Category Archives: ჩიტები

წვიმა

   

  დღეს 2 ივნისია, ზაფხულის მეორე დღე. საშინლად კარგად წვიმის გარეთ, ივნისში რომ იცის ისე. ჩქარი და შხაპუნა წვიმა, ისეთი გარეთ გასვლას და გუბეებში ჭყაპუნს რომ მოგანდომებს. როგორ მიყვარს ასეთ დროს ფანჯრიდან გამვლელების ყურება, სწრაფი ნაბიჯებით რომ გარბიან სახლებისკენ და მოჩვენებითი სერიოზულობით ცდილობენ ეს აჩქარება დაფარონ, რათა თავი სასაცილო მდგომარეობაში არ ჩაიგდონ. არადა ამ დროს უფრო სასაცილოები არიან. ასეთ ამინდში აივანზე დგომა და წვიმაში ხელების გაშვერაც მიყვარს. წვეთები რომ სწრაფად ეცემიან ხელისგულებზე და ვიწუწები…  აივანზე კარადაზე ჩიტები იბუზებიან და ჩემს დანახვაზე არ ფრთხებიან, რადგან ყურადღებას დიდად არც ვაქცევ მათ, ჩემთვის ვერთობი.  

მინდა თუ არ მინდა მაინც მომიწევს გარეთ გასვლა და დასველება. ქოლგას თან არ წავიღებ, არ მიყვარს, ზამთარშიც კი არ დამაქვს თან.  ამ დროს არ ავჩქარდები და ნელა ვივლი, რომ დავსველდე ზაფხულის წვიმით, თუ ავჩქარდი არ დავმალავ ამას…

წვიმიან ამინდში ყვავილებს მოვრწყავ პეპი გრძელიწინდასავით.