Category Archives: ჩემი

მე მოსაწყენი გრაფინია ვარ

მე მოსაწყენი და ერთფეროვანი გოგო ვარ.
რატომ? ჩამოვთვლი მიზეზებს.


მე არ ვცდილობ ახალგაცნობილი ბიჭის მოხიბვლას (შებმას) განსაკუთრებული მეთოდებით, საერთოდ არ ვცდილობ პრინციპში.მე ნაკლებად  ვლაპარაკობ ინტიმურ და პიკანტურ თემებზე საჯაროდ, არც მეგობრებთან და საერთოდ არავისთან.

ყველაფერი მწყინს და მერე ვტირი. ისე ხშირად რომ დაიღლება ადამიანი ჩემი ყურებით.
მინდა, რომ სულ მაქებდნენ. არ მიყვარს როცა ჩემში რამე ნაკლს პოულობენ და მითითებენ. ვიცი რომ ჯანსაღი კრიტიკა კარგია, მაგრამ უსიამოვნოა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ არ ვიღებ მას.

კატასავით ვარ, მიყვარს, როცა მეფერებიან და თავზე ხელს მისმევენ, მაგრამ სამწუხაროდ ყოველთვის ასე არ ხდება და ეს ფაქტიც ცუდ ხასიათზე მაყენებს.

არ ჩავდივარ სიგიჟეებს. პირიქით, ამ ბოლო დროს ძალიან გაწონასწორებული გავხდი. მაგალიTისთვის არასოდეს მიცეკვია ქუჩაში, განსაკუთრებით მაშინ თუ ბევრი ხალხია. თუმცა წვიმის დროს გუბეებში ვჭყაპუნობ ხოლმე, მაგრამ ვერავინ მხედავს :)  დიდი სურვილი მაქვს იმის, რომ თუნდაც ერთხელ რამე ასეთი სისულელე გავაკეთო და არ ვიფიქრო შედეგზე, მოვეშვა, თორემ ნაადრევად დაბერებული მგონია ჩემი თავი.
მიყვარს კითხვა, კინო, მუსიკა და მხატვრობა. არა, ეს ძალიან კარგია, მაგრამ ვცდილობ ყველას ამ თემებზე ველაპარაკო და ზოგჯერ უხერხულ მდგომარეობაში ვაგდებ ადამიანებს და ხშირად ისინი “გამირბიან”.  ნუ, ეს ჩემი ბრალია, როგორც სხვა დანარჩენი.


მიყვარს სევდიანი მუსიკის მოსმენა, განსაკუთრებით მაშინ თუ ცუდ ხასიათზე ვარ. არადა პირიქით არ უნდა იყოს? უფრო მხიარულს არ უნდა ვუსმენდე? ყველა ნაბიჯს ძალიან ვუკვირდები და არ ვმოქმედებ ექსპრომტად. მოსაბეზრებელია. მარტო ყოფნა შემიყვარდა. უფრო მეტს ვფიქრობ, უფრო თავისუფლად ვარ და თავსაც კარგად ვგრძნობ, მაგრამ… ესეც მოსაწყენია სულ ვიცინი, მთელი დღის განმავლობაში, მაგრამ ეს სიცილიც არ არის გულიდან წამოსული და ძალდატანებითია. 
და ბოლოს, მივხვდი რომ ასე ცხოვრება მომბეზრდა, ყველაფერი ერთფეროვანია და დროა რაღაც შევცვალო, მაგრამ არ ვიცი რით დავიწყო. ჰოო დეპრესიაში ვარ მე მგონი და არც თმის შეჭრამ მიშველა. სანამ მოვიფიქრებ რა ვქნა და რით გავხალისდე მანამდე ისევ ასე ყოფნას გავაგრძელებ.p.s. ეს პოსტი იმისთვის არ დამიწერია, რომ შემაქოთ, მართლა :D

როგორ მომნატრებიხარ პატარა

როგორ მომნატრებია ბავშვობა…

18 წლის ვარ. წელს ჩავაბარე და პირველ დამოუკიდებელ ნაბიჯებს ვდგამ ცხოვრებაში. ვიცი ყველაზე კარგ ასაკში ვარ, არც ისე დიდი დრო მაშორებს ბავშვობასთან, მაგრამ მაინც მენატრება. ნელ-ნელა მემატება პასუხისმგებლობა პირველ რიგში საკუთარი თავის, შემდეგ მშობლების, მეგობრების,  ახლობლების წინაშე.  დაუფიქრებლად ვეღარ ვიმოქმედებ, წინასწარ განჭვრეტის გარეშე 1 სიტყვასაც ვერ ვიტყვი იმიტომ, რომ  შეიძლება ჩემს ნათქვამს სხვა ჩაეჭიდოს და ცუდი შედეგი მოჰყვეს.

დღეს ამ ხასიათზე დისნეის მულტფილმებმა დამაყენა.

როგორ მენატრება ზაფხულის არდადაგების პერიოდში დილით ადრე რომ ვდგებოდი და ტელევიზორში მუტფილმებს ვუყურებდი : “ფიფქია”, “კონკია”, “მძინარე მზეთუნახავი”, “პაპირუსი”, “პოკაჰონდასი”, “ჰერკულესი”, “განძის მაძიებლები”, “ალადინი”. “ურჩხული და მზეთუნახავი”, “ალისა საოცრებათა ქვეყანაში” … ბოლომდე რომ ჩამოვთვალო მთელი პოსტი ამაზე იქნება…

როგორ მენატრება დილაობით დედა რომ ფრთხილად მაღვიძებდა და საუზმის გარეშე არ მიშვებდა სკოლაში.

მაშინ არავინ გიყურებდა რა გეცვა, როგორ გამოიყურებოდი… როდის მოვასწარით ასე შეცვლა?

არ დამცინოთ :D

როგორ მენატრება ყველა გაკვეთილს რომ ვსწავლობდი და მაინც საკუთარი თავის უკმაყოფილო ვიყავი და მეშინოდა დაფასთან გამოსულს რამე არ შემშლოდა.

გაკვეთილების მომზადების შემდეგ ეზოში წრეში ბურთის და რეზინობანას თამაშიც მენატრება. იმავე ეზოში “საიდუმლო შტაბების” გაკეთება და თუთის ხეზე ძრომიალიც ძალიან მინდა.  უბნის ბიჭებთან  ”სტოპიატის” თამაშიც როგორ ტკბილად მახსენდება.  ისიც კარგად მახსოვს როგორ ვამწარებდით ერთმანეთს, მაგრამ ეგეც კი მენატრება…

სოფელში წასვლით გამოწვეული სიხარულიც მენატრება. ახლაც ძალიან მიყვარს იქაურობა და უზომოდ მიხარია იქ ჩასვლა, მაგრამ მაშინ სულ სხვა იყო. მთელი უბნის ბავშვები მთელი დღე ერთად ვიყავით : ხან კოცერტებს ვატარებდით, ხან კარავს ვდგამდით, კიბორჩხალებზე “სანადიროდაც” კი ვიყავით წასულები. ახლაც ასე ვართ, სულ ერთად, მაგრამ ყველანი ისე ვეღარ.  ცოტა გავუცხოვდით, გავიზარდეთ ალბათ…

ასტრიდ ლინდგრენის პირველად წაკითხვა მომენატრა…

ემილის ოინებზე სიცილი, პეპის სიჯიუტე და უცნაურობა,  კალე ბლუმკვისტის მიზანდასახულობა, კარლსონის სიკეთე და ყველა წაკითხული წიგნის საყვარელი პერსონაჟების მიბაძვა მენატრება. ახლაც მიკვირს ცალ-ცალი წინდით, ან  ზურგზე მიმაგრებული პროპელერით რომ არ დავდიოდი. სამაგიეროდ კალეს ვბაძავდი და ყველაფერში საეჭვოს ვეძებდი, ძირს დაგდებულ ქაღალდსაც არ ვტოვებდი უყურადღებოდ. ამ ყველაფერს ბავშვობა რად უნდა, მაგრამ მათი პირველად გაცნობის ბედნიერება მინდა განვიცადო თავიდან.

ეჰ, როგორ მომნატრებიხარ პატარა… :(

პ.ს. ჩემი 50-ე პოსტია :)

Lifestyle




ზოგჯერ მე ვამბობ “კის” და ვგულისხმობ “არას”.
უფრო ხშირად მე ვამბობ “არას” და ვგულისხმობ “კის”.
ზოგჯერ მე უმიზეზოდ ვარ კარგ ხასიათზე.
უფრო ხშირად- უმიზეზოდ ვარ ცუდ ხასიათზე.
ზოგჯერ მე ჩემს დას ვეფერები.
                                                უფრო ხშირად -ვეჩხუბები.
მარცხენა ჩემი დაა :) ))
ზოგჯერ მე მინდება ყველას ჩავეხუტო, ვინც ირგვლივ მყავს.♥♥ 
უფრო ხშირად-არ მინდება.
ზოგჯერ არ მსიამოვნებს რომ მეხებიან.
უფრო ხშირად მიყვარს თმაზე რომ მეფერებიან.
ზოგჯერ მინდება რამე კარგი დავწერო.
უფრო ხშირად არ გამომდის.
ზოგჯერ მე ძალიან ვიხსნები ადამიანებთან.
უფრო ხშირად ისინი სარგებლობენ ამით.
ზოგჯერ მე მინდება პირველმა მივწერო.
უფრო ხშირად სიამაყე არ მაძლევს ამის უფლებას.
ზოგჯერ მე მინდება საკუთარი თავი ყველაზე წინ დავაყენო.
უფრო ხშირად არ გამომდის ეს.

