Category Archives: ჭყაპუნი

მე მოსაწყენი გრაფინია ვარ

მე მოსაწყენი და ერთფეროვანი გოგო ვარ.
რატომ? ჩამოვთვლი მიზეზებს.


მე არ ვცდილობ ახალგაცნობილი ბიჭის მოხიბვლას (შებმას) განსაკუთრებული მეთოდებით, საერთოდ არ ვცდილობ პრინციპში.მე ნაკლებად  ვლაპარაკობ ინტიმურ და პიკანტურ თემებზე საჯაროდ, არც მეგობრებთან და საერთოდ არავისთან.

ყველაფერი მწყინს და მერე ვტირი. ისე ხშირად რომ დაიღლება ადამიანი ჩემი ყურებით.
მინდა, რომ სულ მაქებდნენ. არ მიყვარს როცა ჩემში რამე ნაკლს პოულობენ და მითითებენ. ვიცი რომ ჯანსაღი კრიტიკა კარგია, მაგრამ უსიამოვნოა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ არ ვიღებ მას.

კატასავით ვარ, მიყვარს, როცა მეფერებიან და თავზე ხელს მისმევენ, მაგრამ სამწუხაროდ ყოველთვის ასე არ ხდება და ეს ფაქტიც ცუდ ხასიათზე მაყენებს.

არ ჩავდივარ სიგიჟეებს. პირიქით, ამ ბოლო დროს ძალიან გაწონასწორებული გავხდი. მაგალიTისთვის არასოდეს მიცეკვია ქუჩაში, განსაკუთრებით მაშინ თუ ბევრი ხალხია. თუმცა წვიმის დროს გუბეებში ვჭყაპუნობ ხოლმე, მაგრამ ვერავინ მხედავს :)  დიდი სურვილი მაქვს იმის, რომ თუნდაც ერთხელ რამე ასეთი სისულელე გავაკეთო და არ ვიფიქრო შედეგზე, მოვეშვა, თორემ ნაადრევად დაბერებული მგონია ჩემი თავი.
მიყვარს კითხვა, კინო, მუსიკა და მხატვრობა. არა, ეს ძალიან კარგია, მაგრამ ვცდილობ ყველას ამ თემებზე ველაპარაკო და ზოგჯერ უხერხულ მდგომარეობაში ვაგდებ ადამიანებს და ხშირად ისინი “გამირბიან”.  ნუ, ეს ჩემი ბრალია, როგორც სხვა დანარჩენი.


მიყვარს სევდიანი მუსიკის მოსმენა, განსაკუთრებით მაშინ თუ ცუდ ხასიათზე ვარ. არადა პირიქით არ უნდა იყოს? უფრო მხიარულს არ უნდა ვუსმენდე? ყველა ნაბიჯს ძალიან ვუკვირდები და არ ვმოქმედებ ექსპრომტად. მოსაბეზრებელია. მარტო ყოფნა შემიყვარდა. უფრო მეტს ვფიქრობ, უფრო თავისუფლად ვარ და თავსაც კარგად ვგრძნობ, მაგრამ… ესეც მოსაწყენია სულ ვიცინი, მთელი დღის განმავლობაში, მაგრამ ეს სიცილიც არ არის გულიდან წამოსული და ძალდატანებითია. 
და ბოლოს, მივხვდი რომ ასე ცხოვრება მომბეზრდა, ყველაფერი ერთფეროვანია და დროა რაღაც შევცვალო, მაგრამ არ ვიცი რით დავიწყო. ჰოო დეპრესიაში ვარ მე მგონი და არც თმის შეჭრამ მიშველა. სანამ მოვიფიქრებ რა ვქნა და რით გავხალისდე მანამდე ისევ ასე ყოფნას გავაგრძელებ.p.s. ეს პოსტი იმისთვის არ დამიწერია, რომ შემაქოთ, მართლა :D

