Category Archives: საზოგადოება

საზოგადოების კრეტინი წარმომადგენლები, ანუ რა შემემთხვა მეტროში

საზოგადოების დაბალ დონეზე იმდენი დაიწერა, რეპორტაჟი მომზადდა და ითქვა, რომ მარტო კითხვით დაიღლება ადამიანი. მაგრამ ფაქტია, რომ  პრობლემა პრობლემად რჩება. ახლა ნამდვილად არ ვიტყვი ეს 

მხოლოდ საქართველოში ხდება-მეთქი მარტო იმ მიზეზის გამო, რომ საზღვარგარეთ არ ვარ ნამყოფი და მარტო ფილმებით და წიგნებით ვერ დავასკვნი იქ როგორი ვითარებაა. მოგიყვებით თბილისში რა ხდება. თუმცა რა მოყოლაა საჭირო, თქვენ თვითონაც შეესწრებოდით მსგავს ვითარებას, რაც მე დამემართა დღეს.    Continue reading

მომბეზრდით!

        ამ საღამოს დავრწმუნდი, ჰომოფობებს არ უნდა ესაუბრო საწინააღმდეგოზე. რამდენი მტკიცე არგუმენტიც უნდა მოუყვანო აზრს მაინც არ იცვლიან იმიტომ, რომ თვითონაც არ იციან სადაა ამ ზიზღის სათავე. ამ საღამოს უკვე თავი მეტკინა ახსნით და გადარწმუნებით. მორჩა, რაც უნდათ ის უქნიათ. ვერ აცნობიერებენ იმას, რომ ეს ადამიანები თვითონ არ ირჩევენ ორიენტაციას, ასეთებად დაიბადნენ!
        არადა მეც ძალიან მომბეზრდა ამ თემაზე წერა-კითხვა, მაგრამ ვერ მოვითმინე რომ არ დამეწერა. უბრალოდ ძალიან გამაღიზიანებელია… ყველას თავისი გზა აქვს და ნუთუ ასე ძნელია პატივი ვცეთ ერთმანეთის  ცხოვრებას?
         დარჩებით ასეთივე ბნელები და უმეცრები ცხოვრების ბოლომდე!

მიყვარს, არ მიყვარს, მიყვარს, არ მიყვარს…

    საკმაოდ დიდი ხნის წინ, ჯერ კიდევ მაშინ ბლოგი ახალი შექმნილი რომ მქონდა, დიტოს ბლოგზე ვნახე პოსტი მე-”ამელი”-ს სტილში. როგორც კი წავიკითხე მაშინვე გავიფიქრე ეს მეც უნდა დავწერო-მეთქი… არა, იდეების ნაკლებობას არ ვუჩივი, უბრალოდ ეს ფილმი (ბლოგიც) იმდენად ახლობელი და იმდენად ჩემია, რომ სხვანაირად არ შეიძლება!!!
     სალის უყვარს:
  1. გვიან დაძინება.
  2. დილის ძილი.
  3. გვიან ღამით ყველას რომ სძინავს წიგნის კითხვა, ან ფილმის ყურება.
  4. ზაფხულში ღამით აივანზე ჯდომა, ან/და დილით ადრე გაღვიძება და გამვლელების მძინარე სახეების ყურება.
  5. სტუმრად ყოფნისას წიგნების კარადის დათვალიერება.
  6. ძველ ნივთებში ქექვა.
  7. იასამანი!
  8. ძველი ფოტოების დათვალიერება.
  9. ჰამაკში წიგნის კითხვა, ან ძილი.
  10. ფეხით სიარული.
  11. ზაფხულის წვიმა.
  12. გვიანობამდე სეირნობა.
  13. ბალი.
  14. ნაყინიანი მარწყვი.
  15. ფეხებაკეცილი ჯდომა.
  16. თითების წვალება.
  17. კოვზით ყავის  ჭამა.
  18. თმაზე მოფერება.
  19. სახლში მარტო ყოფნა.
  20. საპნის ბუშტების გაბერვა.
  21. ტუჩების ენით დასველება.
  22. ავტობუსში უკან ჯდომა..
  23. .დაბრაწული კარტოფილი.
  24. თმა რომ შიშველ მხრებზე ეხება.
  25. კატა რომ ფეხზე ეხება.
  26. ძაღლის სველი ცხვირი.
  27. გულაღმა წოლა და ბალიშის სახეზე დაფარება (ეს დღემდე გაუგებარია რატომ მიყვარს).
  28. საყურის წვალება.
  29. მეტროში მგზავრების ფეხსაცმელების დათვალიერება.
  30. თმის ფანქრით, ან პასტით დამაგრება.
  31. წვიმაში ძილი.
  32. ცივ ამინდში რძიანი ყავით კომპიუტერთან ჯდომა.
  33. თოვლის ჭრაჭუნის ხმა.
  34. სახურავზე ჯდომა (იშვიათად ხდება ეს სამწუხაროდ).
  35. ლამაზ თითებში სიგარეტი.
  36. იან ტიერსენის თვალებდახუჭული და სკამის ზურგზე გადაწოლილი მოსმენა.

  სალის არ უყვარს :

  1. ხელგადახვეული სიარული.
  2. თასმიანი ფეხსაცმელი.
  3. ლუდის სუნი.
  4. დილით რომ უმიზეზოდ აღვიძებენ.
  5. სახლის ტელეფონის ხმა.
  6. დაჟინებით რომ აკვირდებიან.
  7. ვიღაც რომ ნერვიულად აბაკუნებს ფეხს, ან აკაკუნებს თითებს მაგიდაზე.
  8. სიცხეში სიარული.
  9. ჩანგლის კბილზე / თეფშზე გასმის ხმა.
  10. პოლიტიკაზე ლაპარაკი.
  11. მინებჩალეწილი შენობები.
  12. კომედიური ფილმები და ამერიკული “ჰეფი ენდები”
  13. ომის კადრების ყურება.
  14. “პროფილი” და “Face კონტროლი”.
  15. თურქული “კლეჩატი” შარფი (ერთი პერიოდი ყველას რომ ეკეთა).
  16. ქუჩაში ნაგავი………………………
  17. მესაკუთრე ადამიანები.
  18. YveLazE DzeRskE NaroDeeEee, YveLaZe DauviWyRebEeeeE, YvelAze MagaRe XalxEee!!!
  19. კედლებზე მიწერილი სახელები,
  20. ტაძრების ქვებზე მიწერილი “აქ იყო ვიღაცა 8748374 წელს”.
  21. ხეზე ამოკაწრული გულები.
  22. ქუჩაში მოღუშული სახეები.
  23. უზრდელები, ცივები, უყურადღებოები…
  24. “შენ ჩემი დაიკო ხარ”!
  25. უხერხული სიტუაციები.
  26. მიცემული პირობის არ შესრულება (გადაგდება).
  27. ბლოგზე რომ შემოდის და ახალი კომენტარები არ ხვდება. :დ
  28. წელში გამართული ჯდომა.
  29. კითხვას რომ აწყვეტინებენ.
  30. საღამოს პარკში გავლა.
  31. მათემატიკის ამოცანების ამოხსნისას რომელიმეში გაჭედვა.
  32. “დიდი გოგო ხარ უკვე” (არ ვარ!)
  33. გეგმების არევა.
  34. მოუწესრიგებელი სიტუაციები დ აყველაფრის არევ-დარევა.
  35. დაულაგებელი სახლი.
  36. როცა აშინებენ (ზოგიერთის გასაგონად ეს! :დ)
  37. ლოდინი.
ჯერჯერობით სულ ეს არის, თუ რამე გამახსენდა მივამატებ. არადა გასახსენებელი კიდევ ბევრია! 

