Category Archives: ღიმილი

მე და ნოდარ დუმბაძე

ამ ფოტოსა და მის მადლიან სიცილში ჩანს მთელი მისი ხასიათი

ამ სახელის წაკითხვისას ჩემი მკითხველების უმრავლესობას სითბო ჩაგეღვრებოდათ გულში. ახლა მოდაშია ყველაფერ იმის კრიტიკა და არ მოწონება, რაც ხალხს მოსწონს და უყვარს. მათ შორის ამ მწერლისაც. ხოდა მე მივიღე გადაწყვეტილება ყურადღება არ მივაქციო ასეთ ხალხს და მშვიდად გავაგრძელო ამ არაჩვეულებრივი მწერლების სიყვარული.
ჩემი და ნოდარ დუმბაძის “ურთიერთობა” ძალიან ადრეულ ბავშვობაში დაიწყო. 3 წლისამ კითხვის სწავლა დავიწყე და 4 წლის უკვე გამართულად ვკითხულობდი. მოგეხსენებათ ბნელ 90-იანებში დაბადებული ვარ და ისიც იცით რა პირობებში გავიზარდეთ მე და ჩემი თაობის ბავშვები. ამ ბნელ, ცივ, უშუქო და უგაზო პერიოდში ჩემი მშობლები მაინც არ მაკლებდნენ სულის საზრდოს და მამამ ნოდარ დუმბაძის ლექსების კრებული მაჩუქა, რომელიც ფერად-ფერადი სურათებითა და აპლიკაციებით გაფორმებული სულაც არ ყოფილა, როგორც ახლა გამოსული წიგნების უმრავლესობა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პატარა ვიყავი  მაინც ბეჯითად შევუდექი ამ ლექსების კითხვას და მალე ზეპირადაც ვისწავლე. სამწუხაროდ დროთა განმავლობაში დამავიწყდა და დღეს ერთიც კი არ მახსოვს.
გავიდა 3-4  წელიწადი და ერთხელაც დავინახე დედაჩემი როგორ კითხულობდა რაღაც წიგნს და თან იცინოდა. რომ ვკითხე რა აცინებდა არ მიპასუხა, დამპირდა დღეს დავამთავრებ ამ წიგნს და მერე გათხოვებო. ეს წიგნი იყო “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი”. იმ დღიდან მოყოლებული დღემდე ვერც კი დავითვლი რამდენჯერ მაქვს წაკითხული ეს რომანი. ბოლოს 3-4 დღის წინ წავიკითხე. ჩემი სამაგიდო წიგნივით არის, როდესაც ცუდ ხასიათზე ვარ დუმბაძეა ჩემი მხსნელი.
მის თითოეულ ნაწარმოებს, იქნება ეს რომანი თუ პატარა მოთხრობა მხოლოდ ერთი წაკითხვით ვერ ამოწურავ და ყოველ ჯერზე ახალს აღმოაჩენ, ყველა ასაკში სხვადასხვანაირად გაიგებ. პრინციპში ყველა წიგნი ასეა, მაგრამ ნოდარის ცრემლნარევი იუმორი მაინც განსაკუთრებულია.
სულ არ მრცხვენია იმის აღიარება, რომ ძალიან ბევრი ვიტირე ბებიას, ბეჟანას, ბატონი ისიდორეს, კუკარაჩას სიკვდილზე, ზაზას დედის დაბრუნებაზე, ცირას იმედგაცრუებაზე, ხატიას სხივჩამქრალ თვალებზე, ბეღურაზე, რომელიც მიმინომ იმსხვერპლა, იანგულზე, სოსოიას რუსისა და შვილმკვდარი ლუკაიას დიალოგზე, ჯარისკაცებისთვის დაუნანებლად გაღებულ ნაბადზე, ჩექმებსა და წინდებზე  და ა.შ. რა დასანანია ყველაფერს რომ ვერ ვიხსენებ და ვერ ვატევ :(
არც იმას დავმალავ, რომ ძალიან ბევრი ვიცინე ილიკოსა და მის განძზე, მურადას სიკვდილზე გამოგზავნილ დეპეშაზე, რომულისა და ზურიკელას დაწერილ წერილზე, რომელიც ოლღას მიუვიდა, უგერგილო გიგილოზე. ამ ყველაფრის ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს, მე კი თქვენს თვალებსა და ნერვებს ვუფრთხილდები.
მგონი ერთადერთი ნაწარმოებია რომელიც არ მაქვს წაკითხული და არც კი ვიცი რატომ. “მარადისობის კანონი” ახლა მომიტანა ისევ მამაჩემმა და დარწმუნებული ვარ დიდი სიამოვნება მელის წინ, იმდენად დიდი, რომ სტენდალს დროებით გვერდით გადავდებ და ამას ჩავუჯდები.
ასეა, იმაზე წერა ყოველთვის მიჭირს, რაც უზომოდ მიყვარს, როგორ მინდოდა მთელი სათქმელი ჩამეტია ამ პოსტში, მაგრამ ვერ შევძელი და ვერც ვერასოდეს შევძლებ იმ ყველაფრის თქმას, იმ ემოციების გადმოცემას, რასაც მე ვგრძნობ მისი კითხვის დროს. ნოდარ დუმბაძე ზოგისთვის სიცილთან ასოცირდება ჩემთვის კი ეს არის მწერალი, რომელიც წერდა ყველაფერზე, რაც აწუხებდა. მისი ნაწარმოებები  სიკეთით, სიყვარულით არის გამთბარი და ასე იქნება ყოველთვის სანამ მას მკითხველი და დამფასებელი ეყოლება და ეს სულ ასე იქნება.
დღემდე საამაყოდ მაქვს ის, რომ ნოდარ დუმბაძე ჩემთან სახლში ყოფილა და თურმე ჩემს ოჯახთან მეგობრობდა კიდეც. როგორც ბაბუაჩემისგან ვიცი გადმოცემით, ჩემს სოფელში იყო ჩამოსული და დარკვეთელ კოლორიტებზე  დაწერასაც გეგმავდა, მაგრამ სამწუხაროდ არ დასცალდა.  მე კი გულში ხინჯად მაქვს, რომ ვერ მოვესწარი მის სიცოცხლეს და გაცნობის შესაძლებლობა არ მომეცა. ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, მაგრამ მაინც.
თქვენ კი, ძვირფასებო, არასოდეს მოუსმინოთ სხვებს და იკითხეთ და მოიწონეთ ის, რისკინაც გული მიგიწევთ, იქნება ეს დოჩანაშვილი და დუმბაძე თუ ნიცშე და დაიმახსოვრეთ მშვენიერება უბრალოებაშია ;)
 პ.ს. ბლოგზე მოდერაცია მაქვს ჩართული და უწმაწური კომენტარების დატოვებით და ჩემი ლანძღვით თავს ნუ შეიწუხებთ, ვისწავლე როგორ არ მოგაქციოთ ყურადღება :D

