიათად ხდება ეს სამწუხაროდ).
  35. ლამაზ თითებში სიგარეტი.
  36. იან ტიერსენის თვალებდახუჭული და სკამის ზურგზე გადაწოლილი მოსმენა.

  სალის არ უყვარს :

  1. ხელგადახვეული სიარული.
  2. თასმიანი ფეხსაცმელი.
  3. ლუდის სუნი.
  4. დილით რომ უმიზეზოდ აღვიძებენ.
  5. სახლის ტელეფონის ხმა.
  6. დაჟინებით რომ აკვირდებიან.
  7. ვიღაც რომ ნერვიულად აბაკუნებს ფეხს, ან აკაკუნებს თითებს მაგიდაზე.
  8. სიცხეში სიარული.
  9. ჩანგლის კბილზე / თეფშზე გასმის ხმა.
  10. პოლიტიკაზე ლაპარაკი.
  11. მინებჩალეწილი შენობები.
  12. კომედიური ფილმები და ამერიკული “ჰეფი ენდები”
  13. ომის კადრების ყურება.
  14. “პროფილი” და “Face კონტროლი”.
  15. თურქული “კლეჩატი” შარფი (ერთი პერიოდი ყველას რომ ეკეთა).
  16. ქუჩაში ნაგავი………………………
  17. მესაკუთრე ადამიანები.
  18. YveLazE DzeRskE NaroDeeEee, YveLaZe DauviWyRebEeeeE, YvelAze MagaRe XalxEee!!!
  19. კედლებზე მიწერილი სახელები,
  20. ტაძრების ქვებზე მიწერილი “აქ იყო ვიღაცა 8748374 წელს”.
  21. ხეზე ამოკაწრული გულები.
  22. ქუჩაში მოღუშული სახეები.
  23. უზრდელები, ცივები, უყურადღებოები…
  24. “შენ ჩემი დაიკო ხარ”!
  25. უხერხული სიტუაციები.
  26. მიცემული პირობის არ შესრულება (გადაგდება).
  27. ბლოგზე რომ შემოდის და ახალი კომენტარები არ ხვდება. :დ
  28. წელში გამართული ჯდომა.
  29. კითხვას რომ აწყვეტინებენ.
  30. საღამოს პარკში გავლა.
  31. მათემატიკის ამოცანების ამოხსნისას რომელიმეში გაჭედვა.
  32. “დიდი გოგო ხარ უკვე” (არ ვარ!)
  33. გეგმების არევა.
  34. მოუწესრიგებელი სიტუაციები დ აყველაფრის არევ-დარევა.
  35. დაულაგებელი სახლი.
  36. როცა აშინებენ (ზოგიერთის გასაგონად ეს! :დ)
  37. ლოდინი.
ჯერჯერობით სულ ეს არის, თუ რამე გამახსენდა მივამატებ. არადა გასახსენებელი კიდევ ბევრია! 

წვიმა

   

  დღეს 2 ივნისია, ზაფხულის მეორე დღე. საშინლად კარგად წვიმის გარეთ, ივნისში რომ იცის ისე. ჩქარი და შხაპუნა წვიმა, ისეთი გარეთ გასვლას და გუბეებში ჭყაპუნს რომ მოგანდომებს. როგორ მიყვარს ასეთ დროს ფანჯრიდან გამვლელების ყურება, სწრაფი ნაბიჯებით რომ გარბიან სახლებისკენ და მოჩვენებითი სერიოზულობით ცდილობენ ეს აჩქარება დაფარონ, რათა თავი სასაცილო მდგომარეობაში არ ჩაიგდონ. არადა ამ დროს უფრო სასაცილოები არიან. ასეთ ამინდში აივანზე დგომა და წვიმაში ხელების გაშვერაც მიყვარს. წვეთები რომ სწრაფად ეცემიან ხელისგულებზე და ვიწუწები…  აივანზე კარადაზე ჩიტები იბუზებიან და ჩემს დანახვაზე არ ფრთხებიან, რადგან ყურადღებას დიდად არც ვაქცევ მათ, ჩემთვის ვერთობი.  

მინდა თუ არ მინდა მაინც მომიწევს გარეთ გასვლა და დასველება. ქოლგას თან არ წავიღებ, არ მიყვარს, ზამთარშიც კი არ დამაქვს თან.  ამ დროს არ ავჩქარდები და ნელა ვივლი, რომ დავსველდე ზაფხულის წვიმით, თუ ავჩქარდი არ დავმალავ ამას…

წვიმიან ამინდში ყვავილებს მოვრწყავ პეპი გრძელიწინდასავით.