არა!

      ვიცოდი ეს აქციები წერის მუზას რომ მომიყვანდა.
      ძალიან მაინტერესებს როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს საცოდაობა? 90-იანი წლებიდან მოყოლებული მე მგონი 1 წელიც არ გასულა აქციისა და მიტინგის გარეშე. დავიღალე!!!
       ისიც ძალიან მაინტერესებს ეს ხალხი რას ფიქრობს ამ უღონო ოპოზიციას რომ მიჰყვება უკან? მე მგონი თითოელი მათგანი, ლიდერები მაინც, იყვნენ ერთ დროს ხელისუფლებაში და თუ რამის გაკეთება შეეძლოთ უნდა გაეკეთებინათ კიდეც. ნუთუ ასე ძნელია იმის დანახვა, რომ ბრმად გაყოლა არაფერს მოუტანთ? ვერ ხვდებიან რომ იყენებენ? ერთ დიდ ბრბოდ არიან გადაქცეულები და საითაც მიუთითებენ იქით გარბიან, იმას აკეთებენ.
      ვიღაც ქალი ამბობდა აქციაზე იმიტომ გამოვედი რომ საქართველოში აყვავდეს და “ყველაფერი კარგად იყოსო”. დროშის ტარების ქნევით, ერთმანეთის ცემით, აგრესიით, ძალადობით ააშენებენ ქვეყანას? ან ვის უნდა ასეთ ქვეყანაში ცხოვრება???
     არავინ მითხრას იქ ის ხალხი შენი მომავლისთვის არის გასულიო… ჩემი მომავლისა და ქვეყნისთვის მამაჩემი იბრძოდა სამგან უსასყიდლოდ. თვალწინ დაუხოცეს  საყვარელი ადამიანები და ამის შემდეგ ვიღაც 16-17 წლის ლაწირაკი, რომელსაც ცხოვრებაში არაფერი აქვს ნანახი მეუბნება, რომ არაფრისთვის იყვნენ აფხაზეთში წასულები და რომ მისთვის არ გაუწირავთ თავი ჩემს ბიძებს.
     და რა არის ამ აქციების მიზანი? საკაშვილის ჩამოგდება? როდემდე უნდა იყვირონ ასე უსაფუძვლოდ? რომელიმე ოპოზიციონერი ლიდერი არის მასზე ღირსეული? არასწორად არ გაიგოთ, პოლიტიკაში არასოდეს ვერეოდი, უბრალოდ დავიღალე !!!
დავიღალე !!! დავიღალე!!!
     სულ ასე იქნება, არასოდეს არაფერი შეიცვლება. ყოველშემთხვევაში მანამ, სანამ  ხალხი ფიქრს არ ისწავლის და ბრბოდ ქცევას არ გადაეჩვევა!

მერე რა, რომ გაზაფხულია?

თოვა, თოვა ისევ თოცა . უხვად ბარდნის , ხანდახან მსხვილად ხანდახან წვრილად . გარშემო ყველაფერი შავ-თეთრი ტელევიზორის კადრს დაემსგავსა. თეთრი თოვლი და ნაცრისფერი ადამიანები… ადამიანები რომლებიც რობოტებივით დადიან ერთნაირად ჩაცმულები , ერთიდაიგივე გამომეტყველებით , სიარულის მანერაც კი ერთნაირი აქვთ ! არანაირი ხალისი , არანაირი განსხვავებულობის ამბიცია. ხალხი რომელსაც ჩინელებზე უფრო ძნელად განარჩევენ ერთმანეთისაგან.  

ამ დროს ქუჩას მოარღვევს ფერების ნაკრები , ემოციის ზღვა . არ შეიძლება მას ლამაზი ვუწოდოთ , არც განსხვავებული. ის უბრალოდ განსხვავებულია ! ის დედაა , დედა რომელიც ემოციის ზღვად შვილმა აქცია . მას გვერდით მოჰყვება პატარა ბავშვი. ციცქნა გემი ამ უკიდეგანო სივრცეში , ისიც პატარა ფერების მატარებელი ! თავისი პატარა ვარდისფერი ხელთათმანებით , რომლითაც უშედეგოდ ცდილობს თოვლის დაგუნდავებას. დედა ეხმარება და ორივენი ერთად ისვრიან გუნდას სადღაც შორს , ამ ნაცრისფერ ქალაქში . გუნდა ეცემა ძირს , ავრცელებს ფერებს და გადასცემს ადამიანებს ! აი ერთი ადამიანი გამოცოცხლდა , სახეზე ღიმილი გაუკრთა , აი მეორე – მასაც მოუნდა გუნდაობა , მესამე თოვლში ემხობა , მეოთხე გაღიმებული სახით ფანტელების ჩაყლაპვას ცდილობს, მეხუთე , მეექვსე , მეშვიდე , მეცამეტე , მეჩვიდმეტე , მეათასე , მემილიონე.     

ამ ალიაქოთში არავის ახსოვს დედა-შვილი რომლებიც დინჯად ადიან ავტობუსში და მოწყალე თვალით უყურებენ ქალაქს რომელსაც ერთი გუნდაც ყოფნის რომ სიხარულით აღივსოს ! ♥


uaპ.ს. ეს ჩემი დაწერილი არაა.  ნუცა ნინუას შემოქმედებაა.

