Category Archives: წვიმა

მე მოსაწყენი გრაფინია ვარ

მე მოსაწყენი და ერთფეროვანი გოგო ვარ.
რატომ? ჩამოვთვლი მიზეზებს.


მე არ ვცდილობ ახალგაცნობილი ბიჭის მოხიბვლას (შებმას) განსაკუთრებული მეთოდებით, საერთოდ არ ვცდილობ პრინციპში.მე ნაკლებად  ვლაპარაკობ ინტიმურ და პიკანტურ თემებზე საჯაროდ, არც მეგობრებთან და საერთოდ არავისთან.

ყველაფერი მწყინს და მერე ვტირი. ისე ხშირად რომ დაიღლება ადამიანი ჩემი ყურებით.
მინდა, რომ სულ მაქებდნენ. არ მიყვარს როცა ჩემში რამე ნაკლს პოულობენ და მითითებენ. ვიცი რომ ჯანსაღი კრიტიკა კარგია, მაგრამ უსიამოვნოა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ არ ვიღებ მას.

კატასავით ვარ, მიყვარს, როცა მეფერებიან და თავზე ხელს მისმევენ, მაგრამ სამწუხაროდ ყოველთვის ასე არ ხდება და ეს ფაქტიც ცუდ ხასიათზე მაყენებს.

არ ჩავდივარ სიგიჟეებს. პირიქით, ამ ბოლო დროს ძალიან გაწონასწორებული გავხდი. მაგალიTისთვის არასოდეს მიცეკვია ქუჩაში, განსაკუთრებით მაშინ თუ ბევრი ხალხია. თუმცა წვიმის დროს გუბეებში ვჭყაპუნობ ხოლმე, მაგრამ ვერავინ მხედავს :)  დიდი სურვილი მაქვს იმის, რომ თუნდაც ერთხელ რამე ასეთი სისულელე გავაკეთო და არ ვიფიქრო შედეგზე, მოვეშვა, თორემ ნაადრევად დაბერებული მგონია ჩემი თავი.
მიყვარს კითხვა, კინო, მუსიკა და მხატვრობა. არა, ეს ძალიან კარგია, მაგრამ ვცდილობ ყველას ამ თემებზე ველაპარაკო და ზოგჯერ უხერხულ მდგომარეობაში ვაგდებ ადამიანებს და ხშირად ისინი “გამირბიან”.  ნუ, ეს ჩემი ბრალია, როგორც სხვა დანარჩენი.


მიყვარს სევდიანი მუსიკის მოსმენა, განსაკუთრებით მაშინ თუ ცუდ ხასიათზე ვარ. არადა პირიქით არ უნდა იყოს? უფრო მხიარულს არ უნდა ვუსმენდე? ყველა ნაბიჯს ძალიან ვუკვირდები და არ ვმოქმედებ ექსპრომტად. მოსაბეზრებელია. მარტო ყოფნა შემიყვარდა. უფრო მეტს ვფიქრობ, უფრო თავისუფლად ვარ და თავსაც კარგად ვგრძნობ, მაგრამ… ესეც მოსაწყენია სულ ვიცინი, მთელი დღის განმავლობაში, მაგრამ ეს სიცილიც არ არის გულიდან წამოსული და ძალდატანებითია. 
და ბოლოს, მივხვდი რომ ასე ცხოვრება მომბეზრდა, ყველაფერი ერთფეროვანია და დროა რაღაც შევცვალო, მაგრამ არ ვიცი რით დავიწყო. ჰოო დეპრესიაში ვარ მე მგონი და არც თმის შეჭრამ მიშველა. სანამ მოვიფიქრებ რა ვქნა და რით გავხალისდე მანამდე ისევ ასე ყოფნას გავაგრძელებ.p.s. ეს პოსტი იმისთვის არ დამიწერია, რომ შემაქოთ, მართლა :D

ჩემი ზაფხული (რაღაც დღიურისმაგვარი)

 გამოცდებს მოვრჩი და 1 კვირაში წავედი სოფელში. ჩემი სოფელი ჭიათურაშია, დარკვეთი. 

