Category Archives: შეცდომები

მე მოსაწყენი გრაფინია ვარ

მე მოსაწყენი და ერთფეროვანი გოგო ვარ.
რატომ? ჩამოვთვლი მიზეზებს.


მე არ ვცდილობ ახალგაცნობილი ბიჭის მოხიბვლას (შებმას) განსაკუთრებული მეთოდებით, საერთოდ არ ვცდილობ პრინციპში.მე ნაკლებად  ვლაპარაკობ ინტიმურ და პიკანტურ თემებზე საჯაროდ, არც მეგობრებთან და საერთოდ არავისთან.

ყველაფერი მწყინს და მერე ვტირი. ისე ხშირად რომ დაიღლება ადამიანი ჩემი ყურებით.
მინდა, რომ სულ მაქებდნენ. არ მიყვარს როცა ჩემში რამე ნაკლს პოულობენ და მითითებენ. ვიცი რომ ჯანსაღი კრიტიკა კარგია, მაგრამ უსიამოვნოა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ არ ვიღებ მას.

კატასავით ვარ, მიყვარს, როცა მეფერებიან და თავზე ხელს მისმევენ, მაგრამ სამწუხაროდ ყოველთვის ასე არ ხდება და ეს ფაქტიც ცუდ ხასიათზე მაყენებს.

არ ჩავდივარ სიგიჟეებს. პირიქით, ამ ბოლო დროს ძალიან გაწონასწორებული გავხდი. მაგალიTისთვის არასოდეს მიცეკვია ქუჩაში, განსაკუთრებით მაშინ თუ ბევრი ხალხია. თუმცა წვიმის დროს გუბეებში ვჭყაპუნობ ხოლმე, მაგრამ ვერავინ მხედავს :)  დიდი სურვილი მაქვს იმის, რომ თუნდაც ერთხელ რამე ასეთი სისულელე გავაკეთო და არ ვიფიქრო შედეგზე, მოვეშვა, თორემ ნაადრევად დაბერებული მგონია ჩემი თავი.
მიყვარს კითხვა, კინო, მუსიკა და მხატვრობა. არა, ეს ძალიან კარგია, მაგრამ ვცდილობ ყველას ამ თემებზე ველაპარაკო და ზოგჯერ უხერხულ მდგომარეობაში ვაგდებ ადამიანებს და ხშირად ისინი “გამირბიან”.  ნუ, ეს ჩემი ბრალია, როგორც სხვა დანარჩენი.


მიყვარს სევდიანი მუსიკის მოსმენა, განსაკუთრებით მაშინ თუ ცუდ ხასიათზე ვარ. არადა პირიქით არ უნდა იყოს? უფრო მხიარულს არ უნდა ვუსმენდე? ყველა ნაბიჯს ძალიან ვუკვირდები და არ ვმოქმედებ ექსპრომტად. მოსაბეზრებელია. მარტო ყოფნა შემიყვარდა. უფრო მეტს ვფიქრობ, უფრო თავისუფლად ვარ და თავსაც კარგად ვგრძნობ, მაგრამ… ესეც მოსაწყენია სულ ვიცინი, მთელი დღის განმავლობაში, მაგრამ ეს სიცილიც არ არის გულიდან წამოსული და ძალდატანებითია. 
და ბოლოს, მივხვდი რომ ასე ცხოვრება მომბეზრდა, ყველაფერი ერთფეროვანია და დროა რაღაც შევცვალო, მაგრამ არ ვიცი რით დავიწყო. ჰოო დეპრესიაში ვარ მე მგონი და არც თმის შეჭრამ მიშველა. სანამ მოვიფიქრებ რა ვქნა და რით გავხალისდე მანამდე ისევ ასე ყოფნას გავაგრძელებ.p.s. ეს პოსტი იმისთვის არ დამიწერია, რომ შემაქოთ, მართლა :D

უნივერსიტეტის პირველ დღემდე

რამდენჯერმე ვახსენე თსუს სოციალ-პოლიტიკურზე რომ ჩავაბარე :) ჰოდა ახლა მოგიყვებით ჩემი დაბნეულობისა და “პინგვინობის” პერიოდს. დიახ, პინგვინობის, არ გეჩვენებათ. საქმე იმაშია, რომ სოც-პოლის პირველკურსელებს შეგვარქვეს/შევირქვით პინგვინები. ჰოდა მე დიდი სიამაყით ვატარებ ამ სტატუსს :)
სწავლის დაწყების მოახლოვებასთან ერთად რა თქმა უნდა დავინტერესდი სხვადასხვა საკითხით. ჰოდა ვისთვის უნდა მეკითხა ან სად გამერკვია და უფროსკურსელებს ვუბურღავდი ტვინს. ფეისბუქზე გააკეთეს ჯგუფი TSU Social & Political Studies / სოცპოლი , სადაც ჩვენნაირ დაბნეულებს ერთად მოუყარეს თავი და დაგვაკვალიანეს.  ვსვამდი(თ) 1000 უაზრო კითხვას, ძლივს გავარკვიე რა იყო კრედიტი და სემინარი.  ზოგს არ ეზარებოდა  და ყველაფერში კარგად გვარკვევდა, მაგალითად ანას, რომელიც მართლა ყველაფერს  გასაგები ენით გვიხსნიდა. ანასთან ერთად ბექა გაბადაძეც უნდა მოვიხსენიო, სხვა გზა არ მაქვს :) არც ამას ეზარებოდა, მაგრამ ცოტა ირონიულია და მე ვერაფერი გავუგე, ხოდა დავანებე თავი :) ზოგი სერიოზულად ბრაზდებოდა, მაგალითად ნათია დემეტრაშვილი, პოსტიც კი დაწერა ამაზე. :) ჰო, თათული ლობჯანიძეც კარგი გოგოა :D (ყველა უნდა ჩაგტიოთ აქ)