ფერადი გოგო და ნაცრისფერი ქალაქი

იყო და არა იყო რა…
ნაცრისფერ ქალაქში ცხოვრობდა ერთი ფერადი  გოგო.
ფერადი იმიტომ, რომ სულ  სხვადასხვა ფერის ტანსაცმელს იცვამდა და ვარდისფერმინებიან სათვალეს ატარებდა.
ნაცრისფერი ქალაქის მცხოვრებლები თვითონაც ნაცრისფერები იყვნენ და ფერად გოგოს თავიდან გაოცებულები, შემდეგ კი ამრეზით უყურებდნენ. თვითონ მუქ ფერებში ჩაცმულები ვერ იღებდნენ მათგან განსხვავებულ ადამიანს, ვერ ეგუებოდნენ.
გოგო ვერ ამჩნევდა ხალხის დამოკიდებულებას იმიტომ, რომ ვარდისფერი სათვალე ეკეთა და დადიოდა ასე უშფოთველად და უდარდელად .
ის სათვალეს არ იშორებდა და ამიტომაც დადიოდა მუდამ მომღიმარი. გოგოს ყველაფერი უხაროდა, წვიმიანი ამინდიც კი, რადგან მისი სათვალიდან წვიმა ფერადი და ლამაზი ჩანდა, ხოლო ქალაქის ნაცრისფერი და ჩაშავებული ქუჩები ფერადი და მშვენიერი.
ეს გრძელდებოდა მანამ, სანამ ქუჩაში მიმავალს ვიღაც არ დაეჯახა. სათვალე ძირს დავარდა და დაიფშვნა.
ფერადი გოგო გაოცდა მოღუშული ქალაქის დანახვაზე. მან ვერც სათვალის შეკოწიწება შეძლო, რომ ძველებურად შეეხედა ქალაქისთვის და უსიამოვნოდ გაოგნებული სახლისკენ წავიდა.
ახლა მან შეძლო ყველაფერი ისეთი დაენახა, როგორიც იყო. ის გრძნოდა დაძაბულ მზერას  გამვლელებისგან. იმასაც მიხვდა, რომ ყველასგან გამოირჩეოდა. მან ვერ გაუძლო… ამიტომ ნაბიჯს აუჩქარა. ერთი სული ჰქონდა სახლში როდის მივიდოდა, რომ ამ ავ თვალებს მოშორებოდა.
მეორე დღეს ფერადი გოგოც განაცრისფრდა.

ჰარმონია

     დილით მაღვიძარას არ დავემორჩილე და დაგეგმილზე გვიან ავდექი, ამიტომ სწრაფად ჩავიცვი და ყავის დალევაც კი ვერ მოვასწარი. გარეთ გასულს დილის სიცივე შემომეგება. წინა ღამის ნაწვიმარი იყო, მაგრამ გუბეს ვერსად დაინახავდით.ქუჩაც ისეთი დასუფთავებული იყო, რომ მზესუმზირის ნაფცქვენს და სიგარეტის ნამწვსაც კი ვერ მოკრავდით თვალს. გზა სირბილით გავაგრძელე, რადგან ქართველი მძღოლების გადამკიდე დანიშნულების ადგილამდე დროზე ვერ მიაღწევ. ან გზაში აჩერებენ და ბენზინს ასხამენ, ან შემხვედრ ტრანსპორტთან ჩერდებიან შუა გზაში და მძღოლს ელაპარაკებიან უდროო დროს. მაგრამ ამჯერად შევცდი. ავტობუსმა დროზე ჩამოიარა და მასში ასულს ადგილი ვიღაცამ დამითმო და ზრდილობიანად გამიღიმა. ირგვლივ მიმოვიხედე და გავოცდი ავტობუსის სისუფთავით. ვერსად დაინახავდით დაკაწრულ-დაგლეჯილ სკამს, კედელზე მიწერილ “ძერსკი ნაროდის” სახელებს. ხალხი ერთმანეთს უღიმოდა და თბილად ელაპარაკებოდა. მძღოლს გავხედე, სუფთად წვერგაპარსული, თეთრ, ქათქათა პერანგში გამოწყობილი იყო და სარკეში იყურებოდა. უკან მსხდომი ბავშვების ხმაც კი არ ისმოდა, არაშსაც არავინ აღრიალებდა.
      სასურველ გაჩერებამდე დროზე მივედი და სწრაფად ჩამოვხტი ავტობუსიდან. ბაღში ვიღაც ბიჭები ისხდნენ და ჩემდა გასაკვირად არ იღეჭებოდნენ და არც იფურთხებოდნენ. სხვათაშორის არც ხმამაღლა იგინებოდნენ. მათაც ჩავუარე და მარკეტში შევედი რვეულის საყიდლად. მოწესრიგებული რიგი დამხვდა. ხალხი ერთმანეთის უკან იდგა და უნებართვოდაც არავინ მიდიოდა წინ. გამყიდველმა ზრდილობიანად გამიღიმა და სხვადასხვა რვეულები შემომთავაზა. არჩევას არ მაჩქარებდა და არც დაძაბულად მიყურებდა. გარეთ გამოსული ვიღაც მოხუც კაცს დავეჯახე. ველოდებოდი ბოდიშის მოხდამდე როდის იყვირებდა : “თვალებში ვერ იხედები? წესიერად გადადგი ფეხი!” მაგრამ ჩემდა გასაკვირად  ამჯერადაც შევცდი. კაცმა შემომხედა, ჩაიღიმა, თავი გადააქნია და გზა გააგრძელა. მე გაოგნებული და პირდაღებული გავცდი ტროტუარს და ქუჩის გადაკვეთისას კინაღამ მანქანას დავეჯახე (ყურადღება მიაქციეთ, მე დავეჯახე). კიდევ კარგი დროზე მოასწრო მძღოლმა დამუხრუჭება და გადავრჩი. მოსალოდნელ ავარიას გადარჩენილი ახლა მძღოლის რეაქციაზე ვნერვიულობდი, თანაც პატრული თვალისდახამხამებაში ადგილზე გაჩნდა. თვითონ შეშინებული მძღოლი ახლა მე მამშვიდებდა და ღმერთს მადლობას წირავდა ჩემი გადარჩენისთვის.
         როგორც იქნა ამათაც დავაღწიე თავი და ეკლესიაში შევედი უძღები შვილი.  ბევრი ხალხი იყო. ზეთის ცხება იყო მგონი და ჩემდა გასაკვირად არავის გადავუთელივარ, არავინ გასულა წინ, არავის მოუცია შენიშვნა გადაჯვარედინებული ხელების გამო, არავის შემოუხედავს ამრეზით იმის გამო, რომ შარვალი მეცვა.
     ეკლესიიდან გარეთ გამოსულმა ღრმად ჩავისუნთქე და ჰარმონიით ტკბობას ვაპირებდი, რომ დედამ შემომიღო კარი ტექსტით :
   -ადექი და ბანაობა მოასწარი, წყალი მიდის!

