1955 წელს აშშ-ში ქართველი ემიგრანტების რიცხვი 300-ს არ აჭარბებდა, თუმცა ამ მცირე დიასპორამ გავლენა იქონია ამერიკის სამხედრო თუ სამოქალაქო ცხოვრებაზე. ჩემი აზრით მათგან ყველაზე დასამახსოვრებელი 5 ადამიანია, რომლებმაც შეიძლება ითქვას თავიანთ სფეროებში უდიდეს წარმატებას მიაღწიეს. მათ ამერიკას 5 დარგი შუქმნეს: ალექსანდრე ქართველიშვილი (ალექსანდ ქართველ) -სამხედრო ავიაცია, გიორგი ბალანჩივაძე (ჯორჯ ბალანჩინი)- ბალეტი, გრიგოლ კობახიძე (ჯორჯ კობი)- სამედიცინო მინისა და ნაძვის ხის მინის სანთლებისა და სათამაშოების მრეწველობა, გიორგი მაჩაბელი (პრინცი მაჩაბელი)- პარფიუმერია.

ამჯერად მხოლოდ გიორგი მაჩაბელზე მოგაწვდით მცირე ინფორმაციას… ის მე-20 საუკუნის ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე და დიპლომატი იყო.გოგონებს ალბათ უნახავთ პარფიუმერია წარწერით Prince Matchabelli. კატალოგებსა და ინტერნეტმაღაზიებში კი თვალს მოგტაცებთ ულამაზესი ჯვრიანი ფლაკონები. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრისთვის უცნობია ამ ფირმის დამაარსებლის ვინაობა. მისი ფუძემდებელი შექსპირის მთარგმნელ ივანე მაჩაბლის ძმა, გიორგი მაჩაბელია. ის 1885 წელს დაიბადა და სათავადაზნაურო გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ბერლინში გაემგზავრა, სამთო აკადემია დაასრულა და მსოფლიოს გარშემო სამოგზაუროდ გაემართა. მან შვედეთში გაიცნო იტალიელი მსახიობი მარია კარმი( ნორინა ჯილი), რომელიც შეუყვარდა. გიორგიმ მარიას სიყვარული იმით დაამტკიცა, რომ მცირე დროში შეისწავლა იტალიური და მალე იტალიელთა სიძეც გახდა. თუმცა სიცოცხლის ბოლომდე თავგადაკლულ ნაციონალისტად დარჩა. ევროპაში ცხოვრების პერიოდში ის აქტიურად იყო ჩაბმული საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებში, ასრულებდა ყველაზე სახიფათო და საიდუმლო დავალებებს
1-ლი მსოფლიო ომის დროს გიორგი ბელგიაში იმყოფებოდა. მან გენერალ-გუბერნატორ ფონდერ ჰოლცს გერმანიის დახმარებით საქართველოს გათავისუფლების ისეთი გეგმა გააცნო, რომ მცირე ხანში შეთანხმებაც დაიდო- დამოუკიდებლობის გამოცხადების შემთხვევაში გერმანია გარანტად დაუდგებოდა საქართველოს და დაიცავდა, ოსმალეთი კი აღიარებდა მის ისტორიულ საზღვრებს. მაჩაბელი აზერბაიჯანსა და ჩრდილოეთ კავკასიასაც დაუკავშირდა. მერე მონატრებული ძმის, ივანეს, სანახავად და საქმეების მოსაგვარებლად პეტერბურგში ჩავიდა. თუმცა მისი ფოტოსურათები ყველგან იყო დაგზავნილი. როგორც გერმანიის აგენტის.
გიორგი იყო გერმანელი პრინცის იოახიმისა და ქართველი პრინცესას დაქორწინებით მონარქიის აღდგენის მომხრე. პრინცესას კანდიდატიც შერჩეული ჰყავდა- საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრის მიხეილ მაჩაბლის ულამაზესი ასული მარინე. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს სახელმწიფო აღდგა, როგორც დემოკრატიული რესპუბლიკა და ეს საკითხი აღარც დასმულა.