ასეა თუ ისე გამოვა ჩვენგან რაღაც, ბოლოსდაბოლოს ყველაფერი გავიგე. გავედი თსუში და ყველა კორპუსი ძირფესვიანად შევისწავლე. მათ შორის მესამეც. ეს არის საოცარი კორპუსი :)      

რომ შევედი უკან ვეღარ გამოვედი იმდენი კარია დერეფნის ორივე მხარეს და დამცინეს :/ :D

ჰოდა ნუ მოკლედ ნახევარი კურსი უკვე გავიცანი ფეისბუქით და ვერ ვიტყვი რომ ყველამ აღმაფრთოვანა, მაგრამ უმრავლესობა მომწონს, კარგი ადამიანები ჩანან.  პირადად ვინც ვნახე მათი უმრავლესობა მომწონს :)

უკვე მესამე დღეა არ ვყოფილვარ უნივერსიტეტში და მენატრება, ერთი სული მაქვს 3 როდის მოვა ^_^

ჰოო ვიცი, ვიცი ახლა იმას მეტყვით მოიცადე ცოტა ხანი და მერე წუწუნს დაიწყებო, მაგრამ ჯერ მიხარია და შემარგეთ!

ჰოდა კიდევ თსუს დეკანატი და ჩვენი ტუტორი დამეხმარა ძალიან :)

ბავშვებო, მომავალ წელს ვისაც დაგჭირდებათ ასეთ რაღაცებში გარკვევა, ჩემი იმედი გქონდეთ :D

პ.ს. პოსტს ბონუსად ფოტო, რომელიც ძალიან მომწონს  :D 

ნამდვილი გრაფინია

       მომბეზრდა კარგი გოგოს როლში ყოფნა :)  

         ჩემი  ბლოგის მუდმივი თუ იშვიათი მკითხველების უმრავლესობას ისეთ ადამიანად წარმოგიდგენივართ, როგორიც სინამდვილეში არ ვარ და ეს ალბათ ჩემი ბრალია. ამიტომ გამოვასწორებ შეცდომას  და გაგაცნობთ ჩემს თავს სხვა კუთხიდან.

  1. მე არ ვარ რომანტიული ადამიანი. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ეს ასეა. ჩემმა მეგობრებმა, აქ  გამოქვეყნებული პოსტების (ვერ ვიტან ამ სიტყვას და მითხარით რით ჩავანაცვლო) წაკითხვის შემდეგ გაოცება ვერ დამალეს, რადგან ვერასოდეს წარმოედგინათ თუ ოდესმე ასე სევდიანად და რომანტიულად დავწერდი. პრინციპში მეც მიკვირს.
  2. ჩემი არარომანტიულობიდან გამომდინარე ვერ ვიტან ფანჯრების წინ დანთებულ გულს, პლუშის სათამაშოებს, ვარდებს და წუთში 9874938674983678-ჯერ ნათქვამ “მიყვარხარს” და “ჩემი სიცოცხლე/ცხოვრება” ხარ. მომაბეზრებელ ზარებსა და მესიჯებს. შეიძლება ეს ყველაფერი იმის ბრალიც არის რომ არავინ მყვარებია.
  3. არ ვარ მელანქოლიური და სევდიანი. ძალიან მხიარული, აქტიური და ენერგიული ვარ. გაჩერებულს და დამჯდარს მარტო წიგნებთან და კომპიუტერთან თუ მნახავთ. ძირითადად ვიცინი და სხვებსაც ვამხიარულებ. მე თვითონ არ მიყვარს ეგრედწოდებული “მუდო” ტიპები.
  4. ძალიან ემოციური ვარ და ხშირად ვტირი. ყველაფერი ახლოს მიმაქვს გულთან და ერთი ცუდად ნათქვამი სიტყვაც კი მწყინს. მართლა ყველაფერზე ვტირი, წიგნებსა და ფილმებზე განსაკუთრებით. ყველაზე მეტი “კლასზე” ვიტირე, გულამომჯდარი ვქვითინებდი :)
  5. არ დავდივარ მომღიმარი. რამდენჯერმე ჩემი თავი დავიჭირე იმაში, რომ წარბშეკრული ვმოძრაობ. მაგრამ მთლად ასე მძიმედაც არ არის საქმე. ზოგჯერ ქუჩაში რაღაც სასაცილო გამახსენდება ხოლმე და მარტო ვიცინი.
  6. არ ვეწევი. რამდენიმე პოსტში ვახსენე სიგარეტი და შემდეგ რამდენიმე ადამიანმა მკითხა ამის შესახებ. არ ვეწევი იმიტომ, რომ არ მინდა ჯანმრთელობა კიდევ უფრო შევირყიო, სხვა მიზეზი არ მაქვს ნამდვილად :)
  7. არ მიყვარს ვარდისფერი. თქვენ წარმოიდგინეთ ამ ფერის მხოლოდ 2 ცალი მაისური მაქვს და არცერთი სამკაული, ან აქსესუარი.
  8. ზოგჯერ ვბილწსიტყვაობ ხოლმე. ვაღიარებ :) მაგრამ ეს ძალიან იშვიათაფ ხდება, ისიც უახლოეს მეგობრებთან და მაშინ, როდესაც ძალიან გაბრაზებული ვარ :)