პ.ს. იცის, ვისაც ეკუთვნის ეს პოსტი :) )** 

Restart

      როცა ჩვენი კომპიუტერები  ”იღლება” ჩვენ მათ ვასვენებთ და  ვა-Restart-ებთ. ადამიანებიც ასე ვართ, როდესაც ვიღლებით ვისვენებთ, სხვადასხვა განტვირთვის საშუალებებს მივმართავთ. დროს ვატარებთ ოჯახთან, მეგობრებთან ერთად, ვუსმენთ მუსიკას, ვუყურებთ ფილმებს. ზოგიერთისთვის კი დასვენების ერთ-ერთი საშუალება წიგნის კითხვაა. ჩემთვის პირიქით. კითხვისას იმდენი რამის გადატანა და განცდა გვიწევს, რომ არ მესმის როგორ უნდა დაისვენო. იგივეს თქმა შეიძლება ფილმებზეც.
      დედამიწაც დაიღალა იმ უსუსური არსებებით პარაზიტებად რომ ყავს მიჩენილი. ეს პარაზიტები მასზე დასახლებულან და სისხლს წოვენ, ერთი მტკაველი მიწისთვის ერთმანეთს ანადგურებენ, ებრძვიან, ღვრიან სისხლს, ბოლომდე სწოვენ ჩვენს პლანეტას ყველაფერს, რაც კი სასარგებლო აქვს, ყველაფერი თავისთვის უნდათ. ისე დაიღალა დედამიწა, რომ ფიქრობს ხომ არ და-Restart-დეს? მაგრამ ისიც ახსენდება, რომ როდესაც ერთხელ ეს გააკეთა შვება სულ ცოტა ხნით იგრძნო, მერე ისევ თავიდან დაიწყო სისხლის წოვა.

Paint-ში “დავხატე” :) )

       იქნებ უღირდეს კიდეც ეს შესვენება სულის მოსათქმელად? მაგრამ ის იმდენად კეთილია, რომ ამას თავის ნებით არ იზამს. მას უყვარს ის პარაზიტები, პატარა და საძაგელი არსებები, რომლებიც მას ფიტავენ და თვითონვე ჭრიან იმ ტოტს, რომელზეც სხედან. მერე რა რომ მათ ერთმანეთიც კი არ უყვართ? ერთმანეთს რელიგიის, ეთნიკური თუ სოციალური ნიშნის მიხედვით ასხვავებენ და მხოლოდ თავის თავზე ზრუნავენ (?). თუმცა ისიც გასარკვევია საკუთარი თავი მაინც თუ უყვართ?
     დაიღალა დედამიწა და  ცოტა ხანში ან და-Restart-დება, ან სამუდამოდ გადავა  Sleep-ის რეჟიმში !!!  

ნარკო-MANIA

      სითბო… მზე… მინდორი ბევრი ფერადი ყვავილით. დარბიხარ  და გრილი ნიავი სასიამოვნოდ გელამუნება სხეულზე, თმას გიწეწავს. ბედნიერი ხარ. ასე გგონია მეტი არაფერი გჭირდება ცხოვრებაში. გგონია ყველაფერს შეძლებ, დედამიწას გადააყირავებ, მთებს ცალი ხელით გადადგამ. ძალა გემატება. აღარ ფიქრობ ყოველდღიურ პრობლემებზე. არ გახსოვს დედა, მამა, და, ძმა, შეყვარებული, არავინ!!! არც გინდა რომ გახსოვდეს იმიტომ, რომ სულ ერთია შენთვის. ახლა მთავარია დიდხანს იყო ასეთი ბედნიერი.

      გრძნობ სირბილის დროს როგორ გჩხვლეტენ ყვავილები, მაგრამ გსიამოვნებს. უცნაური შეგრძნება გეუფლება. თითქოს  ერთდროულად გრძნობ ყველაფერს: ტკივილს, სიხარულს, სევდას, ბედნიერებას, მონატრებას, აღმაფრენას. პირში მოტკბო, სასიამოვნო გემო გაქვს. თვალებდახუჭული ხარ და გინდა ყველაფერი ღრმად შეიგრძნო, ისე, რომ არ დაგავიწყდეს და სამუდამოდ დარჩეს შენში. ერთადერთი რაც გაშფოთებს ისაა, რომ მალე დამთავრდება ეს. იცი, რომ ხანგრძლივი არაა.
     ნელ-ნელა რეალობას უბრუნდები. სიცივეს და სისველეს გრძნობ. სრულად გამოფხიზლებამდეც ხვდები, რომ ცივ სარდაფში ხარ, სადაც არავინ ზრუნავს შენზე. აღარსადაა მოწმენდილი ცა, მზე, გრილი ნიავი და ფერადი ყვავილები. ვეღარც ტკბილ გემოს გრძნობ პირში და ის “ყველაფერნარევი” შეგრძნებაც გაქრა რითიც რამდენიმე წუთი ტკბებოდი. ირგვლივ მხოლოდ შენსავით გაუბედურებული ხალხი გახვევია.
   

გულმოკლული ფიქრობ გზაზე, რომელიც ამ სარდაფამდე გაიარე. ვერაფრით მიმხვდარხარ როდის მოასწარი აქამდე დაცემა. უამრავი აზრი გიტრიალებს თავში, სიტყვებს ერთმანეთზე ვერ აბამ, წინადადებები ბზიკებივთ ირევიან თავში და აზრს ვერ ალაგებ. მშობლის სითბო და ალერსი გენატრება, მაგრამ უკან დაბრუნება არ შეგიძლია, ასე ვერავის დაენახვები, განსაკუთრებით დედას. უამრავი ბზიკიდან მხოლოდ ერთი იკვლევს გზას ტვინისკენ და ფიქრობ მხოლოდ ერთ რამეზე, როდის იშოვი ახალ დოზას, რომ ისევ შეუშვა ვენაში და თავიდან განიცადო ნირვანა. რაღაც უნდა გააკეთო, თორემ ვეღარ გაძლებ, მალე კანკალი აგიტანს და გამოსავალი იცი რომ მხოლოდ ერთია.   იცი, რომ თავს უნდა ძლიო, მაგრამ ნებისყოფა აღარ გაქვს, ბრძოლის და სიცოცხლის სურვილი დაკარგე, ამიტომაც გადიხარ გარეთ იმის საშოვნელად, რაც ერთადერთ სიხარულს წარმოადგენს შენს არსებობაში.

პ.ს.   ნარკომანია – ძილი, გაშტერება, სიგიჟე, ლტოლვა, მიდრეკილება. მსოფლიოში 11,3 მილიონი ადამიანი წელიწადში 340 ტონა ჰეროინს მოიხმარს. 26 ივნისი საქართველოში ნარკომანიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღედ არის გამოცხადებული.

