გაზაფხულის მშვიდი ღამე. მყუდროებას არავინ მირღვევს. ყველანაირი პირობა მაქვს შექმნილი მშვიდად ფიქრისთვის. რამდენ ვინმეზე შეიძლება ფიქრი… მე შემიძლია შევხვდე ყველას, გავიგო ყველაფერი და შემდეგ ვიამაყო თუნდაც იმით, რომ ვესაუბრე ოსკარ უაილდს, კენ კიზს . მართალია წარმოსახვით, მაგრამ მაინც.
ის სულ უცებ გაჩნდა, თითქოს ნისლიდან გამოვიდა და აღიმართა ჩემს წინაშე ზუსტად ისეთი, როგორსაც ფოტოებიდან ვიცნობდი, მაღალი, სიმპატიური, ლამაზი, მეტყველი თვალებით, რომლებიც ისე გიყურებდნენ, თითქოს სულში ჩაწვდომას ლამობდნენ. მოკლედ, ზუსტად ისეთი, როგორიც გოგონების უმრავლესობას მოსწონს. სწორედ ამიტომაც ჰყავდა ამდენი თაყვანისმცემელი და საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე სასურველ ბიჭად ითვლებოდა. თანაც ის ხომ ელიტური ოჯახის შვილი იყო.
მისი დანახვისას ისე გავოცდი, რომ თვითონაც შეამჩნია. თან ბედნიერებისგან ენა ჩამივარდა. მას შემდეგ რაც მისი ისტორიის შესახებ გავიგე ყოველთვის მაინტერესებდა მისი პიროვნება. მასზე და მის მეგობრებზე დაწერილ წიგნსაც ხომ ცრემლიანი თვალებით ვკითხულობდი. ეს ალბათ იმიტომ, რომ “ჯინსების თაობაში” ის ზუსტად ისეთია როგორიც სულ მეგონა რომ იყო, ან მინდოდა ყოფილიყო.
საზოგადოებაში გეგასა და მის “თანამზრახველებზე” აზრი ორად იყოფა. ზოგს ბოროტმოქმედად და ტერორისტად მიაჩნია, ხოლო ზოგს თავისუფლებისთვის მებრძოლ გმირად. ჩემი აზრით კი ერთი თბილისელი ბიჭი იყო, რომელსაც ზომაზე მეტი ყურადღება ჰქონდა და ამის გამო გათამამებულიც კი იყო.მეორეს მხრივ კი იმას ნამდვილად ვერ (არ) დავიჯერებ რომ გეგამ იცოდა რა მოჰყვებოდა თვითმფრინავის გატაცებას და ეს ნაბიჯი მაინც გადადგა. ჩემი აზრით ეს ახალგაზრდები წინდაუხედავად მოიქცნენ და მათ გაუაზრებელ საქციელს როგორც თავიანთი, ასევე სხვისი სიცოცხლე ემსხვერპლა.
როგორც უკვე მიხვდით, ჩემს ოთახში გეგა კობახიძე დავინახე. შევეცადე თავი ხელში ამეყვანა და შედეგს მივაღწიე.
-არ მელოდი? – მკითხა გეგამ
-მთელი ცხოვრებაა ამას ველოდები.
-ხომ არ შეგაშინე?
-შენი როგორ უნდა შემეშინდეს? რეციდივისტს არ გავხარ.- გავუღიმე
-ტერორისტს?-მანაც გამიღიმა.
-არც ტერორისტს.
-აბა ვის ვგავარ?- ცნობისმოყვარე თვალებით მეკითხება.
-გზააბნეულ ახალგაზრდას, რომელიც ხვალინდელ დღეზე არ ფიქრობს და არც იმაზე, რა მოჰყვება მის გადადგმულ ნაბიჯებს.
- შენ ასე გგონია?- ირონიულად გამომხედა.
-ასე მეგონა აქამდე.
-ახლა? ახლა რას ფიქრობ?
-ახლა ვერ ვფიქრობ…
-რატომ? ჩემმა აქ ყოფნამ დაგაბნია?- გულიანად გაიცინა და მეც გამეცინა.
-არა, უბრალოდ აქამდე მეგონა ყველაფერი ვიცოდი შენზე და ახლა პირიქით ვფიქრობ.
-ანუ მაინც ფიქრობ?!-კიდევ ღიმილი
-ასე გამოდის.
-გინდა მეტი გაიგო ჩემზე? იცოდე ამის შანსი მხოლოდ დღეს გექნება.- თვალი ჩამიკრა გეგამ.