ჯადოსნური ჯოხი

      დღეს ის ქალი ვნახე ამ პოსტში რომ ვახსენე. ისევ ისეთი იყო, ოღონდ ამჯერად წინანდელისგან განსხვავებით ყველაფერი მწვანე ეცვა (წინაზე ცისფერი). ისევ იმ ნომერ ავტობუსში, ისევ ჩემთან ახლოს დაჯდა. რომ შევხედე სურვილი გამიჩნდა გამექრო.
       ნეტავ ჯადოსნური ჯოხი მომცა…

Keep calm კი არა შოკოლადი მინდა !

შევძლებ!

ღამის 1-ლი საათი, წვიმა, რძიანი ყავა და სასიამოვნო მუსიკა საუკეთესო პირობებია რამის წასაკითხად, ან დასაწერად. ასე რომ, ვიქმნი განწყობას და ვიწყებ წერას.   
    
მე ვარ ადამიანი, ჩვეულებრივი ცოდვილი ადამიანი, რომელსაც ჰყავს მეგობრები, მტრები და სხვანი და სხვანი.  ცხოვრობს ჩვეულებრივად. დგება დილით, საუზმობს (ზოგჯერ), გადის სახლიდან მაგრამ  :
    
საკმაოდ ამბიციური ვარ არა? პრინციპში რატომაც არა? რა არის ცუდი ამ იდეაში? არც არაფერი, თუ უკეთესობისკენ შევცვლი. მაგრამ რა უნდა გავაკეთო ამისთვის?
დარწმუნებული ვარ თითოეულ თქვენგანს წარმოგიდგენიათ თავი ფილმის გმირად, თანაც არაერთხელ. მათ შორის მეც. ძირითადად ის გმირი ვარ ხოლმე, რომელიც გადატრიალებას ახდენს ვინმეს ცნობიერებაში. ამასთანავე ნელ-ნელა ვრწმუნდები, რომ სამყაროს შესაცვლელად რაღაც გრანდიოზულად ცუდი უნდა მოხდეს. ღირს კი ამის ფასად ნებისმიერი ცვლილება? მაგრამ იქნებ სხვა გზაც არსებობს?
თუმცა მე ვიცი ერთი, არა ორი გზა. რამდენი ადამიანია, რომელმაც თავისი შემოქმედებით ყველაფერი შეცვალა? თუნდაც მწერლები, პოეტები, მხატვრები, რეჟისორები… ხელოვანი ადამიანები. მე არ მაქვს პრეტენზია მაგხელა ნიჭზე, მაგრამ რომ შემეძლოს დაუფიქრებლად შევქმნიდი ისეთ რამეს, რითაც  გადატრიალებას მოვახდენდი ადამიანებში.
სხვათა შორის ძალიან მომწონს Pay it forward-ში გაჟღერებული გეგმა. მე სიამოვნებით განვახორციელებდი მას. ჰო, ვიცი, ვიცი რომ ზღაპრების მჯერა მაგრამ ამ ზღაპრებით ცხოვრება მირჩევნია რეალობის თვალებში ყურებას.
არის მეორე გზაც. თვითონ უნდა შევიქმნა ისეთი გარემო, როგრიც მინდა. თუმცა ეს ძალიან რთულია. ამისთვის სახლში უნდა გამოვიკეტო და ყველაფერს მოვწყდე. ეს კი არ მინდა.
ასეა  თუ ისეა, მირჩევნია ვიცხოვრო ოცნებით, რომ ოდესმე რამეს შევცვლი, ვიდრე საერთოდ არ ვიფიქრო ამაზე. თანაც ოცნება ხომ უკვე სამყაროა?

მერე რა, რომ გაზაფხულია?

თოვა, თოვა ისევ თოცა . უხვად ბარდნის , ხანდახან მსხვილად ხანდახან წვრილად . გარშემო ყველაფერი შავ-თეთრი ტელევიზორის კადრს დაემსგავსა. თეთრი თოვლი და ნაცრისფერი ადამიანები… ადამიანები რომლებიც რობოტებივით დადიან ერთნაირად ჩაცმულები , ერთიდაიგივე გამომეტყველებით , სიარულის მანერაც კი ერთნაირი აქვთ ! არანაირი ხალისი , არანაირი განსხვავებულობის ამბიცია. ხალხი რომელსაც ჩინელებზე უფრო ძნელად განარჩევენ ერთმანეთისაგან.  