პ.პ.ს.  ამ პოსტის დაწერა ერთი ფილმის ნახვის შემდეგ გადავწყვიტე, რომელმაც საშინლად იმოქმედა ჩემზე. ნახეთ ეს ფილმი :     http://www.youtube.com/watch?v=NyfX9UHyxgY

რომ არ ვიცი რა დავარქვა ის პოსტი

      ხომ არის ცხოვრებაში მომენტები დაღლილობისგან  ყველა და ყველაფერი რომ გბეზრდება? ფიზიკურ დაღლას არ ვგულისხმობ. ძალიან დავიღალე უკვე ამაზე ლაპარაკითაც კი.
       ამ ბოლო დროს ისე ვარ, რომ ვხვდები ერთი სახეში  შემოლაწუნება ან მე მჭირდება, ან ხალხს. რატომ ფიქრობს ყველა ჯერ თავის თავზე და მერე სხვაზე? ურთიერთობებითაც დავიღალე. როდესაც რაღაც ხდება რატომ ვგრძნობ  თავს ყველაზე დიდ დამნაშავედ მაშინაც კი, როდესაც არაფერ შუაში ვარ? ვინმე მაიძულებს ასე ვიყო? რა ადვილია ყველაფრის სხვაზე გადაბრალება…
       ”ყოველმან ჩემმან მპოველმანში”  ჭილაძე ამბობს რომ ადამიანებს არ შეუძლიათ თავიანთი  გრძნობები გადასცენ ერთმანეთს. როგორ მომხვდა ეს ფრაზა გულზე.. ალბათ იმიტომ, რომ ვეთანხმები. რომ ჩავუკვირდეთ მართლა ასეა. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა ჩემი ხასიათის, გრძნობის მეგობრისთვის ან ვინმესთვის გაზიარება მდომებია, მაგრამ არ გამომსვლია. უმეტეს შემთხვევაში ასე ხდება. იმის უნარი არ გვაქვს, რომ ვიყოთ ზუსტად ისეთი ბედნიერები, ან უბედურები როგორიც სხვა არის. არ ვიცი ეს რისი ბრალია…
      ისე,  ხალხის უმრავლესობა ერთმანეთის დაჭმაზეა გადასული ასაკისდა მიუხედავად.  ქუჩაში ისეთი სახით დადიან ზედ აწერიათ ყველა პრობლემა. მოღუშული სახეები კი მკლავს, ყველაფრის სურვილს მიქრობს.
       კიდევ ის არ მესმის ჩემზე უფროსი თაობის წარმომადგენლები ჩემგან რომ მოითხოვენ ზრდილობასა და პატივისცემას და თვითონ მაგალითს არ მაძლევენ. მაგალითად, ერთხელ დაახლოებით 40 წლის ქალმა სრულიად უსამართლოდ გამომლანძღა იმის გამო, რომ ერთი სკამით უკან არ გადავჯექი და მას იქვე მჯდომმა ბიჭმა დაუთმო ადგილი.
ტექსტი : “ეს ბიჭი მიხვდა რომ უნდა დაეთმო ადგილი და ამხელა გოგოს ზრდილობა არ გეყო? თავხედი გოგო ეს!”
     შედეგი? ოცი კაცის ჩემკენ რისხვით მოტრიალებული თავი და ჩემი ტირილის პირას მიყვანა. რატომ უნდა ვემსხვერპლო მე ვიღაცის ნერვიულ აშლილობას?  დღემდე ვერ გავიგე იმ ქალს ჩემგან რა უნდოდა და ვერც გავიგებ სიცოცხლის ბოლომდე.
      ეს შემთხვევა არასოდეს დამავიწყდება, რადგან საერთოდ არ მესმის რა უნდათ ასეთებს? ჩემი თაობის უზრდელად გამოყვანა? თვითონ უკეთესს მაგალითს გვაძლევენ?
      უფროს თაობებს რომ არ მივადგეთ ჩემს თაობაშიც მოიძებნებიან ასეთი “ძერსკი” მარგალიტები. საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა ხშირად მიწევს, ამიტომ ხშირად ვხვდები ისეთ ამოუცნობ ობიექტებს, რომლებიც გაურკვეველი მიზნით თამაშობენ ნერვებზე. წარმოიდგინეთ, როგორია უკან მჯდომ “ადამიანს” პირდაპირ ყურთან რომ მოაქვს ტელეფონი, რომელშიც ან წუილის ხმა არის ჩაწერილი, ან არაშის რომელიმე სიმღერა, ან,,, ან…ან… და ეს მხოლოდ იმისთვის რომ ნერვები მოგეშალოს და გაბრაზებული ჩახვიდე ავტობუსიდან, ან იქვე აუტეხო ჩხუბი და ამით თვითონ ისიამოვნონ. ეს მე არ გადამხდენია, მაგრამ მრავლად შევსწრებივარ ასეთ შემთხვევებს.
    მოკლედ ადამიანის ნერვებზე თამაში და სხვების წყობიდან გამოყვანა ზოგისთვის გასართობად და ჰობად არის გადაქცეული. სხვისი არ ვიცი და მე ძალიან მაწუხებს ადამიანური ურთიერთობების გაფერმკრთალება და გაციება. უკეთესი იქნება ასეთმა ხალხმა მოზღვავებული ენერგია სხვა რამეში დახარჯოს, რამე სასარგებლოში.
     პ.ს. გაიღიმეთ რა ხალხო და გამოხატეთ სიყვარული ერთმანეთის მიმართ, თუკი რა თქმა უნდა  საერთოდ იცით ეს რას ნიშნავს. უცხოებზე ნუ ანთხევთ ბოღმას! ერთმანეთზე თუ არ იზრუნებთ შეგვეშვით მაინც! 

ჩემი სიკვდილის შემდეგ…

     ოთახში სიჩუმეს მხოლოდ ჩუმი ქვითინი არღვევს. ხმას არავინ იღებს. მხოლოდ რამდენიმეჯერ გადაუჩურჩულებენ იქ მყოფები ერთმანეთს, ისიც 1-2 სიტყვას. ლაპარაკის თავი არავის აქვს. სევდისმომგვრელი დუმილი მეფობს , რომლის ერთადერთი მიზეზი სიკვდილია.