დამოუკიდებლობის წლებში (1918-1921) გიორგი მაჩაბელი იყო იტალიაში საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი. ოკუპაციის შემდეგ უსახსროდ დარჩენილი ოჯახის ფეხზე წამოსაყენებლად მისი მეუღლე, მარია, სცენას დაუბრუნდა. ამერიკელმა რეჟისორმა მორის გეტმა დადგა სპექტაკლი “სასწაული”, რომლის წარმატებაც იმდენად დიდი იყო, რომ სპექტაკლი ათასჯერ წარმოადგინეს.

1922 წელს გიორგი მაჩაბელიც გადასახლდა ამერიკაში. 2 წლის შემდეგ ნიუ-იორკში გახსნა ანტიკვარული მაღაზია ” Red and Black” და სახელი მალევე მოიხვეჭა . ის არ ივიწყებდა ძველ გატაცებას, სუნამოების შეზავებას. მის კლიენტებს ანტიკვარიატზე მეტად სუნამოები აინტერესებდათ, ამიტომაც პარიზის ერთ-ერთ პარფიუმერულ მაღაზიაში მუშაობის გამოცდილების შემდეგ 1926 წელს გახსნა საკუთარი კომპანია, რომელმაც დიდი წარმატებს მიაღწია. გიორგი თავად ამზადებდა სუნამოებს და რეკლამასა და გაფორმებაზეც თვითონვე ზრუნავდა.მაჩაბლების საგვარეულო გერბზე გამოსახული სამეფო გვირგვინის გამოყენება გაფორმებისათვის ყველაზე იღბლიანი აღმოჩნდა. პირველი სუნამო ეძღვნებოდა საქართველოს არშემდგარ დედოფალ მარინე მაჩაბელს. მას ერქვა “საქართველოს დედოფალი”. ამ სუნამომ დიდი აღიარება მოიპოვა.
მეორე სუნამო მეუღლეს მიუძღვნა. “პრინცესა ნორინამ” ამერიკული საზოგადოების აღფრთოვანება გამოიწვია. არაჩვეულებრივი რეკლამები, რომელსაც გიორგი აკეთებდა პოპულარობას უზრდიდა Prince Matchabell-ს. მალე გიორგიმ “მაჩაბლის გვირგვინები” მთელ ამერიკას მოსდო. ათ წელიწადში მაჩაბელმა არამარტო მილიონდოლარიანი ბიზნესი შექმნა უბრალო გატაცებიდან, არამედ ნოვატორიც გახდა.
აშშ-ს ჯერ კიდევ არ გააჩნდა საკუთარი პარფიუმერული ბიზნესი. რაც მზადდებოდა ფრნაგული პროდუქციის ცუდი ასლები იყო და ისიც ძალიან ძვირი ჯდებოდა. ასე რომ გიორგიმ შეავსო ის სიცარიელე, რაც ამ დროს არსებობდა ამერიკულ პარფიუმერულ წარმოებაში.
ბიზნესს იგი საზოგადოებრივი საქმიანობისთვის არ ჩამოუშორებია. ის იყო ამერიკაში ქართული სათვისტომოს დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი, მისი თავმჯდომარე, ხაზინადარი. ის დიდ დახმარებას უწევდა სათვისტომოსა და ყველა გაჭირვებულ ქართველს.
1935 წლის მარტში ფილიალების გასახსნელად კალიფორნიასა და შანხაიში იმოგზაურა. გზაში გაცივდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს პნევმონიას უკვე კარგად მკურნალობდნენ, მისი გადარჩენა ვერ შეძლეს და 1 კვირაში გარდაიცვალა.
ფირმა Prince Matchabelli კონექტიკუტის შტატში დღემდე არსებობს, როგორც მსოფლიოს ცნობილი საპარფიუმერო საწარმო. პროდუქცია, რომელსაც იგი უშვებს მისი დამფუძნებლის სახელითა და რეცეპტით გამოდის. მისი საფირმო ნიშანიც იგივეა. ქართულჯვრიანი სამეფო ოქროს გვირგვინი.
პ.ს. ეს შემეცნებითი ბლოგი არაა, უბრალოდ ამ პიროვნებამ დამაინტერესა
)
Like this:
One blogger likes this post.