-მინდა, როგორ არ მინდა?! მაგრამ ჯერ მე უნდა გკითხო.
-ჯერ? ამ საღამოს შენს კითხვებს უნდა მოვუსმინო.
-ხოდა სწორედ მაგაზე მინდა გკითხო. რატომ მოხვედი მაინცდამაინც ჩემთან?
-ალბათ იმიტომ, რომ დიდი ხანია გინდა, ძალიან ცნობისმოყვარე ხარ და ახლაც ერთი სული გაქვს კითხვებს როდის მომაყრი.- ისევ მიღიმის
-ჰო ეგ მართალია.-სიცილით ვუპასუხე მეც და გავჩუმდი. ჯანდაბა! როცა საჭიროა მაშინ მეკეტება ტვინი, სხვა დროს მშვენივრად ვაზროვნებ და ვტლიკინებ?!
-მგონი დაგავიწყდა რაც გაინტერესებდა-გონებამახვილურად შენიშნა მან.
-არა, არა, უბრალოდ არ ვიცი საიდან დავიწყო.- ძალიან დავიბენი.
-მე დავიწყებ!- ბრძანებასავით გაისმა სიჩუმეში მისი ძლიერი ხმა.-ალბათ, ყველაზე მეტად ის გაინტერესებს ვიცოდი თუ არა რა მოჰყვებოდა ჩემს საქციელს?- არა, არ ვიცოდი. რომ მცოდნოდა 1 ადამიანის სიცოცხლე მაინც შეეწირებოდა ამ საქმეს, ყველაფერზე უარს ვიტყოდი.
-როგორ, ერთხელაც არ გიფიქრიათ რომ ყველაფერი ისე კარგად ვერ ჩაივლიდა, როგორც თქვენ გეგმავდით?
-არა! ხომ გითხარი, ეგ რომ მეფიქრა უარს ვიტყოდი-მეთქი.
-არ მესმის, მაგას ხომ ნებისმიერი იფიქრებდა?
-ის არ იფიქრებდა, ვისაც ნათელი მომავლის ჯერა, უკეთესი ცხოვრება უნდა.
-კარგი. ახლა ის მაინტერესებს რისთვის მიდიოდით?
-ყველას თავისი მიზეზი ჰქონდა, მე ჩემსას გეტყვი. უკვე სული მეხუთებოდა სოციალისტურ საქართველოში ცხოვრებით. გულს მირევდა ეს ამაზრზენი ყოფა. ხალხი თითქოს დაზომბებული იყო, სიცოცხლე არ შეიმჩნეოდა მათ სახეზე. თავისუფლებისკენ ვისწრაფვოდი მთელი ცხოვრება და ბოლოს მივხვდი, რომ ამას საბჭოთა კავშირში ვერ მივაღწევდი. ამიტომაც გადავწყვიტე ასეთი რადიკალური ნაბიჯის გადადგმა და…
-შენ გაქცევაზე გქონდა თვალები! უკეთესი ცხოვრება მხოლოდ შენთვის გინდოდა!- აღშფოთებულმა უტაქტოდ გავაწყვეტინე სიტყვა.
-ამას არც უარვყოფ. გმირობის პრეტენზია არც არასდროს მქონია. უბრალოდ, აქედან გაქცევა მინდოდა. შენ როგორ ფიქრობ ღირს იმ ხალხზე ზრუნვა, რომელსაც მხოლოდ მაშინ უყვარხარ როდესაც “კარგი” ხარ, ხოლო როდესაც რამე შეცდომას დაუშვებ ზურგს გაქცევენ და არ გაპატიებენ. ღირდა კი მათ გამოფხიზლებაზე მეზრუნა, ვინც სამუდამო ძილისთვის არის განწირული და უბრძოლველად ნებდება ყველაფერს, ერთი წამითაც არ ფიქრობს გამოღვიძებას?
-ეს არ გამართლებს!
-არც ვცდილობ თავი გავიმართლო შენს, ან ვინმეს წინაშე, გარდა დედაჩემისა.- ნაღვლიანად ჩაილაპარაკა გეგამ.
-მაპატიე, უხეშად გამომივიდა.-ზურგი ვაქციე, რომ თვალებზე მომდგარი ცრემლი არ დაენახა.
- იმ წყეული დღის შემდეგ ყველას ყველაფერი უხეშად გამოსდის.-წყენით ნათქვამი სიტყვები ეკალივით მომხვდა გულზე.