     ის ისე უცებ შემოიჭრა ოჯახში, როგორც ზამთრის სიცივე შემოვარდება ხოლმე გაღებული კარიდან. გონზე მოსვლა ვერავინ შეძლო. ახლაც, როდესაც მისი კუბო უდგათ წინ მაინც ვერ იჯერებენ რომ ეს მოხდა. ძნელია გააანალიზო ახლობელი ადამიანის სიკვდილი. მითუმეტეს მშობლისთვის, ან დისთვის. ისეთი შეგრძნება ჰქონდათ, თითქოს გულიდან რაღაც ამოაცალეს, ვიღაც ამოგლიჯეს მათ სულს. თუმცა ვიტყუები, არანაირი შეგრძნება არ ჰქონდათ.
     პირველივე დღეს უამრავი ადამიანი მივიდა მათთან თანაგრძნობის გამოსახატავად, მაგრამ ეს ვის აინტერესებდა. ნელ-ნელა აღიზიანებდათ კიდეც მათი დანახვა. ახალგაზრდა გოგონას სიკვდილი არავის გაუხარდებოდა, მაგრამ ვერავინ ისე ვერ განიცდიდა ამას, როგორც თვითონ. ძალით დასევდიანებული სახეების დანახვა ზიზღს გვრიდათ.
     ის კი იდგა ოთახის  კუთხეში და ყველაფერს თვალს ადევნებდა. გული სტკიოდა იმის დანახვაზე, თუ როგორ იტანჯებოდნენ მისი საყვარელი ადამიანები მისი წასვლის შემდეგ. უნდოდა მისულიყო, მოფერებოდა, მიეცა სითბო, რომლის მიცემაც სიცოცხლეში ვერ შეძლო.
     ხედავდა ხალხს. ზოგს არც კი იცნობდა. ზოგთან სიცოცხლეში არც თუ ისე კარგი ურთიერთობა ჰქონდა და ეხლა უკვირდა აცრემლებულს რომ ხედავდა. უმრავლესობა კი მისი გულის ნაწილი იყო, ადამიანები რომლებიც მისთვის ცხოვრების აზრი იყო. ამიტომ ვერ იტანდა მათ ცრემლიან სახეებს, მითუმეტეს მისი მიზეზით აცრემლებულს. გული ეკუმშებოდა. ახლაც მოვიტყუე, მას ხომ გული აღარ ჰქონდა.
    იდგა ოთახში და ხედავდა ცივ კუბოში დასვენებულ ახალგაზრდა სხეულს, რომელიც ერთ დროს მისი ნაწილი იყო, მასში იყო გამთლიანებული, მის გარეშე ყოფა ვერ წარმოედგინა. როგორი სევდისმომგვრელი იყო ამის ყურება. თუნდაც 1 დღის უკან დაბრუნება რომ შესძლებოდა… ბევრ რამეს შეცვლიდა. ყველას მოეფერებოდა, ჩაეხუტებოდა, დაემშვიდობებოდა. დიდი ხნის უნახავ ადამიანებს ნახავდა, მათაც მათ წილ სითბოს მისცემდა.  ერთ დღეში იმდენ რამეს გააკეთებდა, რაც სიცოცხლეში ვერ (არ) მოასწრო.
     თავის ცხოვრებას რომ გადახედა ბევრი რამ ინანა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ერთი კი იცოდა, რომ ცოდნოდა ასე მალე გამოეთხოვებოდა სიცოხლეს, ყველაფერს, სულ ყველაფერს სხვანაირად გააკეთებდა, ცხოვრებას სხვანაირად წარმართავდა. ახლა კი მხოლოდ ის დარჩენოდა დედამიწაზე ყოფნის უკანასკნელი დღეები ახლობლებთან გაეტარებინა. ცუდი კი ის იყო, რომ ისინი ვერ დაინახავდნენ, ვერ შეეხებოდნენ. თვითონ კი ყველანაირად აგრძნობინებდა იქ ყოფნას, მაგრამ იმას ფიქრობდა არ შეეშინებინა თავისიანები. მიცვალებულების ხომ თვითონაც ძალიან ეშინოდა სიცოცხლეში, როგორი ახლობელიც უნდა ყოფილიყო ის.
   
   პ.ს. არასოდეს გიფიქრია რა რეაქცია ექნებოდათ შენს ახლობლებს შენი სიკვდილის შესახებ რომ გაიგებდნენ? ან ვინ მოვიდოდა შენს პანაშვიდზე? ან რა მოხდებოდა გასვენებაზე? მე კიდევ ძალიან ხშირად მიფიქრია და წარმომიდგენია ეს სიტუაცია. ისე მძაფრად, რომ მიტირია კიდეც :) ) ასეთი ფიქრების შემდეგ ვხვდები, რომ სხვანაირად უნდა ვიცხოვრო და ვცხოვრობ კიდეც რამდენიმე დღე. მერე მავიწყდება და ისევ ისეთი ვხვდები, როგორიც ამ წარმოდგენებამდე ვიყავი. შენც რაც უფრო ხშირად იფიქრებ ამაზე, მით უფრო ხშირად შეიცვლები და ამ ხშირ ცვლაში იქნებ ისეთი გახდე, როგორიც გინდა რომ იყო მაგრამ ვერ (არ) ხარ?


პ.პ.ს.   არ მინდა ჩემს დაკრძალვაზე იტიროთ. ყველაზე კარგი იქნება თუ ისე გაერთობით, როგორც მე მიყვარდა. მე კი ზემოდან გადმოგხედავთ ხოლმე და ჩემს სიახლოვეს ყოველთვის იგრძნობთ, ჭირშიც და ლხინშიც.
   

ნაწყვეტი ჩემი დაუსრულებელი წიგნიდან "After Hitlers’ Kampf"

…ნუ ცდილობთ, თანამედროვეობას ფეხაწყობილი ადამიანის ნიღბით დაფაროთ თქვენი ბინძური საქციელი, რადგან თანამედროვე ცხოვრება კი არ გიბიძგებთ

ბოროტებასა და უღირსობისაკენ, არამედ თქვენი დაბადებიდანვე ლპობისთვის განწირული გულები.

ნუ მიაწერთ თანამედროვე ეპოქას თქვენს ბინძურ მისწრაფებებსა და არაადამიანურ ქმედებებს!

გული მერევა ჩემს ღირსებადაკარგულ მეგობარზე!

გული მერევა ჩემს თვითკმაყოფილ მეგობარზე,

გული მერევა მასზე, ვისაც ერთი სული აქვს ჩემს სამშობლოს თავი დააღწიოს, რადგან აქ ჯერ კიდევ არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც ღირსების გრძნობა ბოლომდე არ დაუკარგავთ.

გული მერევა ჩემს მასწავლებელზე, რომელიც ფიქრობს, რომ ყველაფერი ისწავლა და ახლა დროა სხვას ასწავლოს, თანაც ისე, რომ არავინ არასდროს შეეკამათოს.

სამყარო თითოეული ადამიანის გულიდან იმართება და ნუ დაიმსხვრევთ თავზე თქვენს ღირსებებსა და ადამიანობას,

ნუ შეგეხარბებათ სხვისი აღვირახსნილი ცხოვრების, და ნუ გაასულელებინებთ თავს იმ გრძნობას, რომელსაც თქვენ სიყვარულს უწოდებთ!
(c) რუსა ბაშელეიშვილი
პ.ს. ასეთი ხალხი მახვევია გარს :) )) <3

ორი თაგვის ამბავი, ანუ რა აზრი აქვს ბრძოლას?!