დარკვეთის ტბა

      იქ ყოფნის პერიოდში ვიგებდი მიღებულ ქულებს. ყველამ დამაკმაყოფილა მათემატიკის გარდა.

 მერე ჩემი გოგოები ჩამოვიდნენ, ოთხივე ♥. იცით როგორ მიხაროდა? ჩამოსვლამდე დღეებს ვითვლიდი და ბოლოს, როგორც იქნა ჩამოვიდნენ. ისინი ხომ ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან, ბავშვობის… ყველაზე სანდო და კარგი ♥

        1 კვირით დარჩნენ. სულ ცუდი ამინდები დაემთხვა, მაგრამ მთავარია ერთად ვიყავით.  ყოველ “დილით” 1-ლზე ან 2-ზე ვდგებოდით, ვსაუზმობდით, თან ცოტას ვსვამდით და ვლაპარაკობდით. ამასაობაში მოსაღამოვდებოდა და ან ტბაზე გადავდიოდით ან წყაროზე. მერე ისევ სახლში ვბრუნდებოდით, ვჭამდით და ეგრედწოდებულ ბირჟაზე ავდიოდით :) გაიცნეს ბევრი ვიღაც. ზოგი მოეწონათ, ზოგი-არა. მაგრამ ასეა თუ ისე მგონი გაერთნენ.

ისევ ტბაზე :)

             სახლში გვიან ვბრუნდებოდით და გვიან ღამემდე არ გვეძინა, ძირითადად ვლაპარაკობდით, ვიცინოდით… საბაგიროთი გავისეირნეთ. ამისათვის  ცოტა დიდი მანძილის გავლა დაგვჭირდა, მაგრამ  არც ეს დაგვზარებია. აი, ეს საბაგიროზე :

ანი გვაკლია. იღებდა :)

უსიამოვნო ინციდენტებიც მოხდა, მაგრამ არ მინდა გახსენება. მთლიანობაში კარგი იყო მგონი.

ჰოო კიდევ ბებიები და ბაბუა გავაცანი. ბაბუაჩემი ძალიან  სასაცილო ვიღაც არის  და შეუმჩნეველი არ დარჩენიათ. ბებიაჩემიც ძალიან ხუმარაა და ასე ერთად გავერთეთ :)

დადგა დარკვეთიდან წასვლის დღეც. რა თქმა უნდა არ მინდოდა წასულიყვნენ. მთელი 1 კვირა ერთად ვცხოვრობდით და მივეჩვიე მათთან ერთად დაძინებასაც და გაღვიძებასაც. წავიდნენ და მომენატრნენ მალევე, მაგრამ მე რა ვიცოდი უკეთესი თუ მელოდა წინ?!

         23 აგვისტოს ანის დაბადების დღე იყო და ვაპირებდი სიურპრიზი გამეკეთებინა და მის სოფელში ჩავსულიყავი, თან ყველანი იქ იქნებოდნენ.

 მაგრამ გამოჩნდა რაღაც პრობლემები და 23-ში ვერ ჩავედი და ვერც სიურპრიზი გავუკეთე. სამაგიეროდ 25-ში მაინც ჩავედი სოფელ ძალისში :)  

ანის ბიძაშვილიც იქ დამხვდა 

თემო, თემუკა, თემირა, თემკა, თემჩო :) :)

რა თქმა უნდა ჩემი ჩამოსვლა აღნიშნეს. :) საღამოს გარეთ გავწანწალდით. მეორე დღე წვიმიანი გათენდა, მაგრამ გადაწყვეტილი გვქონდა ვაჩილაზე ასვლა. ვაჩილა მთაა და ანის სახლიდან საკმაოდ შორს არის. ციოდა… მე თბილი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი არ მქონდა წაღებული  და აი როგორ წავედი :)  

      ვაჩილაზე  ქათმის მწვადი შევწვით. იხილეთ ზემოთ არსებულ ფოტოზე :) აქ მომხდარზე აღარ შევჩერდები იმდენია, მაგრამ ერთი უნდა აღინიშნოს რომ იქედან გვიან ღამით, თავსხმა წვიმაში წამოვედით და გაუბედურებულმა მივაღწიე სახლში. მიუხედავად ამისა მაინც კარგად მაგონდება :)

      ძალისში ყოფნის მომდევნო დღეებიც ძალიან მხიარულად გავატარეთ, ყოველდღე დროსტარება და ქეიფი იყო :) არასოდეს დამავიწყდება! ისე შევეჩვიე მათთან ერთად ცხოვრებას რომ რაც ჩამოვედი ვეღარ ვძლებ მათ გარეშე და მგონი ყოველდღე ვნახულობ. 