ზოგჯერ მინდება ვინმეს ჩემი თავი ისეთი დავანახო, როგორიც ნამდვილად ვარ.
უფრო ხშირად საპირისპირო გამომდის.
პ.ს. სულ მინდა რომ შემოვდივარ ახალი კომენტარები დამხვდეს.
        უფრო ხშირად არ მხვდება! :D

ღია წერილი გრაფინიას


ახლა უცებ გამახსენდა როგორ გაგიცანი და გამეცინა…


ბიჭი მეგონე :)


და არაფერი ჰქონდა საერთო იმას ვიცნ გავიცანი შენთან (იუმორის გარდა)


ორ დღეში დავადგინე შენი სქენი…სახელი … გვარიი..ითვალების ფერიი…

მერე გავიგე რომ ბლოგერი ხარ  (ეს რომ გავიგე გავიფიქრე მწარე პოსტები ექნება-მეთქი..)

მერე უცებ აღმოვჩნდი შენს ბლოგზე..პირველი რამაც გამაოცა ვარდისფერი ფერი იყო …(არ ველოდი)


ერთ ღამეში წაგიკითხე თავიდან ბოლომდე :)


გამაოცე..


ცოტა რამ ჩემ და შენს შესახებ : )




„დაახლოებით ერთი თვის წინ დრო ამერია და“


მე ხშირად მერევა დრო


ვიპლაგიატებ


„მე ზუსტად ვიცი, რომ ამ ქალაქში არსებობს ვიღაც, რომელიც ჩემნაირია.“-არის რამოდენიმე,არა ერთი


„ ორივენი ვართ ზარმაცები.“


„საწოლიდან ადგომისას პირველად ფანჯარაში ვიხედებით


„ორივეს გვამშვიდებს მუსიკა“


ორივეს გვიყვარს ფილმების ყურება“


ორივეს გვიყვარს ლიტერატურა“


ორივეს გვიჭირს სითბოს გამოხატვა, მაგრამ გვიყვარს ყველა ჩვენებურად.“ (თუ გამოვხატე მტრისას)


ორივეს გვიყვარდა ბავშვობაში სათამაშოების დალეწვა.“ (განაკუთრებით ბარბის)


“ორივეს გვიყვარს, როდესაც რამეს გვჩუქნიან,“(და ვჩუქნი)


“ორივეს გვიყვარს ფეხით სიარული.“


“ჩვენ გვიყვარს ადამიანები, რომლებსაც ჩვენი უსიტყვოდ ესმის.“


“ზოგჯერ ორივეს გვინდება ხოლმე სრულიად უცნობ ადამიანს გადავუშალოთ 
გული „
ჩვენ აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს“




რაც გაგიცანი ყოველთვის ხარ ჩემი მსმენელი ,როცა ჩემი მეგობრები ღრმა ძილში არიან..


და მე ვწუწუნებ შენთან (რატომღაც არ მერიდება)


მგონია რომ საზოგადოებრივ ტრანპორტში შეგხვდები : ) და შენ გამიცინებ : )




ეჰ გრაფინია გრაფინია…

პ.ს. ეს ერთმა ძალიან ძალიან კარგმა ადამიანმა მომწერა და ისე გამიხარდა, რომ გავწითლდი. ძალიან გამახარე ადამიანო!

მსხვერპლი

         -ნა-ნუ-კააააააა, ნა-ნუ-კააააააა!- ქვემოდან დამარცვლით იძახდა ორი ჯინსის შარვლებში გამოწყობილი ბიჭი და ზემოთ იყურებოდა.
       მეოთხე სართულის აივნიდან გოგომ გამოიხედა.
     -ჩამოდი რა, დაბლა!
      ოთხი სართული სულმოუთქმელად ჩაირბინა ნანუკამ, სარაფნის შრიალით.
     -რეზიკო, გიო!-ორივე გადაკოცნა.
     -ოჰ, ჩვენი სახელებიც გახსოვს? რამდენი ხანია არ გინახივართ? ასე უნდა დავიწყება, გოგო?- მოჩვენებით გაბრაზდა რეზიკო.
     -კარგით რა, ვითომ არ იცოდეთ როგორ ვემზადებოდი გამოცდებისთვის და რომ ჩავაბარე მერე თქვენც სადღაც გაქრით. ისიც არ გითქვამთ როგორ დაწერეთ…
     -აბა, აბა, თვალებზე გეტყობა როგორი დაღლილიც ხარ. – ჩაიცინა გიომ.
     -ჰუმორ, გიო, ჰუმორ.-თვალი ჩაუკრა ნანუკამ.-არ ამოხვალთ ჩემთან?
     -რაზე გვეპატიჟები?
     -მიდით, მიდით მეოთხე სართულის გზას გაუყევით და მეც ახლავე ამოვალ, დედაა      სახლში.
      -არ დააგვიანოოოოოოოოოოოო!- სიტყვა გაწელა რეზიკომ.
ნანუკამ თავი ღიმილით გადააქნია და მაღაზიაში შევიდა.
        სახლში დაბრუნებულს მისაღებში პუფებში მოკალათებული დახვდნენ მეგობრები. რეზიკო მისი სათამაშოებით, დათვით და მაიმუნით ირთობდა  თავს, ერთმანეთს აჩხუბებდა, გიო კი წიგნების კარადას ათვალიერებდა.
      -რა გეშველება?- რეზიკოს შესცინა ნანუკამ.
      -ისევ შენ თუ უშველი საქართველოს, ნანუკა!
      -სიფრიფანა გოგოს იმედზე ხართ ორი მთასავით ვაჟკაცი?
      -საქმე საქმეზე რომ მიდგება ორივეს გვაჯობებ.
      ოთახში თინა შემოვიდა და ტკბილეული შემოიტანა.
     -როგორ ხართ ბიჭებო? როგორ ჩააბარეთ გამოცდები? სულ დაიკარგეთ, აღარც კითხულობთ ნანუკას.
      -რა გვექნა თინა დეიდა?  სოფელში ვიყავით და გუშინ ჩამოვედით. არც ეს ქალბატონი იკლავს თავს მოკითხვით.
     -საქალბატონე, ყმაწვილო!-შეუსწორა ნანუკამ და პასუხად ბალიში მიიღო, რომელიც სულ ცოტათი აცდა.
      -გავედი მე შვილო, “კურიერს” ვუყურებ. -კარი გაიხურა თინამ.
      -ნიკუშა როგორ გყავს, ნანუკა? -წაკბინა რეზიკომ.
      -ნიკუშა აღარ მყავს, შენი ნინუცა როგორაა? -დაემანჭა ნანუკა.
      -ვიღაცას მოხვდება!
      -გიო, შენ როგორ ხარ? როგორ შეეგუე ძმის გარეშე ყოფნას? როდის ჩამოდის საქართველოში?
     -რა ვიცი, ნანუკა, იმედია მომესწრება მაგის ნახვა სიკვდილამდე.
     -რაებს ბოდავ? რა სიკვდილი აგიტყდა ახლა გახდი 18-ის!
     -რეზიკო, მოკეტე!
     -გოგო, ჩვენები სად არიან?  რომ კითხო დობას გვეფიცებან და ერთხელ არ დარეკავენ, იქნებ ცოლი მოვიყვანე? -გაიკრიჭა რეზიკო.
     -აუ, რეზიკო, სუფთა მეთულუხჩე ხარ, შენ ვინ გამოგყვება ბიჭო? დაახეთქა რაღაც სასწაული.
   -გიო, გამასწარი!
   -გეყოფათ!
   -ქალო…
   -რით ვერ გადაეჩვიე მაგ იდიოტურ სიტყვას?
   -ხო კაი, გოგო…
   -ვაიმე!
   -ხვალ მე და გიო ისევ მივდივართ სოფელში და წამო დღეს სადმე წავიდეთ და გავერთოთ? ჰა?
  -მეზარება!
  -ოოოოოოოო, მიდი დროზე ჩაიცვიიი, ცისფერ თვალებს გაფიცებ!
  -კარქით. 
   ჩაიცვა. წავიდნენ. გაერთნენ.
   ერთი კვირის მერე ნანუკა ბიჭების ნაჩუქარ სამაჯურს გაშტერებული, ცრემლგამშრალი თვალებით დაყურებდა და ეფერებოდა.
   2008 წლის აგვისტო იყო.