    აქვს აზრი მოეჭიდო ხავსს ძლიერი დინების დროს? აქვს!
    ფილმში Catch Me If You Can ფრენკ ებეგნეილს მამამისი ორი თაგვის ამბავს უყვება, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერს: ორი თაგვი რძით სავსე ქილაში ჩავარდა. ერთი სასოწარკვეთილებას მიეცა და თავის გადასარჩენად არაფერი გააკეთა. მეორემ ხელ-ფეხის ქნევა დაიწყო. იმდენი იფართხალა სანამ რძე არ აიდღვიბა და კარაქად იქცა. ასე გადარჩა მებრძოლი თაგვი.
    გეკითხები შენ, მკითხველო, რომელ თაგვს გავხარ ამ მხრივ?
    რამდენიმე დღის წინ, არავისთვის ჩართულ ტელევიზორში, შალვა ნათელაშვილი აზრებს აფრქვევდა. შეიძლება ბევრ რამეში არ ვეთანხმებოდე მას, მაგრამ რაც მაშინ თქვა ის კი სრული ჭეშმარიტება იყო. მისი თქმით. საქართველოში ახალგაზრდობა მიძინებულია, დუმს. თუკი ადრე ის ქვეყნის წამყვან ძალას წარმოადგენდა, ახლა “ქედდრეკილი” და “მადლიერი” თვითკმაყოფილებას მისცემია.
    ინგლისში სწავლის გაძვირებას სტუდენტების მასობრივი საპროტესტო აქციები მოყვა. (ლინკი) იგივე ხდება საფრანგეთშიც. თუ გახსოვთ პარიზში ნებისმიერი არასასიამოვნო ცვლილების დროს სტუდენტები იღებდნენ პირველები ხმას. ისინი არც წყლის ჭავლს უშინდებოდნენ, არც ცრემლსადენ გაზს, არც ფორმიან და აბჯარასხმულ ტიპებს, არც ხელკეტებს, და კიდევ ბევრი არც…
    გასულ შემოდგომას, როდესაც უფროსკლასელთათვის დანიშნული  საატესტატო გამოცდების გასაპროტესტეტებლად მოსწავლეები შეიკრიბნენ სად იყვნენ სტუდენტები? რომელმა მათგანმა ჩააბარა გამოცდა ატესტატის ასაღებად? რატომ არ გამოუცხადეს სოლიდარობა იმ ბავშვებს? იმ ტერიტორიაზე სულ რამდენიმე სტუდენტი იყო, როგორც შემდეგ გავიგე. არც მე დავსწრებივარ  იმ აქციებს სუბიექტური მიზეზების გამო, მაგრამ ჟურნალ “სარკეს” ინტერვიუ მივეცი და არსად დავმალულვარ.
    სტუდენტები და მოსწავლეები ქვეყნის მომავალია და ჩემი გადმოსახედიდან საკმაოდ არაპერსპექტიული.  საკუთარ ბლოგსა თუ სოც. ქსელებზე  ყველა რაღაცას აკრიტიკებს, რეალურად კი არაფერს აკეთებენ.  ჯავახიშვილის სტუდენტებმა ისიც კი ვერ შეძლეს, რომ ცხრილების შედგენა მათ არ დავალებოდათ. ამის გამო თსუ-ს გვერდზე გამუდმებით ვხვდები მოწუწუნე სტუდენტების კომენტარებს.
    ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ყველაფრის იმედი აქვს დაკარგული ამ ხალხს. არაფრისთვის იბრძვიან, არ ცდილობენ უკეთესისკენ შეცვალონ მდგომარეობა. საკუთარ ნაჭუჭში არიან გამოკეტილები და ლოკოკინებივით თავის “სახლს” აფარებენ თავს.
    ხალხო! ამიღეთ ხმა! დამანახეთ რომ არსებობთ და სუნთქავთ! ოღონდ ინტერნეტიდან არა, ისე! თქვენს კეთილდღეობაზე მაინც იზრუნეთ! იყვირეთ, მთელი ხმით იყვირეთ რაც გინდათ, ოღონდ ხმა ამოიღეთ! კოლფილდი გააღვიძეთ!

Read more »

So many different men

     არასოდეს ვყოფ ხალხს გარკვეულ კატეგორიებად, რადგან მიმაჩნია რომ ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან. შეიძლება მათ საერთო ნიშან-თვისებები ჰქონდეთ, მაგრამ თუნდაც 2 ერთმანეთის აბსოლიტურად მსგავსი ინდივიდი არ არსებობს. თითის ანაბეჭდების მსგავსად, არ შეიძლება მათი ხასიათი, მისწრაფებები და შეხედულებები ემთხვეოდეს.
     მიუხედავად ჩემი შეხედულებისა, კარგად რომ დავფიქრდი მივხვდი, რომ ადამიანები, რომლებიც ჩემ გარშემო ტრიალებენ შეიძლება დავყო რამდენიმე კატეგორიად. მათგან ზოგიერთი ერთზე მეტში გაერთიანდება. ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ იმედია მიხვდებით რისი თქმა მინდოდა, რადგან მას არა ზოგადად, არამედ კონკრეტულ ადამიანებზე, თქვენზე ვწერ!

     #1. მათ სურთ თავი მოგვაჩვენონ იმაზე უკეთესებად ვიდრე არიან. დასაშვებად მიმაჩნია ადამიანი ცდილობდეს საკუთარი თავის დადებითი კუთხით წარმოჩენას, მაგრამ ზღვარს არ უნდა გადავიდეს. არ არის საჭირო იმის ჩვენება, რომ ვინმეზე მაგარი ტიპი ხარ. თუ ხარ ისედაც გამოჩნდება, ხოლო თუ არ ხარ სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდები და გარშემომყოფთა ანტიპატიასაც დაიმსახურებ. ეს კი სასიამოვნო ნამდვილად არ არის, განსაკუთრებით მაშინ თუ მათთან ყოველდღიური ურთიერთობა გარკვეული პერიოდის განმავლობაში გარდაუვალია.    

    ოსკარ უაილდი ამბობს : “ბუნებრიობა ნამდვილი  პოზაა, ყველაზე უფრო გამაღიზიანებელი პოზა”. არ დაიჯეროთ. მისი ნაწარმოები ხომ საპირისპიროდ უნდა გავიგოთ! იყავით ბუნებრივები და ამ გზით მეტ სიყვარულსა და პატივისცემას მოიპოვებთ. ცხოვრება სცენაა და ამდენი მსახიობის ატანა დამღლელია!
 