ამ დროს ქუჩას მოარღვევს ფერების ნაკრები , ემოციის ზღვა . არ შეიძლება მას ლამაზი ვუწოდოთ , არც განსხვავებული. ის უბრალოდ განსხვავებულია ! ის დედაა , დედა რომელიც ემოციის ზღვად შვილმა აქცია . მას გვერდით მოჰყვება პატარა ბავშვი. ციცქნა გემი ამ უკიდეგანო სივრცეში , ისიც პატარა ფერების მატარებელი ! თავისი პატარა ვარდისფერი ხელთათმანებით , რომლითაც უშედეგოდ ცდილობს თოვლის დაგუნდავებას. დედა ეხმარება და ორივენი ერთად ისვრიან გუნდას სადღაც შორს , ამ ნაცრისფერ ქალაქში . გუნდა ეცემა ძირს , ავრცელებს ფერებს და გადასცემს ადამიანებს ! აი ერთი ადამიანი გამოცოცხლდა , სახეზე ღიმილი გაუკრთა , აი მეორე – მასაც მოუნდა გუნდაობა , მესამე თოვლში ემხობა , მეოთხე გაღიმებული სახით ფანტელების ჩაყლაპვას ცდილობს, მეხუთე , მეექვსე , მეშვიდე , მეცამეტე , მეჩვიდმეტე , მეათასე , მემილიონე.     

ამ ალიაქოთში არავის ახსოვს დედა-შვილი რომლებიც დინჯად ადიან ავტობუსში და მოწყალე თვალით უყურებენ ქალაქს რომელსაც ერთი გუნდაც ყოფნის რომ სიხარულით აღივსოს ! ♥


uaპ.ს. ეს ჩემი დაწერილი არაა.  ნუცა ნინუას შემოქმედებაა.

ჩემი სახლი

ძველი სახლი მინდა, სადაც მარტო ვიცხოვრებ.
რა თქმა უნდა თანამედროვე,  ”სუპერ” სახლები მომწონს, მაგრამ ძველს სულ სხვა ხიბლი აქვს. 
წარმოიდგინეთ სახლი ძველი შპალერით, მაღალი ჭერით, სქელი ფარდებით, გარედან დარაბებით და ხის ძველი კიბით. სახლი, რომელშიც სულ დგას სიძველის სუნი, მტვრის, წიგნების, ძველი ნივთების, ყველაფრის ერთად.
 საძინებელში დიდი საწოლი, რომელსაც ორივე მხრიდან სანათი უდგას ტუმბოზე. იქვეა მაღალი კარადა, ძველებური სარკე და საწოლის ზემოთ ნახატი.  ოთახში წითელი ფერის კედლები  და ხალიჩა იქნებოდა.

  

მისაღები: (ჰოლი, ზალა რაც გინდათ ის დაარქვით.)  ამ ოთახში იქნებოდა ჭერამდე წიგნის  თაროები. პატარა მაგიდა, მაგიდის გვერდით სარწეველა სკამი და სკამთან გრძელი სანათი.  მისაღებში იქნებოდა სავარძლები, ტელევიზორი და რადიო. მაგიდაზე ყოველთვის იქნებოდა ჭიქა წყლით, სათვალე, საფერფლე და სიგარეტი. ოთახში იქნებოდა 2 დიდი ფანჯარა სქელი ფარდებით, რომელსაც დილით, ადგომისთანავე გადავწევდი.

სამზარეულოში და სასადილო იქნებოდა ერთად, თეთრი ფერის კარადებით და მინის მაგიდით დამშვენებული, რომელზეც ტელეფონი იდგმებოდა.  ამ ოთახში ყველაზე ნაკლებ დროს გავატარებდი ალბათ.

აბაზანაში იქნებოდა ფარდა. (მეტი ფიქრი ამ ოთახზე მეზარება) 

   

შემოსასვლელში კარადა იდგმებოდა, რომელსაც გვერდზე სარკე ექნებოდა მიმაგრებული. 

 სახლი  გარედან :

ამ სახლში შევიკრიბებოდით, დავლევდით ყავას და ვილაპარაკებდით ყველაფერზე (და არა ყველაზე)

პ.ს. პენსიონერი ვარ ხო? :) ))))
 ვთაგავ პეპერლენდსა და გლეხის ბიჭს !