Come Together

     

          ბლოგის გაკეთების შემდეგ უკვე რამდენიმე თვე გავიდა. დღეს (პრინციპში ღამის 3 საათია) თავიდან ბოლომდე ჩავიკითხე ყველა პოსტი და ზოგზე გამეცინა. ამ რამდენიმე თვეშიც როგორ შევცვლილვარ და გავზრდილვარ.
        ჩემი ბლოგის ვიზიტორების რაოდენობა ყოველდღიურად 60-დან 70-მდე მერყეობს, რაც ცუდი შედეგი სულაც არ მგონია. მაქსიმალური რაოდენობა ერთ დღეში 226 ადამიანი დაფიქსირდა . ეს იმ დღეს , გეგა კობახიძეზე რომ დავწერე პოსტი.
        ჩემი მუდმივი მკითხველები ძირითადად FB-ზე მეკონტაქტებიან. დიდი მადლობა თითოეულ მათგანს იმისთვის, რასაც მწერენ. <3როგოrც მეუბნებით, მოგწონთ რასაც ვწერ და მართლა ძალიან მიხარია. ერთ-ერთმა თქვენგანმა მითხრა, რომ ერთ პოსტზე იტირა კიდეც… ჰოდა ძალიან მიხარია, რომ თქვენზე გავლენას ვახდენ, როგორც თქვენ მეუბნებით კარგს.
         ამ ბლოგმა რამდენიმე საინტერესო ადამიანი მაპოვნინა და მომცა მათთან ურთიერთობის საშუალება. თუნდაც ამის გამო ღირდა ამ ნაბიჯის გადადგმა.
          თქვენ უბრალოდ ვერ წარმოიდგენთ რა სასიამოვნოა, როცა შენს ნაწერს, აზრს იწონებენ და რამდენს ნისნავს თქვენი თუნდაც 1 ვიზიტი და კომენტარი.
        ყველაფრის დათვალიერების შემდეგ ჩემი ყურადღება ამ პოსტმა მიიქცია და დავინტერესდი ამ რამდენიმეთვიანი წვალების შემდეგ შევძელი რამე? მართლა ძალიან მაინტერესებს!

აბდაუბდა

    გამოცდების მოახლოებასთან ერთად იმატა ნერვულმა დაძაბულობამ. ეს წელი ხომ კოშმარი იყო ჩემთვის ყველანაირი გაგებით.
     2 კვირა დარჩა ეროვნულებამდე და მე წიგნებს გულს საერთოდ ვეღარ ვუდებ, მასწავლებლებს ვაგიჟებ და ოჯახის წევრებს ნერვებს ვუშლი. ყველაფერი მეზარება უკვე, დედაჩემის ჩხუბის მოსმენაც, რომ 2 კვირაში გამოცდები მაქვს და მე ვუსაქმურობ.
     ყველაფერი ნერვებს მიშლის. არადა დღეს ვაპირებდი რამე მსუბუქი ფილმის გადმოწერას, მაგრამ ვინ გაცადა. ყველაფერი ჩემს წინააღმდეგაა.
     ”აივენჰოს” წაკითხვა დავიწყე და 2 დღეში 10 გვერდს ვერ გავცდი.
       დღეს ხომ საერთოდ, უნარებიდან წამოსულს წვიმამ მომისწრო და გავილუმპე და გავცივდი. ცურვით ძლივს მივაღწიე სახლამდე, მანამდე დაქალთან ვაფარებდი თავს.
     წუხელ “აგვისტოს 5 დღეს” ვუყურე და დავითრგუნე. ყველა რუსი და ოსი ჯარისკაცი შემზიზღდა, თან გამახსენდა 2008 წლის ზაფხული და ყველაფერი თავიდან განვიცადე. რატომღაც უმეტესობას არ მოსწონს ეს ფილმი, მაგრამ გემოვნებაზე დავა არ ღირს. მიუხედავად იმისა, რომ დიდი მხატვრული ღირებულების მქონე ფილმი არ არის, ძალიან იმოქმედა ყველაფერმა. სხვათაშორის ბევრი ვიტირე რომ გამახსენდა რა დღეში ვიყავით ის რამდენიმე დღე, თანაც მამაჩემის და ბიძაჩემის გადამკიდე ცუდ დღეში იყო ჩემი ოჯახი.
        რაებს მივედ-მოვედე…
       ხვალ პლასტიკური უნდა ავიღო, სადაც ეწერება სად მომიწევს გამოცდების ჩაბარება. იმედია სასოფლოში არა, თორემ რა მიაღწევს იქამდე. კიდევ ერთი მიზეზი იქნება გასაბრაზებლად.
       აი ახლა ვხვდები, რომ რაღაც მჭირდება და ვერ ვხვდები რა. თუ თქვენ იცით მითხარით. ოღონდ ძილი არ გამაგონოთ!
      ჩემი ერთადერთი სიხარული ტკბილეული

და ჩემი ახალი კაბაა, რომელიც ამას ჰგავს,ოღონდ ჩემსას მკლავები არ აქვს ^^

   

მიყვარს, არ მიყვარს, მიყვარს, არ მიყვარს…

    საკმაოდ დიდი ხნის წინ, ჯერ კიდევ მაშინ ბლოგი ახალი შექმნილი რომ მქონდა, დიტოს ბლოგზე ვნახე პოსტი მე-”ამელი”-ს სტილში. როგორც კი წავიკითხე მაშინვე გავიფიქრე ეს მეც უნდა დავწერო-მეთქი… არა, იდეების ნაკლებობას არ ვუჩივი, უბრალოდ ეს ფილმი (ბლოგიც) იმდენად ახლობელი და იმდენად ჩემია, რომ სხვანაირად არ შეიძლება!!!
     სალის უყვარს:
  1. გვიან დაძინება.
  2. დილის ძილი.
  3. გვიან ღამით ყველას რომ სძინავს წიგნის კითხვა, ან ფილმის ყურება.
  4. ზაფხულში ღამით აივანზე ჯდომა, ან/და დილით ადრე გაღვიძება და გამვლელების მძინარე სახეების ყურება.
  5. სტუმრად ყოფნისას წიგნების კარადის დათვალიერება.
  6. ძველ ნივთებში ქექვა.
  7. იასამანი!
  8. ძველი ფოტოების დათვალიერება.
  9. ჰამაკში წიგნის კითხვა, ან ძილი.
  10. ფეხით სიარული.
  11. ზაფხულის წვიმა.
  12. გვიანობამდე სეირნობა.
  13. ბალი.
  14. ნაყინიანი მარწყვი.
  15. ფეხებაკეცილი ჯდომა.
  16. თითების წვალება.
  17. კოვზით ყავის  ჭამა.
  18. თმაზე მოფერება.
  19. სახლში მარტო ყოფნა.
  20. საპნის ბუშტების გაბერვა.
  21. ტუჩების ენით დასველება.
  22. ავტობუსში უკან ჯდომა..
  23. .დაბრაწული კარტოფილი.
  24. თმა რომ შიშველ მხრებზე ეხება.
  25. კატა რომ ფეხზე ეხება.
  26. ძაღლის სველი ცხვირი.
  27. გულაღმა წოლა და ბალიშის სახეზე დაფარება (ეს დღემდე გაუგებარია რატომ მიყვარს).
  28. საყურის წვალება.
  29. მეტროში მგზავრების ფეხსაცმელების დათვალიერება.
  30. თმის ფანქრით, ან პასტით დამაგრება.
  31. წვიმაში ძილი.
  32. ცივ ამინდში რძიანი ყავით კომპიუტერთან ჯდომა.
  33. თოვლის ჭრაჭუნის ხმა.
  34. სახურავზე ჯდომა (იშვიათად ხდება ეს სამწუხაროდ).
  35. ლამაზ თითებში სიგარეტი.
  36. იან ტიერსენის თვალებდახუჭული და სკამის ზურგზე გადაწოლილი მოსმენა.

  სალის არ უყვარს :

  1. ხელგადახვეული სიარული.
  2. თასმიანი ფეხსაცმელი.
  3. ლუდის სუნი.
  4. დილით რომ უმიზეზოდ აღვიძებენ.
  5. სახლის ტელეფონის ხმა.
  6. დაჟინებით რომ აკვირდებიან.
  7. ვიღაც რომ ნერვიულად აბაკუნებს ფეხს, ან აკაკუნებს თითებს მაგიდაზე.
  8. სიცხეში სიარული.
  9. ჩანგლის კბილზე / თეფშზე გასმის ხმა.
  10. პოლიტიკაზე ლაპარაკი.
  11. მინებჩალეწილი შენობები.
  12. კომედიური ფილმები და ამერიკული “ჰეფი ენდები”
  13. ომის კადრების ყურება.
  14. “პროფილი” და “Face კონტროლი”.
  15. თურქული “კლეჩატი” შარფი (ერთი პერიოდი ყველას რომ ეკეთა).
  16. ქუჩაში ნაგავი………………………
  17. მესაკუთრე ადამიანები.
  18. YveLazE DzeRskE NaroDeeEee, YveLaZe DauviWyRebEeeeE, YvelAze MagaRe XalxEee!!!
  19. კედლებზე მიწერილი სახელები,
  20. ტაძრების ქვებზე მიწერილი “აქ იყო ვიღაცა 8748374 წელს”.
  21. ხეზე ამოკაწრული გულები.
  22. ქუჩაში მოღუშული სახეები.
  23. უზრდელები, ცივები, უყურადღებოები…
  24. “შენ ჩემი დაიკო ხარ”!
  25. უხერხული სიტუაციები.
  26. მიცემული პირობის არ შესრულება (გადაგდება).
  27. ბლოგზე რომ შემოდის და ახალი კომენტარები არ ხვდება. :დ
  28. წელში გამართული ჯდომა.
  29. კითხვას რომ აწყვეტინებენ.
  30. საღამოს პარკში გავლა.
  31. მათემატიკის ამოცანების ამოხსნისას რომელიმეში გაჭედვა.
  32. “დიდი გოგო ხარ უკვე” (არ ვარ!)
  33. გეგმების არევა.
  34. მოუწესრიგებელი სიტუაციები დ აყველაფრის არევ-დარევა.
  35. დაულაგებელი სახლი.
  36. როცა აშინებენ (ზოგიერთის გასაგონად ეს! :დ)
  37. ლოდინი.
ჯერჯერობით სულ ეს არის, თუ რამე გამახსენდა მივამატებ. არადა გასახსენებელი კიდევ ბევრია! 