ნამდვილი გრაფინია

       მომბეზრდა კარგი გოგოს როლში ყოფნა :)  

         ჩემი  ბლოგის მუდმივი თუ იშვიათი მკითხველების უმრავლესობას ისეთ ადამიანად წარმოგიდგენივართ, როგორიც სინამდვილეში არ ვარ და ეს ალბათ ჩემი ბრალია. ამიტომ გამოვასწორებ შეცდომას  და გაგაცნობთ ჩემს თავს სხვა კუთხიდან.

  1. მე არ ვარ რომანტიული ადამიანი. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ეს ასეა. ჩემმა მეგობრებმა, აქ  გამოქვეყნებული პოსტების (ვერ ვიტან ამ სიტყვას და მითხარით რით ჩავანაცვლო) წაკითხვის შემდეგ გაოცება ვერ დამალეს, რადგან ვერასოდეს წარმოედგინათ თუ ოდესმე ასე სევდიანად და რომანტიულად დავწერდი. პრინციპში მეც მიკვირს.
  2. ჩემი არარომანტიულობიდან გამომდინარე ვერ ვიტან ფანჯრების წინ დანთებულ გულს, პლუშის სათამაშოებს, ვარდებს და წუთში 9874938674983678-ჯერ ნათქვამ “მიყვარხარს” და “ჩემი სიცოცხლე/ცხოვრება” ხარ. მომაბეზრებელ ზარებსა და მესიჯებს. შეიძლება ეს ყველაფერი იმის ბრალიც არის რომ არავინ მყვარებია.
  3. არ ვარ მელანქოლიური და სევდიანი. ძალიან მხიარული, აქტიური და ენერგიული ვარ. გაჩერებულს და დამჯდარს მარტო წიგნებთან და კომპიუტერთან თუ მნახავთ. ძირითადად ვიცინი და სხვებსაც ვამხიარულებ. მე თვითონ არ მიყვარს ეგრედწოდებული “მუდო” ტიპები.
  4. ძალიან ემოციური ვარ და ხშირად ვტირი. ყველაფერი ახლოს მიმაქვს გულთან და ერთი ცუდად ნათქვამი სიტყვაც კი მწყინს. მართლა ყველაფერზე ვტირი, წიგნებსა და ფილმებზე განსაკუთრებით. ყველაზე მეტი “კლასზე” ვიტირე, გულამომჯდარი ვქვითინებდი :)
  5. არ დავდივარ მომღიმარი. რამდენჯერმე ჩემი თავი დავიჭირე იმაში, რომ წარბშეკრული ვმოძრაობ. მაგრამ მთლად ასე მძიმედაც არ არის საქმე. ზოგჯერ ქუჩაში რაღაც სასაცილო გამახსენდება ხოლმე და მარტო ვიცინი.
  6. არ ვეწევი. რამდენიმე პოსტში ვახსენე სიგარეტი და შემდეგ რამდენიმე ადამიანმა მკითხა ამის შესახებ. არ ვეწევი იმიტომ, რომ არ მინდა ჯანმრთელობა კიდევ უფრო შევირყიო, სხვა მიზეზი არ მაქვს ნამდვილად :)
  7. არ მიყვარს ვარდისფერი. თქვენ წარმოიდგინეთ ამ ფერის მხოლოდ 2 ცალი მაისური მაქვს და არცერთი სამკაული, ან აქსესუარი.
  8. ზოგჯერ ვბილწსიტყვაობ ხოლმე. ვაღიარებ :) მაგრამ ეს ძალიან იშვიათაფ ხდება, ისიც უახლოეს მეგობრებთან და მაშინ, როდესაც ძალიან გაბრაზებული ვარ :)