ერთი შეხედვით სისულელეები, ტკბილად რომ მახსენდება

      თავი მოვინიშნე ჩემი ნებით ამ პოსტში და ვაგრძელებ მას, ანუ გადმომაქვს ჩემზე.
  • 2 წლის წინ მეგობრებთან ერთად სეირნობის დროს ძალიან თბილად მივესალმე უცნობ ადამიანს იმიტომ, რომ ჩემს მეზობელში  ამერია. დღემდე ვწითლდები ამაზე, მაგრამ მაინც მეცინება იმის სახე რომ მახსენდება. თან ხშირად ვხედავ მიხდება მისი ნახვა და ყოველ ნახვაზე ვწითლდები.
  • 2009 წლის 31 დეკემბერს მაღაზიაში მივდიოდით მე და ანი. ანის ყინულზე ფეხი აუცურდა და წაქცევას გადარჩა, რაზეც მე სასტიკად დავცინე და ზუსტად 2 წამში ფეხები ერთმანეთში “ამებლანდა” და ძირს დავენარცხე. ამაზეა ნათქვამი ნუ დასცინი სხვასაო…
  • დაახლოებით ერთი თვის წინ დრო ამერია და მათემატიკაზე 2 საათით ადრე მივედი, 10:30-ზე 13:30-ის ნაცვლად.
  • ტკბილად მახსენდება მეგობრებთან ერთად დალევა, მაგრამ ვიდეოებს რომ ვნახულობ ყოველ ჯერზე პირობას ვდებ, რომ აღარ დავლევ.
  • გასულ ზაფხულს, სოფელში, სახლში ღამის 3 საათზე შესული დილის 6 საათამდე გარეთ ვიჯექი და სანამ მთვარე იყო ვუყურებდი, მერე რომ ჩავიდა მზის ამოსვლას ვაკვირდებოდი. დილით ადრიანად გაღვიძებულმა ბებიაჩემმა რომ დამინახა დამლოცა რა ადრიანად ამდგარხარ ბებო შემოგევლოსო :) )))))
  • წელს სოფელში სიმინდი მოვპარეთ და მერე აღმოჩნდა რომ ერთ-ერთი ჩვენგანის ბებიის დათესილი სიმინდი მოგვიპარავს. კი შეგვრცხვა, მაგრამ… 
  •  სოფელში ძალიან დიდი და კეთილი ძაღლი მყავდა, რომლისაც ყველას ეშინოდა (1 თვის წინ მოკვდა :( (( ) და ერთხელ ბავშვებს მოვატყუე გაგვექცა-მეთქი და მოვლითი გზებით წავიდნენ სახლში. 
   მეტი აღარ მახსენდება, არადა გასახსენებლი ძალიან ბევრია.  ♥
  • ჩამატება . 4 წლის წინ ახალ წელს ყველა სახლი რომ მოვიარე და ყველგან დავლიე 1-2 ჭიქა და უკვე კარგ მდგომარეობაში ვიყავი შემხვდა ჩემი მეგობარი და ახლა გამახსენა   რა მოხდა იმ ღამეს  Sergi Iobashvili : me movdiodi skolis ezoshi magrad davliet orma erti ertze 1,5  litra arayi da shen shemxvdi 18 korpustan. da iseti mtvrali viyavi fexs dzlisv vadgavdi magram shen gamoichine zdiloba da mainc tavi mimacilebine. im ghames kinagham movkvdi
    14 wlis viyavi da litra naxevari arayi araa cota
    magasakistvis
    kiarad aarc exlaa cota :) )))))))))))))))))))))))))))))))))
პ.ს. ვთაგავ გენიალურს და  გლეხის ბიჭს. თქვენ რომ დაწერთ, მერე სხვებიც მონიშნეთ ;)

ბოლო 3 ფილმი

     უდროობის გამო იმდენ ფილმს ვეღარ ვუყურებ, რამდენსაც ადრე, მაგრამ რაღაცას ვახერხებ.
     მოკლედ, ბოლოს ნანახ სამ ფილმზე უნდა მოგიყვეთ.
     რამდენიმე ადამიანმა მირჩია მენახა “კლასი“. ეს არის ესტონელი რეჟისორის ილმარ რააგის ფილმი, რომელმაც დიდი წარმატება მოიპოვა საერთაშორისო კინო ფესტივალებზე. ჩემდა სამარცხვინოდ ამ ფილმის შესახებ გაგებული არც მქონია. მითხრეს, რომ “კლასს” დიდი გამოხმაურება მოჰყოლია ესტონეთშიც, რადგან რეალური ისტორიის მიხედვით არის გადაღებული.

     ფილმი გადაღებულია მოძალადე თინეიჯერებზე (ვერ ვიტან ამ სიტყვას). პრინციპში იმდენად ბევრი პრობლემა დავინახე ამ ფილმში, რომ ერთ საკითხს ვერ გამოვყოფ. შინაარს შეგნებულად არ ვწერ, რომ ინტერესი არ დაგეკარგოთ. თუ მაინცდამაინც გინდათ წინასწარ გაიგოთ შემეხმიანეთ როგორმე :) ) მოკლედ, ერთი შემიძლია ვთქვა, ძალიან ძლიერი ფილმია, ერთ-ერთი საუკეთესო მათ შორის რაც კი ოდესმე მინახავს. მისი ყურების შემდეგ მივხვდი რა უსამართლო და გულგრილია საზოგადოება. ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ამ ფილმმა და ჩემი ცხოვრების ფილმებში მეორე ადგილზე გავიდა. სხვათაშორის “კლასის” გაგრძელებები გადაიღეს 2010 წელს შვიდ ნაწილად და თუ დაინტერესდებით შემიძლია ლინკები მოგცეთ.