წვიმა

   

  დღეს 2 ივნისია, ზაფხულის მეორე დღე. საშინლად კარგად წვიმის გარეთ, ივნისში რომ იცის ისე. ჩქარი და შხაპუნა წვიმა, ისეთი გარეთ გასვლას და გუბეებში ჭყაპუნს რომ მოგანდომებს. როგორ მიყვარს ასეთ დროს ფანჯრიდან გამვლელების ყურება, სწრაფი ნაბიჯებით რომ გარბიან სახლებისკენ და მოჩვენებითი სერიოზულობით ცდილობენ ეს აჩქარება დაფარონ, რათა თავი სასაცილო მდგომარეობაში არ ჩაიგდონ. არადა ამ დროს უფრო სასაცილოები არიან. ასეთ ამინდში აივანზე დგომა და წვიმაში ხელების გაშვერაც მიყვარს. წვეთები რომ სწრაფად ეცემიან ხელისგულებზე და ვიწუწები…  აივანზე კარადაზე ჩიტები იბუზებიან და ჩემს დანახვაზე არ ფრთხებიან, რადგან ყურადღებას დიდად არც ვაქცევ მათ, ჩემთვის ვერთობი.  

მინდა თუ არ მინდა მაინც მომიწევს გარეთ გასვლა და დასველება. ქოლგას თან არ წავიღებ, არ მიყვარს, ზამთარშიც კი არ დამაქვს თან.  ამ დროს არ ავჩქარდები და ნელა ვივლი, რომ დავსველდე ზაფხულის წვიმით, თუ ავჩქარდი არ დავმალავ ამას…

წვიმიან ამინდში ყვავილებს მოვრწყავ პეპი გრძელიწინდასავით.

ჯადოსნური ჯოხი

      დღეს ის ქალი ვნახე ამ პოსტში რომ ვახსენე. ისევ ისეთი იყო, ოღონდ ამჯერად წინანდელისგან განსხვავებით ყველაფერი მწვანე ეცვა (წინაზე ცისფერი). ისევ იმ ნომერ ავტობუსში, ისევ ჩემთან ახლოს დაჯდა. რომ შევხედე სურვილი გამიჩნდა გამექრო.
       ნეტავ ჯადოსნური ჯოხი მომცა…

Keep calm კი არა შოკოლადი მინდა !

შევძლებ!

ღამის 1-ლი საათი, წვიმა, რძიანი ყავა და სასიამოვნო მუსიკა საუკეთესო პირობებია რამის წასაკითხად, ან დასაწერად. ასე რომ, ვიქმნი განწყობას და ვიწყებ წერას.   
    
მე ვარ ადამიანი, ჩვეულებრივი ცოდვილი ადამიანი, რომელსაც ჰყავს მეგობრები, მტრები და სხვანი და სხვანი.  ცხოვრობს ჩვეულებრივად. დგება დილით, საუზმობს (ზოგჯერ), გადის სახლიდან მაგრამ  :
    
საკმაოდ ამბიციური ვარ არა? პრინციპში რატომაც არა? რა არის ცუდი ამ იდეაში? არც არაფერი, თუ უკეთესობისკენ შევცვლი. მაგრამ რა უნდა გავაკეთო ამისთვის?
დარწმუნებული ვარ თითოეულ თქვენგანს წარმოგიდგენიათ თავი ფილმის გმირად, თანაც არაერთხელ. მათ შორის მეც. ძირითადად ის გმირი ვარ ხოლმე, რომელიც გადატრიალებას ახდენს ვინმეს ცნობიერებაში. ამასთანავე ნელ-ნელა ვრწმუნდები, რომ სამყაროს შესაცვლელად რაღაც გრანდიოზულად ცუდი უნდა მოხდეს. ღირს კი ამის ფასად ნებისმიერი ცვლილება? მაგრამ იქნებ სხვა გზაც არსებობს?
თუმცა მე ვიცი ერთი, არა ორი გზა. რამდენი ადამიანია, რომელმაც თავისი შემოქმედებით ყველაფერი შეცვალა? თუნდაც მწერლები, პოეტები, მხატვრები, რეჟისორები… ხელოვანი ადამიანები. მე არ მაქვს პრეტენზია მაგხელა ნიჭზე, მაგრამ რომ შემეძლოს დაუფიქრებლად შევქმნიდი ისეთ რამეს, რითაც  გადატრიალებას მოვახდენდი ადამიანებში.
სხვათა შორის ძალიან მომწონს Pay it forward-ში გაჟღერებული გეგმა. მე სიამოვნებით განვახორციელებდი მას. ჰო, ვიცი, ვიცი რომ ზღაპრების მჯერა მაგრამ ამ ზღაპრებით ცხოვრება მირჩევნია რეალობის თვალებში ყურებას.
არის მეორე გზაც. თვითონ უნდა შევიქმნა ისეთი გარემო, როგრიც მინდა. თუმცა ეს ძალიან რთულია. ამისთვის სახლში უნდა გამოვიკეტო და ყველაფერს მოვწყდე. ეს კი არ მინდა.
ასეა  თუ ისეა, მირჩევნია ვიცხოვრო ოცნებით, რომ ოდესმე რამეს შევცვლი, ვიდრე საერთოდ არ ვიფიქრო ამაზე. თანაც ოცნება ხომ უკვე სამყაროა?

ჩემი სახლი

ძველი სახლი მინდა, სადაც მარტო ვიცხოვრებ.
რა თქმა უნდა თანამედროვე,  ”სუპერ” სახლები მომწონს, მაგრამ ძველს სულ სხვა ხიბლი აქვს. 
წარმოიდგინეთ სახლი ძველი შპალერით, მაღალი ჭერით, სქელი ფარდებით, გარედან დარაბებით და ხის ძველი კიბით. სახლი, რომელშიც სულ დგას სიძველის სუნი, მტვრის, წიგნების, ძველი ნივთების, ყველაფრის ერთად.
 საძინებელში დიდი საწოლი, რომელსაც ორივე მხრიდან სანათი უდგას ტუმბოზე. იქვეა მაღალი კარადა, ძველებური სარკე და საწოლის ზემოთ ნახატი.  ოთახში წითელი ფერის კედლები  და ხალიჩა იქნებოდა.

  

მისაღები: (ჰოლი, ზალა რაც გინდათ ის დაარქვით.)  ამ ოთახში იქნებოდა ჭერამდე წიგნის  თაროები. პატარა მაგიდა, მაგიდის გვერდით სარწეველა სკამი და სკამთან გრძელი სანათი.  მისაღებში იქნებოდა სავარძლები, ტელევიზორი და რადიო. მაგიდაზე ყოველთვის იქნებოდა ჭიქა წყლით, სათვალე, საფერფლე და სიგარეტი. ოთახში იქნებოდა 2 დიდი ფანჯარა სქელი ფარდებით, რომელსაც დილით, ადგომისთანავე გადავწევდი.

სამზარეულოში და სასადილო იქნებოდა ერთად, თეთრი ფერის კარადებით და მინის მაგიდით დამშვენებული, რომელზეც ტელეფონი იდგმებოდა.  ამ ოთახში ყველაზე ნაკლებ დროს გავატარებდი ალბათ.

აბაზანაში იქნებოდა ფარდა. (მეტი ფიქრი ამ ოთახზე მეზარება) 

   

შემოსასვლელში კარადა იდგმებოდა, რომელსაც გვერდზე სარკე ექნებოდა მიმაგრებული. 

 სახლი  გარედან :

ამ სახლში შევიკრიბებოდით, დავლევდით ყავას და ვილაპარაკებდით ყველაფერზე (და არა ყველაზე)

პ.ს. პენსიონერი ვარ ხო? :) ))))
 ვთაგავ პეპერლენდსა და გლეხის ბიჭს !

ტრაგიზმი

     საზიზღარ ხასიათზე ვარ…
     არ მინდა ვიწუწუნო, მაგრამ მაინც ვწუწუნებ და სულ არ მიმაჩნია, რომ ბლოგზე პირად პრობლემებზე არ უნდა წერო.  ვისაც არ გინდათ არ წაიკითხოთ და მორჩა !
უკვე ამას ვგავარ.