აბდაუბდა

    გამოცდების მოახლოებასთან ერთად იმატა ნერვულმა დაძაბულობამ. ეს წელი ხომ კოშმარი იყო ჩემთვის ყველანაირი გაგებით.
     2 კვირა დარჩა ეროვნულებამდე და მე წიგნებს გულს საერთოდ ვეღარ ვუდებ, მასწავლებლებს ვაგიჟებ და ოჯახის წევრებს ნერვებს ვუშლი. ყველაფერი მეზარება უკვე, დედაჩემის ჩხუბის მოსმენაც, რომ 2 კვირაში გამოცდები მაქვს და მე ვუსაქმურობ.
     ყველაფერი ნერვებს მიშლის. არადა დღეს ვაპირებდი რამე მსუბუქი ფილმის გადმოწერას, მაგრამ ვინ გაცადა. ყველაფერი ჩემს წინააღმდეგაა.
     ”აივენჰოს” წაკითხვა დავიწყე და 2 დღეში 10 გვერდს ვერ გავცდი.
       დღეს ხომ საერთოდ, უნარებიდან წამოსულს წვიმამ მომისწრო და გავილუმპე და გავცივდი. ცურვით ძლივს მივაღწიე სახლამდე, მანამდე დაქალთან ვაფარებდი თავს.
     წუხელ “აგვისტოს 5 დღეს” ვუყურე და დავითრგუნე. ყველა რუსი და ოსი ჯარისკაცი შემზიზღდა, თან გამახსენდა 2008 წლის ზაფხული და ყველაფერი თავიდან განვიცადე. რატომღაც უმეტესობას არ მოსწონს ეს ფილმი, მაგრამ გემოვნებაზე დავა არ ღირს. მიუხედავად იმისა, რომ დიდი მხატვრული ღირებულების მქონე ფილმი არ არის, ძალიან იმოქმედა ყველაფერმა. სხვათაშორის ბევრი ვიტირე რომ გამახსენდა რა დღეში ვიყავით ის რამდენიმე დღე, თანაც მამაჩემის და ბიძაჩემის გადამკიდე ცუდ დღეში იყო ჩემი ოჯახი.
        რაებს მივედ-მოვედე…
       ხვალ პლასტიკური უნდა ავიღო, სადაც ეწერება სად მომიწევს გამოცდების ჩაბარება. იმედია სასოფლოში არა, თორემ რა მიაღწევს იქამდე. კიდევ ერთი მიზეზი იქნება გასაბრაზებლად.
       აი ახლა ვხვდები, რომ რაღაც მჭირდება და ვერ ვხვდები რა. თუ თქვენ იცით მითხარით. ოღონდ ძილი არ გამაგონოთ!
      ჩემი ერთადერთი სიხარული ტკბილეული

და ჩემი ახალი კაბაა, რომელიც ამას ჰგავს,ოღონდ ჩემსას მკლავები არ აქვს ^^

   

წვიმა

   

  დღეს 2 ივნისია, ზაფხულის მეორე დღე. საშინლად კარგად წვიმის გარეთ, ივნისში რომ იცის ისე. ჩქარი და შხაპუნა წვიმა, ისეთი გარეთ გასვლას და გუბეებში ჭყაპუნს რომ მოგანდომებს. როგორ მიყვარს ასეთ დროს ფანჯრიდან გამვლელების ყურება, სწრაფი ნაბიჯებით რომ გარბიან სახლებისკენ და მოჩვენებითი სერიოზულობით ცდილობენ ეს აჩქარება დაფარონ, რათა თავი სასაცილო მდგომარეობაში არ ჩაიგდონ. არადა ამ დროს უფრო სასაცილოები არიან. ასეთ ამინდში აივანზე დგომა და წვიმაში ხელების გაშვერაც მიყვარს. წვეთები რომ სწრაფად ეცემიან ხელისგულებზე და ვიწუწები…  აივანზე კარადაზე ჩიტები იბუზებიან და ჩემს დანახვაზე არ ფრთხებიან, რადგან ყურადღებას დიდად არც ვაქცევ მათ, ჩემთვის ვერთობი.  

მინდა თუ არ მინდა მაინც მომიწევს გარეთ გასვლა და დასველება. ქოლგას თან არ წავიღებ, არ მიყვარს, ზამთარშიც კი არ დამაქვს თან.  ამ დროს არ ავჩქარდები და ნელა ვივლი, რომ დავსველდე ზაფხულის წვიმით, თუ ავჩქარდი არ დავმალავ ამას…

წვიმიან ამინდში ყვავილებს მოვრწყავ პეპი გრძელიწინდასავით.