მეორე ფილმი ესაა “The Other Boleyn Girl.” ცხოვრებაში აღარასდროს ვიოცნებებ დედოფლობასა და პრინცესობაზე.  ცვაიგის “მარია სტიუარტის” წაკითხვის შემდეგაც იგივე განცდა მქონდა. ეს ფილმიც უნდა ნახოთ თუნდაც იმიტომ, რომ ნატალი პორტმანი და სკარლეტ იოჰანსონი იდეალურად თამაშობენ. 
 მესამე ფილმია “ჯია“. როგორც ვიცი, ეს ფილმიც ნამდვილ ამბავზეა გადაღებული.ესაა ერთი  მოდელის ისტორია, რომლის ფეხებთან მთელი მსოფლიო ხოხავდა და მან კი სიცოცხლე ტრაგიკულად დაასრულა. მიუხედავად ხალხსი თაყვანისცემისა ის ბედნიერი არ ყოფილა, არც სიყვარულში გაუმართლა და არც ოჯახში. ძალიან საინტერესო და ემოციური ფილმია. ანჯელინა კი ძალიან ლამაზი და ნიჭიერია. თუ უყურებთ ნამდვილად ისიამოვნებთ. 
თქვენ რა ნახეთ ბოლოს?

ჩემი, ჩვენი ♥

    დღეს დავბრუნდი სოფლიდან.  აღდგომას ჩასვლა ყოველთვის მიყვარს. იქ ყოფნას დადებითი მხარეებიც აქვს და უარყოფითიც.
     დადებითი : ვისვენებ მოღუშული სახეებისგან და ყველა ღიმილით მხვდება და მესალმება. ვნახულობ ჩემს ყველაზე საყვარელ ადამიანებს, მათთან ერთად ვერთობი ძალიან ძალიან მაგრად. სწავლისგან რამდენიმე დღით ვთავისუფლდები. ვნახულობ ბებიებს, რომლებიც ისე მევლებიან თავს, რომ თავი დედოფალი თუ არა გრაფინია მართლა მგონია. ვწყდები ტექნიკას (იქაც კი მაქვს მაგრამ სად მცალია მაგისთვის). დავდივარ ბევრს იმიტომ, რომ ყველას და ყველაფრის ნახვა მინდა მოვასწრო. ვეფერები ყველას იმიტომ, რომ ვიცი რამდენიმე თვე ვეღარ ვნახავ.
  ვაიმე როგორ მიყვარხართ ♥

   უარყოფითი : კვირას, აღდგომას, ვხედავ როგორ თამაშობენ ეკლესიის წინ, საფლავის ქვაზე “სეკას” ფულზე და ვერაფერს ვაკეთებ, არადა დიდი სურვილი მაქვს თავზე დავალეწო რამე! ვხედავ გალეშილ ხალხს და ალკოჰოლისგან ტვინგაბრუებულ ადამიანებს, რაც აგრესიას იწვევს ჩემში. ვიგებ რომ ამ წმინდა დღესასწაულზე ვიღაცებმა iჩხუბეს და თან არაერთხელ. მკოცნის ის ხალხი, რომელსაც არ ვიცნობ და მიქებენ მშობლებს, ოჯახს, ბებია-ბაბუას და თვალებს :) )))) ყველა მეკითხება სად ვაბარებ და როგორ ვემზადები.  უკან დაბრუნებისას მეტირება.

ჩემი სოფელი

მიუხედავად ამ ყველაფრისა მაინც ძალიან მიყვარს იქაურობა იმიტომ, რომ თბილი გარემოა, საყვარელ ადამიანებს ვხვდები და ბევრი ტკბილ-მწარე დღე მაკავშირებს მასთან. ერთი სული მაქვს როდის ჩავალ კიდევ  ♥