      29-ში დილით ძალისიდან წამოვედით, ეს დღე იმითაც იყო გამორჩეული, რომ გავიგებდი პასუხს სად ჩავირიცხე ეროვნული გამოცდების შემდეგ. ჩემმა ორმა მეგობარმა გზაშივე გაიგო, რომ პირველივეზე, ჯავახიშვილში მოხვდნენ. მე სული კბილით მეჭირა ისე ვნერვიულობდი. გაზეთის ყიდვა ვერ მოვახერხე და მერე სახლიდან გასვლაც მეზარებოდა, ამიტომ 11 საათს უნდა დავლოდებოდი, რომ ინტერნეტში დაედოთ პასუხები. სახლში მისული მაშინვე კომპიუტერს მივვარდი და გავხსენი Naec.ge. არადა ჯერ მხოლოდ 10 საათი იყო, შესაბამისად არანაირი სიახლე არ დამხვდა. მერე   Facebook ჩავრთე. დედაჩემი გაოგნებული მიყურებდა :) და დამხვდა მესიჯი .

ეს იყო შოკი. გავგიჟდი სიხარულისგან. თან მათემატიკის ქულის შემდეგ ჯავახიშვილში მოხვედრას საერთოდ არ ველოდებოდი და გამიმართლა.

 დღეს 3 სექტემბერია და ზუსტად ერთი თვე მაქვს უსაქმურობისთვის, ამიტომ გპირდებით (ოღონდ მართლა) ბევრ რამეს დავწერ. დაწყებაა რთული თორემ მერე ადვილია ;)

აბდაუბდა

    გამოცდების მოახლოებასთან ერთად იმატა ნერვულმა დაძაბულობამ. ეს წელი ხომ კოშმარი იყო ჩემთვის ყველანაირი გაგებით.
     2 კვირა დარჩა ეროვნულებამდე და მე წიგნებს გულს საერთოდ ვეღარ ვუდებ, მასწავლებლებს ვაგიჟებ და ოჯახის წევრებს ნერვებს ვუშლი. ყველაფერი მეზარება უკვე, დედაჩემის ჩხუბის მოსმენაც, რომ 2 კვირაში გამოცდები მაქვს და მე ვუსაქმურობ.
     ყველაფერი ნერვებს მიშლის. არადა დღეს ვაპირებდი რამე მსუბუქი ფილმის გადმოწერას, მაგრამ ვინ გაცადა. ყველაფერი ჩემს წინააღმდეგაა.
     ”აივენჰოს” წაკითხვა დავიწყე და 2 დღეში 10 გვერდს ვერ გავცდი.
       დღეს ხომ საერთოდ, უნარებიდან წამოსულს წვიმამ მომისწრო და გავილუმპე და გავცივდი. ცურვით ძლივს მივაღწიე სახლამდე, მანამდე დაქალთან ვაფარებდი თავს.
     წუხელ “აგვისტოს 5 დღეს” ვუყურე და დავითრგუნე. ყველა რუსი და ოსი ჯარისკაცი შემზიზღდა, თან გამახსენდა 2008 წლის ზაფხული და ყველაფერი თავიდან განვიცადე. რატომღაც უმეტესობას არ მოსწონს ეს ფილმი, მაგრამ გემოვნებაზე დავა არ ღირს. მიუხედავად იმისა, რომ დიდი მხატვრული ღირებულების მქონე ფილმი არ არის, ძალიან იმოქმედა ყველაფერმა. სხვათაშორის ბევრი ვიტირე რომ გამახსენდა რა დღეში ვიყავით ის რამდენიმე დღე, თანაც მამაჩემის და ბიძაჩემის გადამკიდე ცუდ დღეში იყო ჩემი ოჯახი.
        რაებს მივედ-მოვედე…
       ხვალ პლასტიკური უნდა ავიღო, სადაც ეწერება სად მომიწევს გამოცდების ჩაბარება. იმედია სასოფლოში არა, თორემ რა მიაღწევს იქამდე. კიდევ ერთი მიზეზი იქნება გასაბრაზებლად.
       აი ახლა ვხვდები, რომ რაღაც მჭირდება და ვერ ვხვდები რა. თუ თქვენ იცით მითხარით. ოღონდ ძილი არ გამაგონოთ!
      ჩემი ერთადერთი სიხარული ტკბილეული