 #2 ისინი თავს უარყოფითი კუთხით გვაჩვენებენ. რეალურ სახეს მალავენ. მე მათ “ფარულ ადამიანებს”  ვუწოდებ. მათთვის დამახასიათებელია შხამიანი ენა, ირიბი ლაპარაკი, რომლის აზრი შეიძლება მხოლოდ მათ ესმოდეთ,  უხასიათობა და უხეშობა. მათთან ნორმალური საუბარი მაშინაა შესაძლებელი, როდესაც მარტონი ხართ. საზოგადოებაში ყველას დამცირებას ცდილობენ. ილტვიან მიუწვდომელისაკენ. ახლობელთან კარგ დამოკიდებულებას ურჩევნიათ უცხოებს ფეხქვეშ გაეგონ. მიუხედავად ჩამოთვლილი უარყოფითი თვისებებისა დაკვირვებული თვალი მათში კარგსაც დაინახავს. არიან სამართლიანები და თუ ეს მათი სურვილიცაა შესაძლებელია წყალობის თვალით გადმოგხედონ და ღიმილი და თბილი სიტყვა გაიმეტონ. იციან ადამიანების ამოჩემება, თუმცა ნაკლებად არიან ერთგულნი. ასევე, არ არიან გამბედავები.
ასეთი ტიპის ადამიანების პრობლემა ისაა, რომ ზედმეტად დეპრესიულები, საკუთარ თავში ჩაკეტილები არიან. ეს მათ გაბოროტებას იწვევს და ამიტომ უჭირთ სხვებს ნამდვილი სახით ეჩვენონ, ბოროტი ნიღბის გარეშე. ჩემი რჩევაა ზოგჯერ ღია ფერის სათვალით შეხედონ ცხოვრებას. შავი სათვალიდან ყველაფერი მუქი ჩანს. ;)
     
#3  ამ კატეგორიას მივაკუთვნებ ადამიანებს, რომლებიც ადვილად ექცევიან სხვისი გავლენის ქვეშ. ისინი ბუნებით კეთილი და უბოროტონი არიან. მათზე ზემოქმედება და საკუთარი აზრის თავზე მოხვევა ადვილია. მათი კეთილშობილებით ბევრი სარგებლობს და თავისი მიზნებისთვის იყენებს. ყველასთან თავისებური, თბილი  ურთიერთობა აქვთ და შეცდომის დაშვების შემთხვევაშიც ადვილად იბრუნებენ ნდობას.  არიან უზომოდ ნიჭიერები და საშინლად ზარმაცები.             
   ამ ტიპის ადამიანებისთვის უმჯობესი იქნება თუ ნებისყოფას გამოიმუშავებენ და ისწავლიან საკუთარი აზრის დაცვას!
    #4 ამ ხალხს ერთი ყველაზე ცუდი თვისება აქვს. მათთვის დამახასიათებელია ადამიანის გამოყენება და მერე უსარგებლო ნივთივით მიგდება. აქვთ ცხოვრებაში თამაშის ნიჭი. მათთან ურთიერთობა ზოგჯერ საშინლად დამღლელია, რადგან ყველა სიტყვასა და ქმედებას უნდა დაუკვირდე და გათვალო რა მოჰყვება მას. არიან ფეთქებადი ხასიათის, კონფლიქტურები. არ ერიდებიან საზოგადოებას. გაბრაზების დროს პასუხისმგებლობას იხსნიან საკუთარ თავზე. იშვიათად, მაგრამ სერიოზულად იტყუებიან და ვერ იტანენ ადამიანებს, რომლებსაც მათგან განსხვავებული აზრი აქვთ. თავი ყველაფრისმცოდნე და განათლებულ ადამიანებად მოაქვთ და სხვებს ზემოდან დაჰყურებენ, თუმცა არაფერს წარმოადგენენ. არიან სნობები.  არ აქვთ იუმორის გრძნობა.
    ეს პოსტი ძირითადად მამრებზე დავწერე, თუმცა არც მდედრობითი სქესის წარმომადგენლები ჩამოუვარდებიან მათ. თუ საკუთარ თავს ამოიცნობთ,  პრეტენზიებით მე ნუ მომმართავთ, არამედ ეცადეთ უკეთესი კუთხით მაჩვენოთ თქვენი თავი და შეხედულება შევიცვალო.   
პ.ს. მომიტევებია

1-ლი პოსტი :)

   ჩემი პირველი პოსტია. ბლოგერობის მცდელობა არასდროს მქონია და ეს პირველია და იმედია წარმატებული.
   დავიწყებ გაცნობით.
 Sally Baqradze- 17 წლის აბიტურიენტი, რომელსაც წესით დრო არ უნდა ჰქონდეს ბლოგერობისთვის, მაგრამ აქვს :)
 
 მიყვარს - ჩემი ოჯახის წევრები, მეგობრები, დაქალებთან მოწყობილი პიცის დილა-საღამოები, სასიამოვნო მოგონებების გახსენება, სეირნობა, კითხვა, ადამიანებისგან სითბოს მიღება, სიმშვიდე, გართობა, ახალი წელი, მუსიკა, შემწვარი კარტოფილი, ნაყინი … … … … … :)    
არ მიყვარს-ამპარტავანი თავმდაბლები”, უხასიათო და უჟმური ადამიანები, რომლებისგანაც კარგს ვერაფერს გაიგებ,  დაძაბული ყოფნა, დაღლა, უმიზნოდ გატარებული დღე, უთქმელი სიტყვები, ვითომ პატრიოტი ადამიანები, “ყველაფრის მცოდნე” სნობები, უშრომლად მიღწეული წარმატება, ჯასტინ ბიბერზე შეყვარებული ბავშვები :) ))))) უცხო სიტყვებით გაჯერებული ტექსტები და მოწოდებები, ვალენტინობა, ყველაფრის მიმართ უარყოფითად განწყობილი ხალხი, ნიჰილისტები, ხახვიანი საჭმელი, ბადრიჯანი  ………………………………… :)
    მენატრება-უსაქმურობა!
    არ მენატრება-90-იანი წლები (რაც მახსოვს:))
    რომ შემეძლოს-მთლიანად შევცვლიდი რამდენიმე ადამიანს.

    მეშინია-სიბნელის და საშინელებათა ფილმების, გველებისა და ქვეწარმავლების.
    ვერ ვიტან-როცა შენიშვნებს ვიღებ დაუმსახურებლად და როცა რაღაცებს მაბრალებენ !(სიზმრებიიიიიიიიიიიიიი :) )
    მინდა-ვიყო წარმატებული,. საფრანგეთში, იტალიაში, ინგლისში, ბრაზილიასა და შტატებში მოგზაურობა (ერთ-ერთში მაინც:)),  გამოცდების ჩაბარება.
    არ მინდა-სიბერე, ჩხუბი, არასასიამოვნო ხალხთან ურთიერთობა.
    მეზარება-არ არსებობს ისეთი რამ რისი გაკეთებაც ერთხელ მაინც არ დამზარებია :)
    მომავალში- ვაპირებ უზარმაზარი სახლის ყიდვას სადაც ყველა ჩემს მეგობარს ერთად შევყრი და დიიიიიიიდ პიცას დავახვედრებ :)
 
   

პ.ს. როდემდე გაგრძელდება ჩემი ბლოგით გატაცება არ ვიცი ;)