      სამ კვირაში (არც კი) სკოლას ვამთავრებ. ვერ ვიტყვი, რომ გული მწყდება. რაღაც მომენტში მომენატრება ალბათ, მაგრამ ისე ნამდვილად არ ვარ, რომ ვგლოვობდე სკოლის ეტაპის გავლას.
     23 მაისს საატესტატო გამოცდები მეწყება და ძალიან ვნერვიულობ.
     ბოლო ზარი მოდის და მზად არაფერია.
     ბანკეტისთვის კი მაქვს დრო, მაგრამ ატესტატის გამოცდების შემდეგ ვნახოთ რა ხასიათზე ვიქნები და თუ მექნება რამის თავი.
     3 კვირა დარჩა და სკოლაში გაცდენებზე შეგვჭამეს.
      ყოველდღე ზოგიერთი მასწავლებელი ყვავივით დაგვჩხავის თავზე (სექტემბრიდან მოყოლებული), რომ ვერ ჩავაბარებთ გამოცდებს. ყელში ამომივიდა !!!
     აგრეთვე, ყოველდღე მასწავლებლები ამბობენ, რომ არ გვადარდებს ჩვენ ეს გამოცდები და რომ ისინი ჩვენზე მეტად ღელავენ. გასაგებია რომ ჩვენზე ნერვიულობენ (?) , მაგრამ დავითრგუნეთ უკვე.
      ჩემი დაბადების დღე გამოცდების შუა პერიოდს ემთხვევა და ცხოვრებაში პირველად მინდა ეს დრო გაიწელოს.
     წიგნებისკენ გახედვა აღარ მინდა, მეცადინეობა მეზარება.
     დირექტორმა გამოსაშვებ კლასებს დაგვავალა დაგვეწერა “რა მომცა სკოლამ” და ვერ ვიფიქრებ რა დავწერო…
       რომელ წყალს მივცე თავი?
    ერთ-ერთი გზა პრობლემის გადასაჭრელად

რას ჩურჩულებენ ფოთლები?

     შემოდგომაა, ხეებს ფოთლები გასცვივდა. ცივი ქარი ქრის. წითელი და ყვითელი ფოთლები ფრიალით მიფრინავენ დაბლა. დანარჩენები კი საცოდავად შრიალებენ და ქარის ყოველ ამოვარდნაზე ელიან მოწყვეტას, ფარფატითა და ფრენით დაბლა დაცემას.
      ჩუმი შრიალით ეთხოვებიან და ბოლო სიტყვას უსახსოვრებენ ერთმანეთს. ქარი, ჩურჩული, შრიალი ყველაფერს მწუხრის ფერს აძლევს.
     ორი ფოთოლი ერთმანეთს ეკვრის და ეჩურჩულება:
      -ნეტავ მალე მოვწყდებით ჩვენს მშობელ ხეს?- მალე წაგვიღებს ქარი?
      -ეჰ.რა მოკლე ყოფილა სიცოცხლე.
      -შეგვიბრალე!- სასოწარკვეთილნი ევედრებიან ულმობელ ქარს.
  მაგრამ ქარი მათ არ უსმენს, საზარლად ღმუის.
        -გახსოვს, რა პატარები ვიყავით?
        -ჰო. რა მალე გავიდა დრო.
        -შეხედე, შეხედე რამდენი ფოთოლი მიფრინავს! საწყლები!
        -ჩვენს ეს მოგველის!
   და მოხდა ის, რისიც ორივეს ეშინოდა. ხეს ერთ-ერთი მათგანი მოსწყდა და განწირულმა დაიყვირა: -მშვიდობით!
     ცოტა ხანში მას მეორეც მიჰყვა და ასე გაგრძელდა მანამ, სანამ ხე სულ მთლად არ გაშიშვლდა, გაიძარცვა.
     ზამთრის მოახლობეა იგრძნობოდა.

    პ.ს.  ალეგორია ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს გადაკვრით თქმას. მისი მიზანია ავტორის სათქმელის შეფარვით ჩამოყალიბება.

    პ.პ.ს. ეს 2006 წელს დამიწერია, მერვე კლასში. წერტილ-მძიმეც კი არ შემიცვლია ისე გადმოვიტანე რვეულიდან.

ჩემი იასამანი

     საერთოდ არ მიყვარს ყვავილები, განსაკუთრებით ვარდი, მითუმეტეს ვარდობისთვეში ვარ დაბადებული.  სულ რამდენიმე ყვავილი მიყვარს : იასამანი, ია და გვირილა.
     იასამანი სითბოსთან ერთად შემოდის ჩემს ცხოვრებაში. სითბო კი სიცივეზე მეტად მიყვარს.
      სადღაც 1 თვის წინ, მეცადინეობის დროს, იასამნის სუნი ვიგრძენი (მომეჩვენა). იმის მერე ავიჩემე რომ იასამანი მინდა. არადა მართლა მინდა, ძალიან მინდა.  ისე ძალიან, რომ უკვე ჰალუცინაციები დამეწყო :) ) და რა მოითმენს მაისამდე? მანამდე არ შემოდის მგონი.
    საერთოდ გაზაფხულის მოსვლა იმიტომ მიხარია, რომ თბება ^_^ თბილ ტანსაცმელს ვიხდი და თხლად ჩაცმული დავდივარ. თან კიდევ იცით რა მიყვარს? ხეები რომ ყვავდება და  მისი სუნი დგას ყველგან. განსაკუთრებით ატმის და ტყემლის ყვავილის სუნი მომწონს. გაზაფხულზე, ასეთ მზიან ამინდში  ხის ქვეშ ჯდომას და წიგნის კითხვას რა სჯობს? ვერაფერი.
   იასამანმაც წიგნამდე მიმიყვანა. :) ) ჩემი იასამანი. ყველა ყვავილისგან გამორჩეულია ფერით, სუნით, გარეგნობით. ოღონდ მე იასამნისფერი იასამანი მიყვარს და არა თეთრი! ის არის ნამდვილი.

    კიდევ იცით რისი სუნი მიყვარს? აკაციის. ყველასგან გასხვავებულია, მძაფრი და სასიამოვნო.  გარეგნობით დიდად არ გამოირჩევა მაგრამ სუნი… გასაოცარი აქვს.
 
  ეს ლექსი კი რაღაც წიგნში ამოვიკითხე:

 Du bist etwas anderes ,
Nie ist deinesgleichen,
Du bist ein meer
Ein hub bist du,
Die flieder ist meine seele
Du bist meine seele die flieder.
ქართულად გუგლში ვთარგმნე და მერე ჩემებურად ავაწყე  :   
                                                               
                                                                 შენ ხარ ვიღაც სხვა,
არავინაა შენი მსგავსი.
შენ ხარ ზღვა,
 სამყაროს ცენტრი ხარ.
იასამანი ჩემი სულია,
შენ ხარ ჩემი სული იასამანო! 
    დაახლოებით ასე ჟღერს თარგმანი და ეს ლექსიც იასამნის გამო მიყვარს.
    პ.ს. ჩემი გახარება თუ გინდათ იასამანი მაჩუქეთ ვინმემ !!! 




   
   

Life

    თქვენი არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის მუსიკა და კინო ბევრს ნიშნავს. თავს დიდ მელომანად ვერ დავდებ და არც იმის პრეტენზია მაქვს რომ გემოვნებიანი მსმენელი ვარ. ჩემი აზრით ესეც ზოგადი ცნებაა, რადგან ის, რასაც მე გემოვნებიანად ვთვლი სხვას შეიძლება “ბანძად” მიაჩნდეს.  იგივე ხდება ფილმების შემთხვევაშიც. ძირითადად მეგობრების რჩევებს ვითვალისწინებ, როდესაც ფილმს ვარჩევ გადმოსაწერად.
ჰოდა ამ შესავლით იმის თქმა მინდოდა, რომ ყველა  როკს, ჯაზს, ბლუზს ვერ მოუსმენს და არცაა საჭირო უსმენდეს. მუსიკის ყველა მიმდინარეობას თავისი მსმენელი ჰყავს და ეს ასეც უნდა იყოს.
ჩემს კომპიუტერში რომ შემოიხედოთ გაოცდებით იმდენ სხვადასხვა მიმდინარეობას ნახავთ. არ ვიცი ეს რისი ბრალია. მაგალითად თუ ერთ წუთში “Muses” ვუსმენ, შემდეგ შეიძლება “Coldplay” ან “Radiohead” ჩავრთო და მერე საერთოდაც Damien Rice, James Blunt ან Jason Mraz ამოვიჩემო :) )
რაც უნდა იყოს ერთადერთი კომპოზიტორი, რომელმაც ჩემს დროს გაუძლო Yann Tiersen-ია. იმდენი ხანია ვუსმენ რომ მგონი არასოდეს მომბეზრდება . მგონი კი არა, არასოდეს მობეზრდება.
იანი  მუსიკალურად აფორმებს ჩემს ერთ-ერთ უსაყვარლეს ფილმს “ამელი” ამ ფილმზე ბევრს არ ვილაპარაკებ, უბრალოდ ეს წაიკითხეთ (ლინკი). აქ ყველაფერი წერია, რასაც მე ვფიქრობ ამ ფილმზე, რეჟისორზე და საერთოდ ყველაფერზე რაც მას უკავშირდება.     ამ ფილმის მუსიკაც ისეთივეა, როგორც თვითონ კინო. Yann Tiersen-ის მოსმენისას სიკეთის კეთების სურვილი მიჩნდება რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს. :) ) მოკლედ, არ ვიცი რა ნიჭი აქვს ამ კაცს ასეთი, რომ პირველი მოსმენის შემდეგ ვეღარ მოვწყდი. მისი თითქმის ყველა კომპოზიცია მაქვს მოსმენილი და ყველა ერთნაირად მიყვარს. შეიძლება მარტო იმიტომ ვუყურო ფილმს, რომ კომპოზიტორი Yann Tiersen-ია.
რაც შეეხება ფილმებს, “ამელი” რომ მიყვარს უკვე ვთქვი. წელს, კი არანოფსკის ფილმები მომეწონა. “შავი გედი” ხომ ვინც ნახა იმის 99%-ს მოსწონს, მაგრამ მე მხოლოდ ამ ფილმით არ შემოვიფარგლები. არანოფსკის “The fountain” ვნახე და ისე მომეწონა მეორედ მივუბრუნდი. მიუხედავად იმისა, რომ რთული ფილმია და ერთხელ ნახვით ვერაფერს გაიგებ, მაინც ძალიან მაგარია.