და ჩემი ახალი კაბაა, რომელიც ამას ჰგავს,ოღონდ ჩემსას მკლავები არ აქვს ^^

   

მიყვარს, არ მიყვარს, მიყვარს, არ მიყვარს…

    საკმაოდ დიდი ხნის წინ, ჯერ კიდევ მაშინ ბლოგი ახალი შექმნილი რომ მქონდა, დიტოს ბლოგზე ვნახე პოსტი მე-”ამელი”-ს სტილში. როგორც კი წავიკითხე მაშინვე გავიფიქრე ეს მეც უნდა დავწერო-მეთქი… არა, იდეების ნაკლებობას არ ვუჩივი, უბრალოდ ეს ფილმი (ბლოგიც) იმდენად ახლობელი და იმდენად ჩემია, რომ სხვანაირად არ შეიძლება!!!
     სალის უყვარს:
  1. გვიან დაძინება.
  2. დილის ძილი.
  3. გვიან ღამით ყველას რომ სძინავს წიგნის კითხვა, ან ფილმის ყურება.
  4. ზაფხულში ღამით აივანზე ჯდომა, ან/და დილით ადრე გაღვიძება და გამვლელების მძინარე სახეების ყურება.
  5. სტუმრად ყოფნისას წიგნების კარადის დათვალიერება.
  6. ძველ ნივთებში ქექვა.
  7. იასამანი!
  8. ძველი ფოტოების დათვალიერება.
  9. ჰამაკში წიგნის კითხვა, ან ძილი.
  10. ფეხით სიარული.
  11. ზაფხულის წვიმა.
  12. გვიანობამდე სეირნობა.
  13. ბალი.
  14. ნაყინიანი მარწყვი.
  15. ფეხებაკეცილი ჯდომა.
  16. თითების წვალება.
  17. კოვზით ყავის  ჭამა.
  18. თმაზე მოფერება.
  19. სახლში მარტო ყოფნა.
  20. საპნის ბუშტების გაბერვა.
  21. ტუჩების ენით დასველება.
  22. ავტობუსში უკან ჯდომა..
  23. .დაბრაწული კარტოფილი.
  24. თმა რომ შიშველ მხრებზე ეხება.
  25. კატა რომ ფეხზე ეხება.
  26. ძაღლის სველი ცხვირი.
  27. გულაღმა წოლა და ბალიშის სახეზე დაფარება (ეს დღემდე გაუგებარია რატომ მიყვარს).
  28. საყურის წვალება.
  29. მეტროში მგზავრების ფეხსაცმელების დათვალიერება.
  30. თმის ფანქრით, ან პასტით დამაგრება.
  31. წვიმაში ძილი.
  32. ცივ ამინდში რძიანი ყავით კომპიუტერთან ჯდომა.
  33. თოვლის ჭრაჭუნის ხმა.
  34. სახურავზე ჯდომა (იშვიათად ხდება ეს სამწუხაროდ).
  35. ლამაზ თითებში სიგარეტი.
  36. იან ტიერსენის თვალებდახუჭული და სკამის ზურგზე გადაწოლილი მოსმენა.