ფერადი გოგო და ნაცრისფერი ქალაქი

იყო და არა იყო რა…
ნაცრისფერ ქალაქში ცხოვრობდა ერთი ფერადი  გოგო.
ფერადი იმიტომ, რომ სულ  სხვადასხვა ფერის ტანსაცმელს იცვამდა და ვარდისფერმინებიან სათვალეს ატარებდა.
ნაცრისფერი ქალაქის მცხოვრებლები თვითონაც ნაცრისფერები იყვნენ და ფერად გოგოს თავიდან გაოცებულები, შემდეგ კი ამრეზით უყურებდნენ. თვითონ მუქ ფერებში ჩაცმულები ვერ იღებდნენ მათგან განსხვავებულ ადამიანს, ვერ ეგუებოდნენ.
გოგო ვერ ამჩნევდა ხალხის დამოკიდებულებას იმიტომ, რომ ვარდისფერი სათვალე ეკეთა და დადიოდა ასე უშფოთველად და უდარდელად .
ის სათვალეს არ იშორებდა და ამიტომაც დადიოდა მუდამ მომღიმარი. გოგოს ყველაფერი უხაროდა, წვიმიანი ამინდიც კი, რადგან მისი სათვალიდან წვიმა ფერადი და ლამაზი ჩანდა, ხოლო ქალაქის ნაცრისფერი და ჩაშავებული ქუჩები ფერადი და მშვენიერი.
ეს გრძელდებოდა მანამ, სანამ ქუჩაში მიმავალს ვიღაც არ დაეჯახა. სათვალე ძირს დავარდა და დაიფშვნა.
ფერადი გოგო გაოცდა მოღუშული ქალაქის დანახვაზე. მან ვერც სათვალის შეკოწიწება შეძლო, რომ ძველებურად შეეხედა ქალაქისთვის და უსიამოვნოდ გაოგნებული სახლისკენ წავიდა.
ახლა მან შეძლო ყველაფერი ისეთი დაენახა, როგორიც იყო. ის გრძნოდა დაძაბულ მზერას  გამვლელებისგან. იმასაც მიხვდა, რომ ყველასგან გამოირჩეოდა. მან ვერ გაუძლო… ამიტომ ნაბიჯს აუჩქარა. ერთი სული ჰქონდა სახლში როდის მივიდოდა, რომ ამ ავ თვალებს მოშორებოდა.
მეორე დღეს ფერადი გოგოც განაცრისფრდა.

არაფრისმთქმელი სიტყვების ნაცვლად

     ………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………….

ჰარმონია

     დილით მაღვიძარას არ დავემორჩილე და დაგეგმილზე გვიან ავდექი, ამიტომ სწრაფად ჩავიცვი და ყავის დალევაც კი ვერ მოვასწარი. გარეთ გასულს დილის სიცივე შემომეგება. წინა ღამის ნაწვიმარი იყო, მაგრამ გუბეს ვერსად დაინახავდით.ქუჩაც ისეთი დასუფთავებული იყო, რომ მზესუმზირის ნაფცქვენს და სიგარეტის ნამწვსაც კი ვერ მოკრავდით თვალს. გზა სირბილით გავაგრძელე, რადგან ქართველი მძღოლების გადამკიდე დანიშნულების ადგილამდე დროზე ვერ მიაღწევ. ან გზაში აჩერებენ და ბენზინს ასხამენ, ან შემხვედრ ტრანსპორტთან ჩერდებიან შუა გზაში და მძღოლს ელაპარაკებიან უდროო დროს. მაგრამ ამჯერად შევცდი. ავტობუსმა დროზე ჩამოიარა და მასში ასულს ადგილი ვიღაცამ დამითმო და ზრდილობიანად გამიღიმა. ირგვლივ მიმოვიხედე და გავოცდი ავტობუსის სისუფთავით. ვერსად დაინახავდით დაკაწრულ-დაგლეჯილ სკამს, კედელზე მიწერილ “ძერსკი ნაროდის” სახელებს. ხალხი ერთმანეთს უღიმოდა და თბილად ელაპარაკებოდა. მძღოლს გავხედე, სუფთად წვერგაპარსული, თეთრ, ქათქათა პერანგში გამოწყობილი იყო და სარკეში იყურებოდა. უკან მსხდომი ბავშვების ხმაც კი არ ისმოდა, არაშსაც არავინ აღრიალებდა.
      სასურველ გაჩერებამდე დროზე მივედი და სწრაფად ჩამოვხტი ავტობუსიდან. ბაღში ვიღაც ბიჭები ისხდნენ და ჩემდა გასაკვირად არ იღეჭებოდნენ და არც იფურთხებოდნენ. სხვათაშორის არც ხმამაღლა იგინებოდნენ. მათაც ჩავუარე და მარკეტში შევედი რვეულის საყიდლად. მოწესრიგებული რიგი დამხვდა. ხალხი ერთმანეთის უკან იდგა და უნებართვოდაც არავინ მიდიოდა წინ. გამყიდველმა ზრდილობიანად გამიღიმა და სხვადასხვა რვეულები შემომთავაზა. არჩევას არ მაჩქარებდა და არც დაძაბულად მიყურებდა. გარეთ გამოსული ვიღაც მოხუც კაცს დავეჯახე. ველოდებოდი ბოდიშის მოხდამდე როდის იყვირებდა : “თვალებში ვერ იხედები? წესიერად გადადგი ფეხი!” მაგრამ ჩემდა გასაკვირად  ამჯერადაც შევცდი. კაცმა შემომხედა, ჩაიღიმა, თავი გადააქნია და გზა გააგრძელა. მე გაოგნებული და პირდაღებული გავცდი ტროტუარს და ქუჩის გადაკვეთისას კინაღამ მანქანას დავეჯახე (ყურადღება მიაქციეთ, მე დავეჯახე). კიდევ კარგი დროზე მოასწრო მძღოლმა დამუხრუჭება და გადავრჩი. მოსალოდნელ ავარიას გადარჩენილი ახლა მძღოლის რეაქციაზე ვნერვიულობდი, თანაც პატრული თვალისდახამხამებაში ადგილზე გაჩნდა. თვითონ შეშინებული მძღოლი ახლა მე მამშვიდებდა და ღმერთს მადლობას წირავდა ჩემი გადარჩენისთვის.
         როგორც იქნა ამათაც დავაღწიე თავი და ეკლესიაში შევედი უძღები შვილი.  ბევრი ხალხი იყო. ზეთის ცხება იყო მგონი და ჩემდა გასაკვირად არავის გადავუთელივარ, არავინ გასულა წინ, არავის მოუცია შენიშვნა გადაჯვარედინებული ხელების გამო, არავის შემოუხედავს ამრეზით იმის გამო, რომ შარვალი მეცვა.
     ეკლესიიდან გარეთ გამოსულმა ღრმად ჩავისუნთქე და ჰარმონიით ტკბობას ვაპირებდი, რომ დედამ შემომიღო კარი ტექსტით :
   -ადექი და ბანაობა მოასწარი, წყალი მიდის!