არანოფსკის მეორე ფილმი, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ ვნახე არის “Requiem for a dream”. ამ ფილმში ჯარედ ლეტო ასრულებს მთავარ როლს. მე ამ კაცით მოვიხიბლე :) ) გარეგნობის გარდა მსახიობობის ნიჭიც ჰქონია და არ მცოდნია :) )  კინო ჩემთვის მძიმე საყურებელი იყო, მაგრამ თუ ნახავთ ნამდვილად არ ინანებთ.

ბოლოს ნანახი ფილმებიდან გამოვარჩევდი  ”The talented Mr. Ripley”-საც. ეს ფილმი არის ადამიანზე (?), რომელმაც მოკლა მეგობარი, მიისაკუთრა მისი სახელი, ნივთები და მისი ცხოვრებით ცხოვრება დაიწყო. ამ ფილმში სამი ვარსკვლავი თამაშობს და თუნდაც მათ გამო ღირს ყურება.
  
“Forrest Gamp” ეს არის ფილმი გონებაშეზღუდულ ადამიანზე. მისი ICQ იმდენად დაბალია, რომ სკოლიდანაც გამორიცხეს. მას დასცინოდნენ.მიუხედავად ამისა ის მაინც კეთილი იყო და ბოღმას გულში არ ინახავდა.თავიის დაუდევრობის გამო ფორესტი ბევრჯერ ჩავარდა სასაცილო სიტუაციაში. ფორესტს ჰყავდა ერთი მეგობარი გოგონა, რომელიც ყველაფერი იყო მისთვის. მთელი ფილმი ფორესტ გამპის ცხოვრებას და ამ გოგოსთან ურთიერთობას აღწერს. ძალიან ემოციური და თბილი ფილმია. მე ვტიროდი :) )

თანაც ამ ფილმში ტომ ჰენკსი მონაწილეობს და აბა წარმოიდგინეთ როგორი იქნება?!
 

“Love me if you dare” ეს ფილმიც მომწონს. განსხვავებული ისტორიაა და ტიპიური რომანტიკული ბლადუნისგან გამოირჩევა. მოკლედ ღირს საყურებლად. თანაც მარიონ კოტილარდი მონაწილეობს ;)
“Closer”  ამ ფილმზე უკომენტაროდ. ნამდვილი თანავარსკვლავედი. ნატალი პორტმანის დაუვიწყარი პერსონაჟი და ძალიან მაგარი დიალოგები.
ამ ფილმს რომ ვუყურე კარგა ხანს მჯეროდა რომ სამყაროს შეცვლას შევძლებდი. ფილმი სიკეთეზე, ადამაინებზე, სიყვარულზე. მოკლედ ნახეთ და ცრემლების გარეშე ვერ უყურებთ.
მოკლედ ამჯერად სულ ეს იყო. ძალიან ბევრი ფილმი აკლია ამ სიას და ზოგი რაც მიწერია იმათზე მეტად მიყვარს :) ) დანარჩენს მერე მივამატებ (?).