  სალის არ უყვარს :

  1. ხელგადახვეული სიარული.
  2. თასმიანი ფეხსაცმელი.
  3. ლუდის სუნი.
  4. დილით რომ უმიზეზოდ აღვიძებენ.
  5. სახლის ტელეფონის ხმა.
  6. დაჟინებით რომ აკვირდებიან.
  7. ვიღაც რომ ნერვიულად აბაკუნებს ფეხს, ან აკაკუნებს თითებს მაგიდაზე.
  8. სიცხეში სიარული.
  9. ჩანგლის კბილზე / თეფშზე გასმის ხმა.
  10. პოლიტიკაზე ლაპარაკი.
  11. მინებჩალეწილი შენობები.
  12. კომედიური ფილმები და ამერიკული “ჰეფი ენდები”
  13. ომის კადრების ყურება.
  14. “პროფილი” და “Face კონტროლი”.
  15. თურქული “კლეჩატი” შარფი (ერთი პერიოდი ყველას რომ ეკეთა).
  16. ქუჩაში ნაგავი………………………
  17. მესაკუთრე ადამიანები.
  18. YveLazE DzeRskE NaroDeeEee, YveLaZe DauviWyRebEeeeE, YvelAze MagaRe XalxEee!!!
  19. კედლებზე მიწერილი სახელები,
  20. ტაძრების ქვებზე მიწერილი “აქ იყო ვიღაცა 8748374 წელს”.
  21. ხეზე ამოკაწრული გულები.
  22. ქუჩაში მოღუშული სახეები.
  23. უზრდელები, ცივები, უყურადღებოები…
  24. “შენ ჩემი დაიკო ხარ”!
  25. უხერხული სიტუაციები.
  26. მიცემული პირობის არ შესრულება (გადაგდება).
  27. ბლოგზე რომ შემოდის და ახალი კომენტარები არ ხვდება. :დ
  28. წელში გამართული ჯდომა.
  29. კითხვას რომ აწყვეტინებენ.
  30. საღამოს პარკში გავლა.
  31. მათემატიკის ამოცანების ამოხსნისას რომელიმეში გაჭედვა.
  32. “დიდი გოგო ხარ უკვე” (არ ვარ!)
  33. გეგმების არევა.
  34. მოუწესრიგებელი სიტუაციები დ აყველაფრის არევ-დარევა.
  35. დაულაგებელი სახლი.
  36. როცა აშინებენ (ზოგიერთის გასაგონად ეს! :დ)
  37. ლოდინი.
ჯერჯერობით სულ ეს არის, თუ რამე გამახსენდა მივამატებ. არადა გასახსენებელი კიდევ ბევრია! 

წვიმა

   

  დღეს 2 ივნისია, ზაფხულის მეორე დღე. საშინლად კარგად წვიმის გარეთ, ივნისში რომ იცის ისე. ჩქარი და შხაპუნა წვიმა, ისეთი გარეთ გასვლას და გუბეებში ჭყაპუნს რომ მოგანდომებს. როგორ მიყვარს ასეთ დროს ფანჯრიდან გამვლელების ყურება, სწრაფი ნაბიჯებით რომ გარბიან სახლებისკენ და მოჩვენებითი სერიოზულობით ცდილობენ ეს აჩქარება დაფარონ, რათა თავი სასაცილო მდგომარეობაში არ ჩაიგდონ. არადა ამ დროს უფრო სასაცილოები არიან. ასეთ ამინდში აივანზე დგომა და წვიმაში ხელების გაშვერაც მიყვარს. წვეთები რომ სწრაფად ეცემიან ხელისგულებზე და ვიწუწები…  აივანზე კარადაზე ჩიტები იბუზებიან და ჩემს დანახვაზე არ ფრთხებიან, რადგან ყურადღებას დიდად არც ვაქცევ მათ, ჩემთვის ვერთობი.  

მინდა თუ არ მინდა მაინც მომიწევს გარეთ გასვლა და დასველება. ქოლგას თან არ წავიღებ, არ მიყვარს, ზამთარშიც კი არ დამაქვს თან.  ამ დროს არ ავჩქარდები და ნელა ვივლი, რომ დავსველდე ზაფხულის წვიმით, თუ ავჩქარდი არ დავმალავ ამას…

წვიმიან ამინდში ყვავილებს მოვრწყავ პეპი გრძელიწინდასავით.