პ.ს. იცის, ვისაც ეკუთვნის ეს პოსტი :) )** 

ამელის მოტივებზე

     მე ზუსტად ვიცი, რომ  ამ ქალაქში არსებობს ვიღაც, რომელიც ჩემნაირია.
ფიქრობს იმ დროს, როდესაც მეც ვფიქრობ. თანაც იმაზე, რაზეც მე.
ორივეს გვაწუხებს ერთი და იგივე პრობლემა.
     ორივეს გვაქვს ერთი ოცნება, ერთი მიზანი,
ორივენი ვართ ზარმაცები.
ორივე ვკითხულობთ ერთდროულად, შეიძლება განსხვავებულ წიგნს, მაგრამ ერთროულად.
ორივე ვიღვიძებთ ერთ დროს და საწოლიდან ადგომისას პირველად ფანჯარაში ვიხედებით.
ორივე ერთდროულად გამოვდივართ სახლიდან და მივდივართ განსხვავებული მიმართულებით, მაგრამ ერთად გამოვდივართ…
     ორივეს გვამშვიდებს მუსიკა, თანაც ერთნაირი მუსიკა.
     ორივეს გვიყვარს ფილმების ყურება, ორივეს “ამელი” გვიყვარს ყველაზე მეტად.
     ორივეს გვიყვარს ლიტერატურა.
     ორივეს გვიყვარს იასამანი და გვინდა ყველგან იყოს.
     ორივეს გვეზარება მეცადინეობა, მაგრამ გვიყვარს ცოდნის მიღება.
     ორივეს გვიჭირს სითბოს გამოხატვა, მაგრამ გვიყვარს ყველა ჩვენებურად.
     ორივე ვუშვებთ ერთნაირ შეცდომებს და მერე ერთნაირადვე ვნანობთ და არ ვაღიარებთ.
     ორივეს გვაღიზიანებს უზრდელი ადამიანები.
     ორივეს გვიყვარს წყლის დალევა მაშინ, როდესაც არ გვწყურია.
     ორივეს გვიყვარს შოკოლადის ჭამა ქუჩაში.
     ორივეს გვიყვარს თმაზე მოფერება.
     ორივეს გვიყვარს ძველ ნივთებში ქექვა და საერთოდ ძველი ნივთები.
     ჩვენ არ გვიყვარს  წიგნის მტვრიანი  თაროები, მაგრამ გვიყვარს მტვრიანი წიგნის სუნი.
     ორივეს გვიყვარდა ბავშვობაში სათამაშოების დალეწვა.
    ორივეს გვიყვარს, როდესაც რამეს გვჩუქნიან, შეიძლება სულ უმნიშვნელოს, მაგრამ მაინც გვიხარია.
      ზოგჯერ ორივე თვალს ვარიდებთ ნაცნობებს და რატომ ვიქცევით ასე არცერთმა ვიცით.
     ორივეს გვიყვარს ჩვენთვის საინტერესო თემებზე ლაპარაკი.
     ორივეს გვეზიზღება, როდესაც ფეხით გადადიან იქ, სადაც მიწისქვეშა გადასასვლელია.
     ორივეს გვიყვარს  ფეხით სიარული.
     ორივეს გვინდება ხოლმე მარტო ყოფნა მაშინ, როდესაც ირგვლივ ბევრი ხალხია.
     ორივეს გვინდა სამყაროს შეცვლა და არცერთმა ვიცით რითი დავიწყოთ,
     ჩვენ არ გვიყვარს, როდესაც რამეს გვაძალებენ.
ჩვენ გვიყვარს ადამიანები, რომლებსაც ჩვენი უსიტყვოდ ესმის. მერე რა რომ ასეთები ცოტანი არიან?!
      ორივეს ყველაზე მეტად გვიყვარს ბავშვობის მეგობრები.
      ზოგჯერ ორივეს გვინდება ხოლმე სრულიად უცნობ ადამიანს გადავუშალოთ გული, მაგრამ ამას მაინც არ ვაკეთებთ.
      მე ვიცი, რომ მანაც იცის ჩემი არსებობის შესახებ.
და ჩვენ ერთდროულად ვფიქრობთ ერთმანეთზე, თუმცა არ ვიცით ერთმანეთის ვინაობა.
      და ჩვენ აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს  ^_^

