-ნა-ნუ-კააააააა, ნა-ნუ-კააააააა!- ქვემოდან დამარცვლით იძახდა ორი ჯინსის შარვლებში გამოწყობილი ბიჭი და ზემოთ იყურებოდა.
მეოთხე სართულის აივნიდან გოგომ გამოიხედა.
-ჩამოდი რა, დაბლა!
ოთხი სართული სულმოუთქმელად ჩაირბინა ნანუკამ, სარაფნის შრიალით.
-რეზიკო, გიო!-ორივე გადაკოცნა.
-ოჰ, ჩვენი სახელებიც გახსოვს? რამდენი ხანია არ გინახივართ? ასე უნდა დავიწყება, გოგო?- მოჩვენებით გაბრაზდა რეზიკო.
-კარგით რა, ვითომ არ იცოდეთ როგორ ვემზადებოდი გამოცდებისთვის და რომ ჩავაბარე მერე თქვენც სადღაც გაქრით. ისიც არ გითქვამთ როგორ დაწერეთ…
-აბა, აბა, თვალებზე გეტყობა როგორი დაღლილიც ხარ. – ჩაიცინა გიომ.
-ჰუმორ, გიო, ჰუმორ.-თვალი ჩაუკრა ნანუკამ.-არ ამოხვალთ ჩემთან?
-რაზე გვეპატიჟები?
-მიდით, მიდით მეოთხე სართულის გზას გაუყევით და მეც ახლავე ამოვალ, დედაა სახლში.
-არ დააგვიანოოოოოოოოოოოო!- სიტყვა გაწელა რეზიკომ.
ნანუკამ თავი ღიმილით გადააქნია და მაღაზიაში შევიდა.
სახლში დაბრუნებულს მისაღებში პუფებში მოკალათებული დახვდნენ მეგობრები. რეზიკო მისი სათამაშოებით, დათვით და მაიმუნით ირთობდა თავს, ერთმანეთს აჩხუბებდა, გიო კი წიგნების კარადას ათვალიერებდა.
-რა გეშველება?- რეზიკოს შესცინა ნანუკამ.
-ისევ შენ თუ უშველი საქართველოს, ნანუკა!
-სიფრიფანა გოგოს იმედზე ხართ ორი მთასავით ვაჟკაცი?
-საქმე საქმეზე რომ მიდგება ორივეს გვაჯობებ.
ოთახში თინა შემოვიდა და ტკბილეული შემოიტანა.
-როგორ ხართ ბიჭებო? როგორ ჩააბარეთ გამოცდები? სულ დაიკარგეთ, აღარც კითხულობთ ნანუკას.
-რა გვექნა თინა დეიდა? სოფელში ვიყავით და გუშინ ჩამოვედით. არც ეს ქალბატონი იკლავს თავს მოკითხვით.
-საქალბატონე, ყმაწვილო!-შეუსწორა ნანუკამ და პასუხად ბალიში მიიღო, რომელიც სულ ცოტათი აცდა.
-გავედი მე შვილო, “კურიერს” ვუყურებ. -კარი გაიხურა თინამ.
-ნიკუშა როგორ გყავს, ნანუკა? -წაკბინა რეზიკომ.
-ნიკუშა აღარ მყავს, შენი ნინუცა როგორაა? -დაემანჭა ნანუკა.
-ვიღაცას მოხვდება!
-გიო, შენ როგორ ხარ? როგორ შეეგუე ძმის გარეშე ყოფნას? როდის ჩამოდის საქართველოში?
-რა ვიცი, ნანუკა, იმედია მომესწრება მაგის ნახვა სიკვდილამდე.
-რაებს ბოდავ? რა სიკვდილი აგიტყდა ახლა გახდი 18-ის!
-რეზიკო, მოკეტე!
-გოგო, ჩვენები სად არიან? რომ კითხო დობას გვეფიცებან და ერთხელ არ დარეკავენ, იქნებ ცოლი მოვიყვანე? -გაიკრიჭა რეზიკო.
-აუ, რეზიკო, სუფთა მეთულუხჩე ხარ, შენ ვინ გამოგყვება ბიჭო? დაახეთქა რაღაც სასწაული.
-გიო, გამასწარი!
-გეყოფათ!
-ქალო…
-რით ვერ გადაეჩვიე მაგ იდიოტურ სიტყვას?
-ხო კაი, გოგო…
-ვაიმე!
-ხვალ მე და გიო ისევ მივდივართ სოფელში და წამო დღეს სადმე წავიდეთ და გავერთოთ? ჰა?
-მეზარება!
-ოოოოოოოო, მიდი დროზე ჩაიცვიიი, ცისფერ თვალებს გაფიცებ!
-კარქით.
ჩაიცვა. წავიდნენ. გაერთნენ.
ერთი კვირის მერე ნანუკა ბიჭების ნაჩუქარ სამაჯურს გაშტერებული, ცრემლგამშრალი თვალებით დაყურებდა და ეფერებოდა.
2008 წლის აგვისტო იყო.