დიალოგი გეგა კობახიძესთან

გაზაფხულის მშვიდი ღამე. მყუდროებას არავინ მირღვევს. ყველანაირი პირობა მაქვს შექმნილი მშვიდად ფიქრისთვის. რამდენ ვინმეზე შეიძლება ფიქრი… მე შემიძლია შევხვდე ყველას, გავიგო ყველაფერი და შემდეგ ვიამაყო თუნდაც იმით, რომ ვესაუბრე ოსკარ უაილდს, კენ კიზს . მართალია წარმოსახვით, მაგრამ მაინც.
ის სულ უცებ გაჩნდა, თითქოს ნისლიდან გამოვიდა და აღიმართა ჩემს წინაშე ზუსტად ისეთი, როგორსაც ფოტოებიდან ვიცნობდი, მაღალი, სიმპატიური, ლამაზი, მეტყველი თვალებით, რომლებიც ისე გიყურებდნენ, თითქოს სულში ჩაწვდომას ლამობდნენ. მოკლედ, ზუსტად ისეთი, როგორიც გოგონების უმრავლესობას მოსწონს. სწორედ ამიტომაც ჰყავდა ამდენი თაყვანისმცემელი და საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე სასურველ ბიჭად ითვლებოდა. თანაც ის ხომ ელიტური ოჯახის შვილი იყო.
მისი დანახვისას ისე გავოცდი, რომ თვითონაც შეამჩნია. თან ბედნიერებისგან ენა ჩამივარდა. მას შემდეგ რაც მისი ისტორიის შესახებ გავიგე ყოველთვის მაინტერესებდა მისი პიროვნება. მასზე და მის მეგობრებზე დაწერილ წიგნსაც ხომ ცრემლიანი თვალებით ვკითხულობდი. ეს ალბათ იმიტომ, რომ “ჯინსების თაობაში” ის ზუსტად ისეთია როგორიც სულ მეგონა რომ იყო, ან მინდოდა ყოფილიყო.
საზოგადოებაში  გეგასა და მის “თანამზრახველებზე” აზრი ორად იყოფა. ზოგს ბოროტმოქმედად და ტერორისტად მიაჩნია, ხოლო ზოგს თავისუფლებისთვის მებრძოლ გმირად. ჩემი აზრით კი ერთი თბილისელი ბიჭი იყო, რომელსაც ზომაზე მეტი ყურადღება ჰქონდა და ამის გამო გათამამებულიც კი იყო.მეორეს მხრივ კი იმას ნამდვილად ვერ (არ) დავიჯერებ რომ გეგამ იცოდა რა მოჰყვებოდა თვითმფრინავის გატაცებას და  ეს ნაბიჯი მაინც გადადგა. ჩემი აზრით ეს ახალგაზრდები წინდაუხედავად მოიქცნენ და მათ გაუაზრებელ საქციელს როგორც თავიანთი, ასევე სხვისი სიცოცხლე ემსხვერპლა.
როგორც უკვე მიხვდით, ჩემს ოთახში გეგა კობახიძე დავინახე. შევეცადე თავი ხელში ამეყვანა და შედეგს მივაღწიე. 
-არ მელოდი? – მკითხა გეგამ
-მთელი ცხოვრებაა ამას ველოდები.
-ხომ არ შეგაშინე?
-შენი როგორ უნდა შემეშინდეს? რეციდივისტს არ გავხარ.- გავუღიმე
-ტერორისტს?-მანაც გამიღიმა.
-არც ტერორისტს.
-აბა ვის ვგავარ?- ცნობისმოყვარე თვალებით მეკითხება.
-გზააბნეულ ახალგაზრდას, რომელიც ხვალინდელ დღეზე არ ფიქრობს და არც იმაზე, რა   მოჰყვება მის გადადგმულ ნაბიჯებს.
- შენ ასე გგონია?- ირონიულად გამომხედა.
-ასე მეგონა აქამდე.
-ახლა? ახლა რას ფიქრობ?
-ახლა ვერ ვფიქრობ…
-რატომ? ჩემმა აქ ყოფნამ დაგაბნია?- გულიანად გაიცინა და მეც გამეცინა.
-არა, უბრალოდ აქამდე მეგონა ყველაფერი ვიცოდი შენზე და ახლა პირიქით ვფიქრობ.
-ანუ მაინც ფიქრობ?!-კიდევ ღიმილი
-ასე გამოდის.
-გინდა მეტი გაიგო ჩემზე? იცოდე ამის შანსი მხოლოდ დღეს გექნება.- თვალი ჩამიკრა  გეგამ.
-მინდა, როგორ არ მინდა?! მაგრამ ჯერ მე უნდა გკითხო.
-ჯერ? ამ საღამოს შენს კითხვებს უნდა მოვუსმინო.
-ხოდა სწორედ მაგაზე მინდა გკითხო. რატომ მოხვედი მაინცდამაინც ჩემთან?
-ალბათ იმიტომ, რომ დიდი ხანია გინდა, ძალიან ცნობისმოყვარე ხარ და ახლაც ერთი  სული გაქვს კითხვებს როდის მომაყრი.- ისევ მიღიმის
-ჰო ეგ მართალია.-სიცილით ვუპასუხე მეც და გავჩუმდი. ჯანდაბა! როცა საჭიროა მაშინ  მეკეტება ტვინი, სხვა დროს მშვენივრად ვაზროვნებ და ვტლიკინებ?!
-მგონი დაგავიწყდა რაც გაინტერესებდა-გონებამახვილურად შენიშნა მან.
-არა, არა, უბრალოდ არ ვიცი საიდან დავიწყო.- ძალიან დავიბენი. 
-მე დავიწყებ!- ბრძანებასავით გაისმა სიჩუმეში მისი ძლიერი ხმა.-ალბათ, ყველაზე მეტად  ის გაინტერესებს ვიცოდი თუ არა რა მოჰყვებოდა ჩემს საქციელს?- არა, არ ვიცოდი. რომ    მცოდნოდა 1 ადამიანის სიცოცხლე მაინც შეეწირებოდა ამ საქმეს, ყველაფერზე უარს  ვიტყოდი.
-როგორ, ერთხელაც არ გიფიქრიათ რომ ყველაფერი ისე კარგად ვერ ჩაივლიდა, როგორც  თქვენ გეგმავდით?
-არა! ხომ გითხარი, ეგ რომ მეფიქრა უარს ვიტყოდი-მეთქი.
-არ მესმის, მაგას ხომ ნებისმიერი იფიქრებდა?
-ის არ იფიქრებდა, ვისაც ნათელი მომავლის ჯერა, უკეთესი ცხოვრება უნდა.
-კარგი. ახლა ის მაინტერესებს რისთვის მიდიოდით?
-ყველას თავისი მიზეზი ჰქონდა, მე ჩემსას გეტყვი. უკვე სული მეხუთებოდა  სოციალისტურ საქართველოში ცხოვრებით. გულს მირევდა ეს ამაზრზენი ყოფა. ხალხი  თითქოს დაზომბებული იყო, სიცოცხლე არ შეიმჩნეოდა მათ სახეზე. თავისუფლებისკენ  ვისწრაფვოდი მთელი ცხოვრება და ბოლოს მივხვდი, რომ ამას საბჭოთა კავშირში ვერ  მივაღწევდი. ამიტომაც გადავწყვიტე ასეთი რადიკალური ნაბიჯის გადადგმა და…
-შენ გაქცევაზე გქონდა თვალები! უკეთესი ცხოვრება მხოლოდ შენთვის გინდოდა!-  აღშფოთებულმა უტაქტოდ გავაწყვეტინე სიტყვა.
-ამას არც უარვყოფ. გმირობის პრეტენზია არც  არასდროს მქონია. უბრალოდ, აქედან  გაქცევა მინდოდა. შენ როგორ ფიქრობ ღირს იმ ხალხზე ზრუნვა, რომელსაც მხოლოდ  მაშინ უყვარხარ როდესაც “კარგი” ხარ, ხოლო როდესაც რამე შეცდომას დაუშვებ ზურგს    გაქცევენ და არ გაპატიებენ. ღირდა კი მათ გამოფხიზლებაზე მეზრუნა, ვინც სამუდამო  ძილისთვის არის განწირული და უბრძოლველად ნებდება ყველაფერს, ერთი წამითაც არ  ფიქრობს გამოღვიძებას?
-ეს არ გამართლებს!
-არც ვცდილობ თავი გავიმართლო შენს, ან ვინმეს წინაშე, გარდა დედაჩემისა.- ნაღვლიანად ჩაილაპარაკა გეგამ.
-მაპატიე, უხეშად გამომივიდა.-ზურგი ვაქციე, რომ თვალებზე მომდგარი ცრემლი არ  დაენახა.
- იმ წყეული დღის შემდეგ ყველას ყველაფერი უხეშად გამოსდის.-წყენით ნათქვამი  სიტყვები ეკალივით მომხვდა გულზე.
-ბოდიში, ის ვთქვი რასაც არ ვფიქრობ და რაც იმ წუთას მომივიდა თავში. შენ კი  მითხარი, რას ნანობ დედაშენის წინაშე?
-ყველაფერს. მან ვერ გამიგო. როდესაც გადავწყვიტეთ თვითმფრინავის გატაცება    დედასთვის არაფერი მითქვამს, რადგან ვიცოდი მისი ხასიათის ამბავი. ჩვენ  განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა. თინამაც კი ვერ მიითვისა თუნდაც ერთი  ბეწო სიყვარული, რომელი დედაჩემის მიმართ მქონდა. სწორედ ამ დიდი სიყვარულის  გამო, დედა წინ გადამეღობებოდა და ხელს შემიშლიდა. თუ ყველაფერი კარგად  იქნებოდა მასაც აუცილებლად წავიყვანდი. არ ვიცი როგორ, მაგრამ აუცილებლად ასე  მოხდებოდა.- გეგას ხმაში სინანული გამოკრთა.
-მესმის შენი. ძალიან ეტკინა გული დედას. თუმცა მე ვიცი ეს რატომაც გააკეთე. მისი  დაცვა გინდოდა, შენგან დაცვა.
-არ ვიცი, შეიძლება ასეც იყოს. არ ვიცი რა დავარქვა იმას, რაც მაშინ ჩემს თავში ხდებოდა.
-ქაოსი.- ცრემლიანი თვალებით გავუღიმე.
-ჰო. ალბათ.-დანანებით ჩაიქნა ხელი ჩემმა სტუმარმა.
–გეგა კიდევ მინდა ერთი რამ გკითხო.-მორიდებით ვუთხარი (სად მე და სად მორიდება).
-მხოლოდ ერთი?-კიდევ გაიცინა.
  რა სიცილი აქვს, გულიანი და ალალი. მარტო მისი სიცილის გამო ვერ დავიჯერებ მის     ბოროტმოქმედობას!
 -გეგა, რომ შეგეძლოს რას შეცვლიდი? მაინც წახვიდოდი?
-წავიდოდი იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი სხვაგვარად წარიმართებოდა. თუმცა ამაზე  პასუხი არ მაქვს. შეცვლით კი იმას შევცვლიდი, რომ უდანაშაულო ხალხის სიკვდილს არ  დავუშვებდი.მათ შორის ჩემი პატარას.-ხმა აუკანკალდა.
  ცოტა ხანი ორივე გავჩუმდით. ბოლოს ვეღარ მოვითმინე და დავარღვიე დუმილი.
   -შენი პატარა… თვითონაც პატარა იყავი იმისთვის რაც გადაიტანე.- ახლა უკვე მე  გამერია ხმაში ტირილი.
 გეგა ჩემს წინ დადგა, ზემოდან დამხედა, თავზე ხელი გადამისვა და გამიღიმა.
-რატომ ტირი იმის გამო რასაც აღარაფერი ეშველება? მითუმეტეს უცნობი ადამიანების  გამო?- თბილი ხმით მკითხა.
-იმიტომ, რომ ეს მოხდა. იმიტომ, რომ არ ვიცი რატომ მოხდა და კიდევ იმიტომ რომ        ჩემთვის ასეთ შემთხვევაში უცხო ადამიანი არ  არსებობს. ისევე მტკივა, როგორც თქვენ  ყველას.
-მაგას მაინც ნუ იტყვი. შენ არც კი იცი ეს რა არის.
-შეიძლება. იცი, კიდევ  მინდოდა მეკითხა  რაღაც.
-მაინც რა?
-რატომ არ წამოვიდა ირაკლი ჩარკვიანი თქვენთან ერთად?
 გეგას თბილად გაეღიმა.
-ირაკლი ყველა ჩვენგანზე ჭკვიანი აღმოჩნდა, თანაც მას სხვა მიზანი ჰქონდა.
-მაინც რა მიზანი?
-უნდოდა ზღვა გადაეცურა.-ფიქრებში წასულმა მიპასუხა.
-სიმღერით?-ტურაშვილის “ჯინსების თაობა” გამახსენდა.
-ხო. სიმღერით და ამაში ხელს ვერავინ შეუშლიდა.
-ასე რატომ გგონია?
-იმიტომ რომ ირაკლი ჩარკვიანი იყო.
 ავდექი და ფანჯარაში გავიხედე. 
-გეგა, თინაზეც მინდოდა მეთქვა რაღაც.
 პასუხი არავინ გამცა. შემოვტრიალდი.. ოთახი ცარიელი დამხვდა…

სიცოცხლის წყურვილი

    

   კიდევ ერთი ბნელი დღე გათენდა მისთვის. ზლაზვნით, უხალისოდ ადგა, რადგან იცოდა ეს დღეც ისეთივე იქნებოდა როგორიც გუშინდელი, გუშინწინდელი, იმისწინდელი. მისი ცხოვრება ხომ მხოლოდ ტანჯვით, განწირული გამოხედვით, ვედრებით სავსე თვალებითა და სისხლით იყო სავსე. ასე გრძელდებოდა მრავალი წელი. მისი გაჩენის დღიდან ერთი ბედნიერი წამიც  კი არ ყოფილა მის ცხოვრებაში.  მას ეს არ მოსწონდა, მაგრამ რა ექნა? ასეთი იყო მისი ბუნება.