საბედისწერო ნაბიჯი

   კიდეზე  იდგა. სხეულის ყველა კუნთი ერთნაირად დაძაბული ჰქონდა. ძირს იყურებოდა მიწამდე თექვსმეტი სართული აშორებდა. სიკვდილამდე ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი. ცხოვრებაში არ დაუხევია უკან და არც ახლა აპირებდა. არავის და არაფრის გამო არ უნდოდა სიცოცხლის გაგრძელება. იმაზე ფიქრიც კი სიამოვნებას გვრიდა, რომ მის ხელში იყო საკუთარი სიცოცხლე და შეეძლო წამებში მოესპო იგი.

    “-რა მოხდება ჩემს სიკვდილს რომ გაიგებენ?”- გაიფიქრა. თვალწინ წარმოუდგა ოჯახი, მეგობრები. არც ისე ბევრი მეგობარი ჰყავდა. ვინც ჰყავდა ყველა ძალიან უყვარდა, მაგრამ მათ შორის ერთიც არ იყო ისეთი, რომელთანაც ბოლომდე იხსნებოდა, იყო ის, რაც იყო. თვითონ რაღაცნაირი სხვანაირი იყო. ყოველშემთხვევაში თავად ასე ფიქრობდა.  

      პატარაობიდანვე უყვარდა ხელოვნება.  განსაკუთრებით მუსიკა. მხატვრობის ტრფიალი არასოდეს ყოფილა , მაგრამ რენუარის თბილი ფერებით ყოველთვის ტკბებოდა. ლიტერატურაზე გიჟდებოდა. ძალიან ბევრს კითხულობდა, ამიტომ სკოლაში კარგი სწავლით გამოირჩეოდა. ახლა სტუდენტია და უნივერსიტეტშიც საუკეთესო იქნებოდა სიზარმაცე რომ არ უშლიდეს ხელს. მუსიკა ხომ მისი ცხოვრება იყო. ძირითადად კლასიკას უსმენდა.

   ტყუილად ამბობენ ხოლმე სიკვდილის წინ მთელი ცხოვრება გაგირბენს თვალწინო. არაფერი გახსენებია, არცერთი მოგონება. ისე, უბრალოდ ფიქრობდა.

     ძირს იყურებოდა. არც თუ ისე ძლიერი ქარი თმას უწეწავდა. ხელები გაშალა და თავი მაღლა აწია. სახე ქარს მიუშვირა. “ეს იქნება ჩემი ბოლო ხორციელი სიამოვნება.”-გაიფიქრა და ნელ-ნელა წინ გადაიხარა.

   ქარს მანქანების, ქალაქის ხმაური მოჰქონდა. თავზე ცისფერი, კრიალა ცა დაჰყურებდა. ღრუბლის არცერთი ნაგლეჯი არ ჩანდა ჰორიზონტზე.

       გაშლილი ხელისგულები ოფლით დაუსველდა. ტუჩები მაგრად მოკუმა და თვალები დახუჭა. ცოტაც და…

       საიდანღაც მუსიკის ხმა მოესმა. ნაცნობი მელოდია. “მუსიკის თანხლებით სიკვდილი, ასეთი რამ მხოლოდ ფილმებში ხდება”.

       ნელ-ნელა წინ იხრებოდა. წამი საუკუნედ გაიწელა და დასასრული არ უჩანდა.

       ისევ ის მუსიკა. “ცხოვრების საუნდტრეკი”-გაახსენდა სადღაც ამოკითხული.

       ცოტაც და…

       ასე ხელებგაშლილი, თვალებდახუჭული და ტუჩებმოკუმული იდგა კიდეზე.

    მერე უკან გადმოიხარა, ხელები დაბლა დაუშვა, თვალები გაახილა  და საკუთარ თითებს დააცქერდა. გრძელი, თეთრი და ლამაზი თითები ჰქონდა.

       ”სისულელეა ყველაფერი!”- გაიფიქრა და ძირს  ჩამოვიდა

        ტიერსენი ჩართო, ყურსასმენები მოირგო და კიბეებს ფეხით ჩაუყვა.

        გადაიფიქრა.