ჩემი იასამანი

     საერთოდ არ მიყვარს ყვავილები, განსაკუთრებით ვარდი, მითუმეტეს ვარდობისთვეში ვარ დაბადებული.  სულ რამდენიმე ყვავილი მიყვარს : იასამანი, ია და გვირილა.
     იასამანი სითბოსთან ერთად შემოდის ჩემს ცხოვრებაში. სითბო კი სიცივეზე მეტად მიყვარს.
      სადღაც 1 თვის წინ, მეცადინეობის დროს, იასამნის სუნი ვიგრძენი (მომეჩვენა). იმის მერე ავიჩემე რომ იასამანი მინდა. არადა მართლა მინდა, ძალიან მინდა.  ისე ძალიან, რომ უკვე ჰალუცინაციები დამეწყო :) ) და რა მოითმენს მაისამდე? მანამდე არ შემოდის მგონი.
    საერთოდ გაზაფხულის მოსვლა იმიტომ მიხარია, რომ თბება ^_^ თბილ ტანსაცმელს ვიხდი და თხლად ჩაცმული დავდივარ. თან კიდევ იცით რა მიყვარს? ხეები რომ ყვავდება და  მისი სუნი დგას ყველგან. განსაკუთრებით ატმის და ტყემლის ყვავილის სუნი მომწონს. გაზაფხულზე, ასეთ მზიან ამინდში  ხის ქვეშ ჯდომას და წიგნის კითხვას რა სჯობს? ვერაფერი.
   იასამანმაც წიგნამდე მიმიყვანა. :) ) ჩემი იასამანი. ყველა ყვავილისგან გამორჩეულია ფერით, სუნით, გარეგნობით. ოღონდ მე იასამნისფერი იასამანი მიყვარს და არა თეთრი! ის არის ნამდვილი.

    კიდევ იცით რისი სუნი მიყვარს? აკაციის. ყველასგან გასხვავებულია, მძაფრი და სასიამოვნო.  გარეგნობით დიდად არ გამოირჩევა მაგრამ სუნი… გასაოცარი აქვს.
 
  ეს ლექსი კი რაღაც წიგნში ამოვიკითხე:

 Du bist etwas anderes ,
Nie ist deinesgleichen,
Du bist ein meer
Ein hub bist du,
Die flieder ist meine seele
Du bist meine seele die flieder.
ქართულად გუგლში ვთარგმნე და მერე ჩემებურად ავაწყე  :   
                                                               
                                                                 შენ ხარ ვიღაც სხვა,
არავინაა შენი მსგავსი.
შენ ხარ ზღვა,
 სამყაროს ცენტრი ხარ.
იასამანი ჩემი სულია,
შენ ხარ ჩემი სული იასამანო! 
    დაახლოებით ასე ჟღერს თარგმანი და ეს ლექსიც იასამნის გამო მიყვარს.
    პ.ს. ჩემი გახარება თუ გინდათ იასამანი მაჩუქეთ ვინმემ !!!