 მის მოახლოებას როგორც კი იგრძნობდნენ, მაშინვე ძრწოლა აიტანდა ყველას, შეშინდებოდნენ და წყევლით მოიხსენიებდნენ მის სახელს.  არადა სულაც არ იყო საშიში… მასაც ისევე სურდა სიცოცხლე და ბედნიერება, როგორც ჩვეულებრივ მოკვდავებს.  მთელი ცხოვრება იმას ნატრობდა სიცოცხლის მშვენიერება შეგრძნო, მაგრამ არ შეეძლო… უკვირდა, როდესაც მისი სახელით ძმა ძმას წირავდა, მშობელი-შვილს, შვილი-მშობელს, მეგობარი-მეგობარს. უკვირდა ამ უსუსური ადამიანების ყოფა, რომელთა ცხოვრებაც წამიერად გაიელვებდა დედამიწაზე და უმრავლესობა სიკვდილის შემდეგ კვალსაც არ ტოვებდა. ყველაზე მეტად ის აოცებდა, რომ ადამიანებს თავისუფლად შეეძლოთ ყოფილიყვნენ ბედნიერები, მაგრამ ხელოვნურად იქმნიდნენ პრობლემებს, ყალბ იდეალებს ინერგავდნენ თავში და მათ მსხვრევას ვერ ეგუებოდნენ.
      

მისი გადმოსახედიდან ყველაფერი გაცილებით მარტივი ჩანდა, რადგან ბევრი რამის მნახველი იყო. ის ჯერ კიდევ მაშინ გაჩნდა, როდესაც კაენმა აბელი მოკლა. დედამიწა ზანზარებდა ამ ცოდვის გამო. ყველა მიხვდა რომ გაჩნდა რაღაც ახალი, ის დაიბადა ვისი სახელის ხსენებაც ყველას შიშის ზარს ჰგვრიდა  და ვისაც სიკვდილი დაარქვეს. ო, რა ამაზრზენი სახელია… სიკვდილს თავიდან მოსწონდა ასე რომ ეშინოდათ მისი, თითქოს დიდ ძალას გრძნობდა, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ ასეთი ყოფა სიკეთის მომტანი არ იქნებოდა მისთვის, თუმცა უკვე არაფრის შეცვლა შეეძლო.   ამიტომაც ნატრობდა ადამიანად ყოფნას. ერჩივნა ცოტა ხნით მოსულიყო დედამიწაზე და ეს დრო მშვიდად და უშფოთველად გაეტარებინა, ვიდრე მისი არსებობა მარადიული ყოფილიყო და შიში ეთესა ყველგან.

     ვინ მოთვლის რამდენი იმსხვერპლა მან? რამდენი პატარა წაიყვანა თავისთან, რამდენს დაუნგრია ცხოვრება? 

  
  ყველაზე მეტად ბავშვების თვალებში გამკრთალ შიშს უფრთხოდა სიკვდილი, ამიტომაც ერიდებოდა პატარებთან შეხვედრას.     უდიდეს გამოცანას წარმოადგენდა მისთვის რას ფიქრობდნენ თვითმკვლელები სიკვდილის ბოლო წუთს. ვერ გაეგო რა უფლებით ხელყოფდნენ უფლის ნაჩუქარ სიცოცხლეს. ალბათ ისევ ხელოვნურად შექმნილი პრობლემების გამო მიდიოდნენ მასთან შესახვედრად. ტვინს იმაზეც იჭყლეტდა სივკდილი, ერთმანეთს როგორ ართმევენო ადამიანები სიცოცხლეს? დანდობა არ იციანო. მკვლელებს ვერ იტანდა ის, ამიტომაც აჩქარებდა მათთან შეხვედრას, ეჩქარებოდა მათი ტანჯვა, უნდოდა შური ეძია ვიღაცის გამო.
    
 ასეთ საშინელ ყოფაში გადიოდა მისი დღეები. სიცოცხლე წყუროდა სიკვდილს, თავისი წილი სიცოცხლე, ადამიანური სიცოცხლე. ასე ეგონა კაცად რომ გავჩენილიყავი ყველაფერს შევცვლიდიო დედამიწაზე. ამდენი რამის მნახველი იმას კი ვერ ხვდებოდა, რომ ადამიანად დაბადება ყველაზე რთულია, სიკვდილზე რთულიც კი…

წინასწარ დაწერილი პოსტი

     დილით მზის სხივებმა გამაღვიძა. რამდენჯერ უნდა დამავიწყდეს ფარდის გადაწევა?! სხვა რა გზაა, ავდგები და გადავწევ. ოჰოო, რა მშვენიერი ამინდია… ღრუბლის ნაფლეთიც არ ჩანს ცაზე. ეს კარგია იმიტომ, რომ გუშინ წვიმაში მოვყევი და სულ გავიწუწე. მიყვარს ზაფხულის წვიმა, მაგრამ მარტო მაშინ როცა ფანჯრიდან ვუყურებ, ან ვინმესთან ერთად ვარ გარეთ და მარტო არ ვსველდები.  
     დაწოლას აზრი აღარ აქვს, გამოვფხიზლდი. ვიცვამ. რა კარგია ზაფხული! ზამთრისგან განსხვავებით ერთი მაიკით და შორტით დავდივარ და თავს კომფორტულად ვგრძნობ. ეს ზამთარი ცუდად მახსენდება, ძალიან დავიღალე. გასული წელი საშინლად დამქანცველი იყო. როგორც იქნა ჩავაბარე თორმეტივე გამოცდა. მიუხედავად იმისა, რომ  ეროვნულის პასუხები არ ვიცი, თავს მაინც მშვიდად ვგრძნობ. მშვენივრად დავისვენე, ზღვაზეც ვიყავი და გავშავდი, თან გავერთე. იმ 4 არანორმალურთან ერთად რა მომაწყენდა :) ) მალე, ალბათ სოფელში წავალ და იქ უარესად “დავისვენებ”.
      მდაა… რა არის საინტერესო მაცივარში?! საზამთრო. როგორ მიყვარს… საღამომდე რა ვაკეთო? სიცხეში გარეთ ვერ გავალ, ეს კომპიუტერიც ამომივიდა ყელში, აი რა მოაქვს უსაქმურობას… ისევ ჩემს ბანკეტს ვუყურებ და ჩემი ცეკვის მომენტებზე გადავახვევ :) ) მანამდე ვინმეს მივწერ და თავს გავირთობ. ვის მივწერო? დავიწყო ანბანის მიხედვით? 1-ლი ჩემი კლასელია. ოჰ ეგ სადმე ლაშქრობაში იქნება მთაში, არ ღირს.  შემდეგი ანაა, ამას სძინავს. ანას შემდეგსაც სძინავს და საერთოდაც მეზარება!
     რამდენ ხანს უნდება ეს კომპიუტერი ჩართვას…  საიტზეც არავინაა :(   რა ადრე ავდექი… ეჰ, ისევ რომელიმე ათასჯერ გადაღეჭილ წიგნს წავიკითხავ.
      რა ნელა გადის დრო?! 12 საათია ჯერ. ჩემი და მაინც იყოს აქ რამეზე ვეჭორავებოდი, როდემდე ველაპარაკო ჩემს მეზობელ ნაირას? დედაჩემიც რომ გასულია ქალაქიდან? მარტო ყოფნა კარგია, მაგრამ მოსაწყენი… განსაკუთრებით დილით. საღამოს კი გავდივარ გარეთ, მაგრამ… როდის გავა ეს კვირაც რომ წავიდე იმერეთში?!
      ეჰ, კარგია იმერეთი. ბოლოს აღდგომას ვიყავით მე და
ანა და ძალიან მაგრად გავერთეთ. სულ 3 დღით ვიყავით და გაიცნო მთელი სოფელი. 1-ლ დღეს ცოტა გაუჭირდა გარემოსთან შეგუება, მაგრამ მერე იქაურ აქცენტსაც მიეჩვია და კოლორიტებსაც :) ) სხვათა შორის ტალახსაც :) )
     კარზე კაკუნია. კარამდე კი არ მივდივარ, მივფრინავ. არავის ველოდები და ნეტავ ვინაა? ვააა ეს ვინ  მოსულა… როგორ მიხარია შენი ნახვა! როდის ჩამოხვედი? როგორ გაშავებულხარ… რა? ავჭალაში ავიდეთ დღეს საღამოს? სიამოვნებით… გოგოებიც მოდიან? მით უკეთესი.
      უცებ ვალაგებ ყველაზე საჭირო ნივთებსა და ტანსაცმელს და მივდივართ.
      და აქ იწყება რაც იწყება!…
      მალე გავიდა 2 დღე და აი, ისევ სახლში ვარ.
      ტელეფონი რეკავს. როგორ გამახარა ამ ზარმა.
      დაბლა ჩავედი. მოღრუბლულია.  ალბათ იწვიმებს, მაგრამ მე ხომ მარტო არ ვარ!