გოგო და ბიჭი

        გოგონა
გაცრეცილი გოგონა იყო. ჩვეულებრივი. გამხდარი, ფერწასული.ყოველთვის კეფაზე აწეულ თმას ატარებდა, ცხენის კუდად შეკრულს. თეთრ, ფერმკრთალ სახეს ერთადერთი შესამჩნევი ნაცრისფერი თვალები ამშვენებდა, დიდი, წყლიანი და აზრიანი. თხელი და უფერული ტუჩები ყოველთვის მაგრად მოკუმული ჰქონდა, თითქოს სიტყვების გაფრენის ეშინოდა. ბევრს არც ლაპარაკობდა, მხოლოდ საჭიროების გამო იტყოდა ერთ-ორ სიტყვას, თუ რამეს ჰკითხავდნენ.
ზამთარ-ზაფხულ კაბები ეცვა, ქვედაბოლოები კი არა, კაბები, მოკლე და ოდნავ გაშლილი. მხრებში ოდნავ მოხრილი დადიოდა. გრძელი კისერი სულ ოდნავ წაეწია წინ და პატარა ნაბიჯებს ადგამდა. ქუჩაში რომ მიდიოდა გულზე ყოველთვის რაღაც  ჰქონდა მიხუტებული. ეს რაღაც კი ძირითადად წიგნები იყო. პატარა, ნაზი ხელის მტევნები მაგრად შემოეჭირა წიგნებისთვის.
სულ ასე დადიოდა.

ბიჭი
ერთი ჩვეულებრივი ბიჭი. მაღალი, გრძელხელება, გამხდარი. გრძელი და ლამაზი თითები სიგარეტისგან ოდნავ გაყვითლებოდა, მაგრამ ეს არ აუშნოებდა, პირიქით, უხდებოდა კიდეც. ჯინსები და კედები-მისი განუყრელი სამოსი. თმა-ოდნავ გრძელი და მარცხნივ გაყოფილი. წელში ოდნავ მოხრილი დადიოდა, დიდი ნაბიჯებით. თითებს შეუმჩნევლად და რიტმულად  ათამაშებდა სიარულის დროს.       წიგნებით ცხოვრობდა გოგო.
მუსიკით ცხოვრობდა ბიჭი.
თავჩაღუნული დადიოდა ორივე.
26.05.2011
ორივე სრულიად შემთხვევით მოხვდა ერთ ქუჩაზე. ერთმანეთს ჩაუარეს, ორივემ ერთდროულად აწია თავი და სულ 2 წამით შეხედეს ერთმანეთს.

09.06.2011
უკვე 2 კვირა გავიდა და რაღაც აწუხებდა ორივეს, რაღაც მოგონება და ვერცერთს გაეხსენებინა რა. გულის თუ ტვინის შორეულ კუთხეში მიყუჟული და საცოდავად მობუზული გრძნობა.

26.06.2011.
2 კვირა იტანჯებოდა ტკივილებისგან გოგონა. მარტო მანქანის ფარები ახსოვდა, ბუნდოვნად და ვიღაცის შეშფოთებული სახე. კიდევ უფრო გაფერმკრთალდა და გაიცრიცა გოგონა, თვალები ჩაუცვივდა, მაგრამ აზრი არ დაუკარგავს.
-დააფიქსირეთ გარდაცვალების დრო 05:26! – ჩაჩით ოფლი მოიწმინდა ქანცგაწყვეტილმა ექიმმა.
05:26-ზე ბიჭს გამოეღვიძა. გულთან ახლოს ტკივილი იგრძნო.
ვეღარ დაიძინა.