-ბოდიში, ის ვთქვი რასაც არ ვფიქრობ და რაც იმ წუთას მომივიდა თავში. შენ კი მითხარი, რას ნანობ დედაშენის წინაშე?
-ყველაფერს. მან ვერ გამიგო. როდესაც გადავწყვიტეთ თვითმფრინავის გატაცება დედასთვის არაფერი მითქვამს, რადგან ვიცოდი მისი ხასიათის ამბავი. ჩვენ განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა. თინამაც კი ვერ მიითვისა თუნდაც ერთი ბეწო სიყვარული, რომელი დედაჩემის მიმართ მქონდა. სწორედ ამ დიდი სიყვარულის გამო, დედა წინ გადამეღობებოდა და ხელს შემიშლიდა. თუ ყველაფერი კარგად იქნებოდა მასაც აუცილებლად წავიყვანდი. არ ვიცი როგორ, მაგრამ აუცილებლად ასე მოხდებოდა.- გეგას ხმაში სინანული გამოკრთა.
-მესმის შენი. ძალიან ეტკინა გული დედას. თუმცა მე ვიცი ეს რატომაც გააკეთე. მისი დაცვა გინდოდა, შენგან დაცვა.
-არ ვიცი, შეიძლება ასეც იყოს. არ ვიცი რა დავარქვა იმას, რაც მაშინ ჩემს თავში ხდებოდა.
-ქაოსი.- ცრემლიანი თვალებით გავუღიმე.
-ჰო. ალბათ.-დანანებით ჩაიქნა ხელი ჩემმა სტუმარმა.
–გეგა კიდევ მინდა ერთი რამ გკითხო.-მორიდებით ვუთხარი (სად მე და სად მორიდება).
-მხოლოდ ერთი?-კიდევ გაიცინა.
რა სიცილი აქვს, გულიანი და ალალი. მარტო მისი სიცილის გამო ვერ დავიჯერებ მის ბოროტმოქმედობას!
-გეგა, რომ შეგეძლოს რას შეცვლიდი? მაინც წახვიდოდი?
-წავიდოდი იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი სხვაგვარად წარიმართებოდა. თუმცა ამაზე პასუხი არ მაქვს. შეცვლით კი იმას შევცვლიდი, რომ უდანაშაულო ხალხის სიკვდილს არ დავუშვებდი.მათ შორის ჩემი პატარას.-ხმა აუკანკალდა.
ცოტა ხანი ორივე გავჩუმდით. ბოლოს ვეღარ მოვითმინე და დავარღვიე დუმილი.
-შენი პატარა… თვითონაც პატარა იყავი იმისთვის რაც გადაიტანე.- ახლა უკვე მე გამერია ხმაში ტირილი.
გეგა ჩემს წინ დადგა, ზემოდან დამხედა, თავზე ხელი გადამისვა და გამიღიმა.
-რატომ ტირი იმის გამო რასაც აღარაფერი ეშველება? მითუმეტეს უცნობი ადამიანების გამო?- თბილი ხმით მკითხა.
-იმიტომ, რომ ეს მოხდა. იმიტომ, რომ არ ვიცი რატომ მოხდა და კიდევ იმიტომ რომ ჩემთვის ასეთ შემთხვევაში უცხო ადამიანი არ არსებობს. ისევე მტკივა, როგორც თქვენ ყველას.
-მაგას მაინც ნუ იტყვი. შენ არც კი იცი ეს რა არის.
-შეიძლება. იცი, კიდევ მინდოდა მეკითხა რაღაც.
-მაინც რა?
-რატომ არ წამოვიდა ირაკლი ჩარკვიანი თქვენთან ერთად?
გეგას თბილად გაეღიმა.
-ირაკლი ყველა ჩვენგანზე ჭკვიანი აღმოჩნდა, თანაც მას სხვა მიზანი ჰქონდა.
-მაინც რა მიზანი?
-უნდოდა ზღვა გადაეცურა.-ფიქრებში წასულმა მიპასუხა.

-სიმღერით?-ტურაშვილის “ჯინსების თაობა” გამახსენდა.
-ხო. სიმღერით და ამაში ხელს ვერავინ შეუშლიდა.
-ასე რატომ გგონია?
-იმიტომ რომ ირაკლი ჩარკვიანი იყო.
ავდექი და ფანჯარაში გავიხედე.
-გეგა, თინაზეც მინდოდა მეთქვა რაღაც.
პასუხი არავინ გამცა. შემოვტრიალდი.. ოთახი ცარიელი დამხვდა…
Like this:
One blogger likes this post.