კიდეზე იდგა. სხეულის ყველა კუნთი ერთნაირად დაძაბული ჰქონდა. ძირს იყურებოდა მიწამდე თექვსმეტი სართული აშორებდა. სიკვდილამდე ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი. ცხოვრებაში არ დაუხევია უკან და არც ახლა აპირებდა. არავის და არაფრის გამო არ უნდოდა სიცოცხლის გაგრძელება. იმაზე ფიქრიც კი სიამოვნებას გვრიდა, რომ მის ხელში იყო საკუთარი სიცოცხლე და შეეძლო წამებში მოესპო იგი.
“-რა მოხდება ჩემს სიკვდილს რომ გაიგებენ?”- გაიფიქრა. თვალწინ წარმოუდგა ოჯახი, მეგობრები. არც ისე ბევრი მეგობარი ჰყავდა. ვინც ჰყავდა ყველა ძალიან უყვარდა, მაგრამ მათ შორის ერთიც არ იყო ისეთი, რომელთანაც ბოლომდე იხსნებოდა, იყო ის, რაც იყო. თვითონ რაღაცნაირი სხვანაირი იყო. ყოველშემთხვევაში თავად ასე ფიქრობდა.
პატარაობიდანვე უყვარდა ხელოვნება. განსაკუთრებით მუსიკა. მხატვრობის ტრფიალი არასოდეს ყოფილა , მაგრამ რენუარის თბილი ფერებით ყოველთვის ტკბებოდა. ლიტერატურაზე გიჟდებოდა. ძალიან ბევრს კითხულობდა, ამიტომ სკოლაში კარგი სწავლით გამოირჩეოდა. ახლა სტუდენტია და უნივერსიტეტშიც საუკეთესო იქნებოდა სიზარმაცე რომ არ უშლიდეს ხელს. მუსიკა ხომ მისი ცხოვრება იყო. ძირითადად კლასიკას უსმენდა.
ტყუილად ამბობენ ხოლმე სიკვდილის წინ მთელი ცხოვრება გაგირბენს თვალწინო. არაფერი გახსენებია, არცერთი მოგონება. ისე, უბრალოდ ფიქრობდა.
ძირს იყურებოდა. არც თუ ისე ძლიერი ქარი თმას უწეწავდა. ხელები გაშალა და თავი მაღლა აწია. სახე ქარს მიუშვირა. “ეს იქნება ჩემი ბოლო ხორციელი სიამოვნება.”-გაიფიქრა და ნელ-ნელა წინ გადაიხარა.
ქარს მანქანების, ქალაქის ხმაური მოჰქონდა. თავზე ცისფერი, კრიალა ცა დაჰყურებდა. ღრუბლის არცერთი ნაგლეჯი არ ჩანდა ჰორიზონტზე.
გაშლილი ხელისგულები ოფლით დაუსველდა. ტუჩები მაგრად მოკუმა და თვალები დახუჭა. ცოტაც და…
საიდანღაც მუსიკის ხმა მოესმა. ნაცნობი მელოდია. “მუსიკის თანხლებით სიკვდილი, ასეთი რამ მხოლოდ ფილმებში ხდება”.
ნელ-ნელა წინ იხრებოდა. წამი საუკუნედ გაიწელა და დასასრული არ უჩანდა.
ისევ ის მუსიკა. “ცხოვრების საუნდტრეკი”-გაახსენდა სადღაც ამოკითხული.
ასე ხელებგაშლილი, თვალებდახუჭული და ტუჩებმოკუმული იდგა კიდეზე.
მერე უკან გადმოიხარა, ხელები დაბლა დაუშვა, თვალები გაახილა და საკუთარ თითებს დააცქერდა. გრძელი, თეთრი და ლამაზი თითები ჰქონდა.
”სისულელეა ყველაფერი!”- გაიფიქრა და ძირს ჩამოვიდა
ტიერსენი ჩართო, ყურსასმენები მოირგო და კიბეებს ფეხით ჩაუყვა.
გადაიფიქრა.











